მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, ილონ მასკის ლიდერობით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიისთვის მილიონობით დოლარი გაიღეს. მილიარდერთა ნაწილმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვებაც მიულოცა, ნაწილი – მათ შორის ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბერგი, სემ ოლტმენი – ინაუგურაციასაც დაესწრნენ და არიან ისეთებიც, რომელთაც თავიანთი კომპანიის გეგმები ახლა უკვე ტრამპის პოლიტიკას მოარგეს.
წინასაარჩევნო კამპანიებისთვის დონაციების გაღებისა და პრეზიდენტების კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობები არც გასაკვირია და ახალიც ნამდვილად არაა. ამერიკული Forbes-ი ამჯერად მილიარდერთა ისტორიული არჩევანით დაინტერესდა და გადაწყვიტა გაერკვია, ვინ არის, მილიარდერთა აზრით, აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი.
Forbes-ის გამოკითხული 45 მილიარდერიდან დასმულ შეკითხვას მხოლოდ 35-მა რესპონდენტმა უპასუხა. მათგან მხოლოდ ერთმა ანონიმურმა პირმა უწოდა ტრამპს ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი, ხოლო ორმა სხვამ ტრამპის პოლიტიკა პოზიტიურად შეაფასა, თუმცა საუკეთესოდ სხვა დაასახელა.
„მას ჯერ თავისი ვადა არ დაუსრულებია, ამიტომაც „საუკეთესოს ჯერ ვერ ვუწოდებ““, – დაწერა უძრავი ქონების მილიარდერმა დეველოპერმა იგორ ოლენიკოფმა გამოკითხვის საპასუხოდ, თუმცა არც თავისი რჩეული დაუსახელებია. ანალოგიურად, ერთ-ერთმა ანონიმურმა რესპონდენტმა ტრამპი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილა, თუმცა უპასუხა, რომ ჯერ მისი დასახელება ადრეა.
მილიარდერ რესპონდენტთა უმეტესობამ არჩევანი ყოფილი პრეზიდენტების სასარგებლოდ გააკეთა. ათმა რესპონდენტმა აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად რონალდ რეიგანი დაასახელა, რაც გასაკვირი არაა, რადგან რეიგანი მდიდრებისთვის გადასახადის შემცირების მომხრე იყო. რეიგანი აშშ-ის საუკეთესო პრეზიდენტად დაასახელეს დევიდ ჰოფმანმა – ფლორიდის უძრავი ქონების დეველოპერმა, უძრავი ქონების მილიარდერმა ლარი კონორმა და IT-აუტსორსინგის მილიარდერმა რაჯ სარდანამ.
„რეიგანმა კონსერვატიზმის ახალი ეპოქა დაიწყო, რომელიც ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ არსებობდა. ჩინებული კომუნიკატორი, რომელიც ერის უდიდეს თაობას წარმოადგენდა და ორივე მხარეს მოსწონდა“, – წერს ჰოფმანი.
გამოკითხულებიდან 12-მა მილიარდერმა აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად აბრაამ ლინკოლნი დაასახელა. ინდოელმა მილიარდერმა ანურანგ ჯაინმა ლინკოლნი სამოქალაქო ომის დროს გამოჩენილი ლიდერობისა და მონობის გაუქმებისთვის შეაქო.
შედარებისთვის, საინტერესოა, რომ ლინკოლნი აშშ-ის საუკეთესო პრეზიდენტად C-SPAN-ის 2021 წლის გამოკითხვაშიც დასახელდა. კვლევა ყოველ ოთხ წელიწადში ისტორიკოსთა შორის ტარდება. იმავე გამოკითხვით, რეიგანი მეცხრე ადგილზე, ხოლო ტრამპი 41-ე პოზიციაზეა. Sienna College-ის 2022 წლის გამოკითხვაში, ლინკოლნი მეორე იყო, ფრანკლინ რუზველტის შემდეგ, ხოლო რეიგანი მე-18 ადგილს იკავებდა.
ლინკოლნისა და რეიგანის გარდა, ამერიკული Forbes-ის მიერ გამოკითხულმა მილიარდერებმა საუკეთესო პრეზიდენტთა შორის ჯორჯ ვაშინგტონი (3 ხმა), ბილ კლინტონი (2 ხმა) და ბარაკ ობამა (2 ხმა) დაასახელეს. დასახელებულ პრეზიდენტებს შორის თითო-თითო ხმით მოხვდნენ: დუაიტ ეიზენჰაუერი, ჯორჯ ბუში, ფრანკლინ რუზველტი, ჯონ კენედი და დონალდ ტრამპი.