ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მმართველობა, რომელიც 10 წელზე მეტს ითვლის, მოულოდნელად შაბათს, 3 იანვარს დასრულდა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სპეციალური ოპერაციის ძალებმა, ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, მოქმედი პრეზიდენტი, მის მეუღლესთან ერთად, დედაქალაქ კარაკასში აიყვანეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს. მადურო აშშ-ის სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება.
ნიკოლას მადურო, რომელიც აშშ-ის მიერ არალეგიტიმურ მმართველად 2018 წლიდანაა მიჩნეული, 1962 წლის 23 ნოემბერს კარაკასში, მუშათა კლასის ოჯახში დაიბადა. მამამისი, ნიკოლას მადურო გარსია, პროფკავშირის ლიდერი იყო. ხოლო როგორც პრეზიდენტმა მადურომ ერთხელ გაამხილა, ბებია-ბაბუა წარმოშობით სეფარდი ებრაელები იყვნენ, რომელთაც ვენესუელაში ჩასვლისთანავე კათოლიციზმი მიიღეს.
დაუდასტურებელი ცნობებით, მადურო 1980-იან წლებში მარქსისტულ-ლენინისტურ პარტიას, „ვენესუელის სოციალისტურ ლიგას“, შეუერთდა. 24 წლის ასაკში კი, 1986 წელს, ის სოციალისტური ლიგის წარმომადგენლად კუბაში გაგზავნეს, ახალგაზრდა კომუნისტების კავშირის (UJC) მიერ მართულ Escuela Nacional de Cuadros Julio Antonio Mella-ში ერთწლიანი პოლიტიკური ტრენინგის გასავლელად.
იხილეთ ასევე: აშშ-მა კარაკასზე საჰაერო დარტყმები განახორციელა – მადურო დაპატიმრებულია
ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მადურომ კარაკასის მეტროპოლიტენის სისტემაში ავტობუსის მძღოლად დაიწყო მუშაობა. 1990-იანი წლების დასაწყისში კი, ერთ-ერთი პირველი არაფორმალური შრომითი სინდიკატი, SITRAMECA დააარსა. ეს დაახლოებით ის პერიოდია, რა დროსაც არმიის ოფიცერი უგო ჩავესი წარუმატებელ გადატრიალებას ხელმძღვანელობდა.
1990-იანი წლების დასაწყისშივე მადურო MBR-200-ს შეუერთდა – მოძრაობას, რომელმაც 1992 წლის წარუმატებელი გადატრიალების გამო დაკავებული ჩავესის განმათავისუფლებელი კამპანია განაგრძო. ჩავესის შეწყალებისა და გათავისუფლების შემდეგ, 1997 წელს, სოციალისტურ პარტიას – მეხუთე რესპუბლიკის მოძრაობას შეუერთდა. ხოლო 1998 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩავესის გამარჯვების შემდეგ, მადურო ვენესუელის ეროვნულ დამფუძნებელ ასამბლეაში აირჩიეს.
მადურო ჩავესთან ერთად 1999 წელს, ახალი კონსტიტუციის შემუშავებაშიც იღებდა მონაწილეობას. ხოლო ასამბლეაში პრეზიდენტის პოსტზე ყოფნიდან ექვსი წლის თავზე საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 2012 წლის ოქტომბერში მადურო, ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
ჩავესმა მადურო მემკვიდრედ დაასახელა და ის პრეზიდენტად, მცირე უპირატესობით, 2013 წელს აირჩიეს – 58 წლის ასაკში, სიმსივნის დიაგნოზით, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ. მადურომ პრეზიდენტობა ქვეყნიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევებით დაიწყო, ისინი „ისტორიულ მტრებად“ მოიხსენია და ჩავესის მოწამვლაშიც დაადანაშაულა. ხოლო ქვეყნის შიგნით მყოფი ოპოზიციონერები „ფაშისტებად“ შერაცხა და ქვეყნის დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა. რაც შეეხება პირველ ლედის, სილია ფლორესს, რომელიც შაბათს მადუროსთან ერთად დააკავეს, ის, მეუღლის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამდენიმე მაღალ თანამდებობას იკავებდა, მათ შორის გენერალური პროკურორისა და პარლამენტის თავმჯდომარის.
მადურომ ჩავესისგან მემკვიდრეობით მიიღო კონტროლი ქვეყნის ისეთ ძირითად ინსტიტუტებზე, როგორებიცაა სამხედრო ხელმძღვანელობა, სახელმწიფო მედია და უზენაესი სასამართლო. მისმა ადმინისტრაციამ ეკონომიკური კოლაფსიც განიცადა, რომელიც მაღალი ინფლაციითა და ქრონიკური დეფიციტით გამოირჩეოდა. ცნობისთვის, 2014 წლის შემდეგ, ქვეყანა 7.7 მილიონმა ვენესუელელმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 20%-ია. ქვეყნის დატოვების მიზეზებს შორის იყო ვენესუელაში შექმნილი საკვები პროდუქტების დეფიციტი და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ძირითადად ნავთობის წარმოების შემცირებით იყო გამოწვეული.
მადუროს მმართველობა ყველაზე მეტად ცნობილი კი არჩევნების გაყალბების ბრალდებებითა და ადამიანის უფლებების დარღვევით გახდა, მათ შორის 2014 და 2017 წლებში საპროტესტო აქციების ძალისმიერი დარბევებით. ოპოზიციის მზარდი ზეწოლისა და პოპულარობის დაკარგვის ფონზე, მადურომ 2017 წელს, საკანონმდებლო ორგანოს გასანეიტრალებლად, პროსამთავრობო დამფუძნებელი კრება შექმნა, რომელსაც ამჟამად ოპოზიცია აკონტროლებს. ამას მოჰყვა საპროტესტო აქციებისა და შემდგომი რეპრესიების კიდევ ერთი რაუნდი, რა დროსაც ვენესუელის ძალებმა 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
მადუროს მთავრობას აშშ-მა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს. 2018 წელს, მას შემდეგ, რაც მადურომ თავი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, შეერთებულმა შტატებმა, 45 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, ის არალეგიტიმურ მმართველად მიიჩნია. 2020 წელს კი, ვაშინგტონმა კორუფციისა და სხვა დანაშაულებებისთვის ბრალი წაუყენა. მადურომ ბრალდებები უარყო.
იხილეთ ასევე: დაკავებული ნიკოლას მადურო აშშ-ის სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება
2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ოპოზიციამ ერთხმად დაგმეს და გაყალბებულად გამოაცხადეს, მადურო მესამე ვადით უკვე 2025 წლის იანვარში აირჩიეს. ათასობით ადამიანი, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა, დააკავეს.
გასული წლის იანვარში, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ, აშშ-მა ვენესუელაზე ზეწოლა გააძლიერა. მათ შორის, კარაკასს 25%-იანი ტარიფები და მადუროს ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. სექტემბრიდან მოყოლებული, აშშ-ის ძალებმა ვენესუელის სანაპიროსთან გემებზე, ნარკოტერორიზმის ბრალდებით, არაერთი იერიში მიიტანეს. გარდამტეხი მომენტი კი 3 იანვრის ღამეს დადგა, როდესაც აშშ-ის ძალებმა, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, მადურო დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
ამჟამად ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს, რომელიც მადუროს შიდა წრის ყველაზე პრაგმატულ პირად მიიჩნევა.















