ვინ არის ხორხე მასი, მესის ახალი კლუბის მფლობელი მილიარდერი?

ვინ არის ხორხე მასი, მესის ახალი კლუბის მფლობელი მილიარდერი?

გუშინ ლიონელ მესიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერას ამერიკის MLS-ში, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. არგენტინელის დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად კლუბმაც გაავრცელა.

„ინტერ მაიამის“ მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, ამერიკულმა Forbes-მა გადაწყვიტა, კლუბის მთავარი მფლობელი საზოგადოებისთვის უკეთ გაეცნო.

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის მიერ დაფუძნებული „ინტერ მაიამის“ მფლობელები, მასთან ერთად, კუბელ-ამერიკელი ბიზნესმენი ხორხე მასი და მისი ძმა, ხოსე მასი არიან.

Forbes-ის ყურადღების ცენტრში ხორხე მასი მოექცა, რომელიც 2021 წელს „ინტერ მაიამის“ აღმასრულებელი დირექტორი და მმართველო მფლობელი გახდა. 2019 წელს მიცემულ ინტერვიუში მასმა განაცხადა, რომ სურს, მაიამი „ფეხბურთის კარიბჭე იყოს, არა მხოლოდ სამხრეთში, ფლორიდაში, არამედ მთელ ამერიკაში.“ მესის დამატებით, „ინტერ მაიამის“ CEO-ს ამ ოცნების ასრულების დიდი იმედი აქვს.

60 წლის ხორხე მასმა, რომლის ქონებაც Forbes-ის შეფასებით 1.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, სპორტში მოხვედრამდე საკმაოდ გრძელი გზა განვლო. იგი მაიამიში 1963 წელს დაიბადა, სულ რაღაც სამი წლის შემდეგ, რაც მამამისი, ხორხე მას კანოზა მშობლიური კუბიდან ფიდელ კასტროს მთავრობისგან თავის დაღწევის მცდელობისას გაიქცა.

ეს უკანასკნელი კუბის კომუნისტური რეჟიმის მტკიცე მოწინააღმდეგე გახლდათ და აშშ-ში, CIA-ს მიერ გაწვრთნილ, გადასახლებული კუბელებისგან დაკომპლექტებულ ძალებს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ის მონაწილეობდა 1961 წელს ღორების ყურის ოპერაციაში, რომელიც კუბელი დევნილების წარუმატებლობით დასრულდა.

ხორხე მასის ბავშვობის პერიოდში აშშ-ის არმიაში ხანმოკლე მსახურების შემდეგ, მას კანოზა ბიზნესში წავიდა. 1969 წელს მან პუერტო-რიკოში დაფუძნებული სატელეფონო კომპანია, სახელწოდებით Iglesias y Torres-ი შეიძინა, რისთვისაც 50,000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო. მას კანოზამ კომპანიას სახელი შეუცვალა და Church & Tower-ი დაარქვა, იმ იმედით, რომ აშშ-ის ბაზარზე ფეხს უფრო მარტივად მოიკიდებდა.

ხორხემ მამის კომპანიაში მუშაობა 1984 წელს დაიწყო. ამ დროს Church & Tower-ი ძირითადად კაბელების გაყვანასა და სატელეფონო ბოძების მონტაჟზე იყო პასუხისმგებელი. მასმა კომპანია მამისგან 1994 წელს გადაიბარა, გადააკეთა და ახალი სახელი, MasTec-ი შეურჩია. მალე MasTec-ი სამშენებლო სექტორის გიგანტად იქცა, რომელიც ენერგიის, კომუნალური და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მონტაჟს, მშენებლობასა და მოვლას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს MasTec-მა 9.8 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ხორხე მასი კომპანიის აქციების თითქმის 15%-ს ფლობს. MasTec-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, მოცემული დროისთვის, $8.63 მილიარდს უტოლდება. აქედან, მას წილი ამჟამად დაახლოებით 1.2 მილიარდ აშშ დოლარად ფასობს.

გარდა აღნიშნულისა, ხორხე მასი არის კომპანია Neff Rentals-ის თანადამფუძნებელი, რომელიც 1990 წელს დაარსდა. ეს არის სამშენებლო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების გაქირავების ბიზნესი, რომელიც მასმა სამხრეთ ფლორიდის ერთი მაღაზიიდან 80 ფილიალამდე გააფართოვა. თუმცა, 2005 წელს, კომპანია 510 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

რაც შეეხება ხორხე მასის სპორტთან დაახლოებას – ის ამ სფეროში 2018 წელს გამოჩნდა, როდესაც ახლად შექმნილ „ინტერ მაიამის“ მფლობელთა ჯგუფს შეუერთდა. 2021 წელს, მასმა, ძმასთან ერთად, Sprint-ის აღმასრულებელი დირექტორისგან, მარსელო კლორისგან და Softbank-ის CEO-სგან, მასაიოში სონისგან წილი შეისყიდა და კლუბის მთავარი მფლობელი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წლის თებერვალში Forbes-მა „ინტერ მაიამი“ 600 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა, რაც მას MLS-ში მე-11 ყველაზე ძვირად ღირებული კლუბად აქცევს.