ვინ არის ფედერიკა მოგერინი – EU-ის საგარეო პოლიტიკის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც თაღლითობის საქმეზე დააკავეს?

ვინ არის ფედერიკა მოგერინი – EU-ის საგარეო პოლიტიკის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც თაღლითობის საქმეზე დააკავეს?

ევროკავშირის პროკურატურის (EPPO) მიერ სავარაუდო თაღლითობის საქმეზე დაწყებული საგამოძიებო პროცესის ფარგლებში, იტალიელი პოლიტიკოსი, ფედერიკა მოგერინი, ევროპის კოლეჯში ჩატარებული რეიდის შემდეგ დააკავეს – დაწესებულებაში, რომელსაც ის 2020 წლიდან ხელმძღვანელობს.

ფედერიკა მოგერინის დაკავებას ბრიუსელსა და რომში დიდი რეზონანსი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მოგერინი კარგად არის ცნობილი დიპლომატიურ წრეებში და ის არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. მათ შორის იყო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მატეო რენცის დროს და  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. ამჟამად კი ის ევროპის კოლეჯის რექტორია.

ფედერიკა მოგერინი 1973 წელს რომში დაიბადა. მან პოლიტიკური საქმიანობა მოზარდობიდანვე დაიწყო, 1988 წელს კი იტალიის ახალგაზრდა კომუნისტთა ფედერაციას შეუერთდა.

იტალიის კომუნისტური პარტიის დაშლის შემდეგ, მომავალი მინისტრი სოციალ-დემოკრატებს, პარტია PD-ს დაუკავშირდა და სწორედ იქ დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერის სწრაფი აღმასვლა. 2008 წელს იგი პირველად გახდა პარლამენტის წევრი და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო.

მის პოლიტიკურ კარიერაში მნიშვნელოვანი გარდატეხა 2014 წელს მოხდა, როდესაც მატეო რენცის მთავრობამ ფედერიკა მოგერინი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მისი მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. იმავე წელს რენციმ მოგერინი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარადგინა.

ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარიდან კრიტიკის მიუხედავად, რაც განსაკუთრებით მისი რუსეთის მიმართ „რბილი“ პოლიტიკით იყო გამოწვეული, 2014 წელს ის უმაღლეს წარმომადგენლად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მყოფი პირი წევრ სახელმწიფოებს შორის საგარეო პოლიტიკას კოორდინაციას უწევს, უძღვება ევროკომისიის კოლეგიის სხდომებს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეობს.

საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ფედერიკა მოგერინი საერთაშორისო დიპლომატიურ წრეებში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. მისი ცნობადობა განსაკუთრებით გაიზარდა, როდესაც ის ირანის ბირთვული შეთანხმების JCPOA-ს მოლაპარაკებებში ევროკავშირს წარმოადგენდა.

მისი მანდატის დასრულების შემდეგ, მოგერინი 2020 წელს ევროპის კოლეჯის რექტორად დაინიშნა. ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც მისი აკადემიური კვალიფიკაციის ნაკლებობის, ისე შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამო – კოლეჯის ძირითადი დაფინანსება სწორედ ევროკომისიიდან მოდის, სადაც მას წლების განმავლობაში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა.

ბრიუგეში დაფუძნებული კოლეჯი ცნობილია, როგორც ტრამპლინი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტებში შესვლას და კარიერული კავშირების დამყარებას ცდილობენ. ბევრისთვის იგი ევრო-ელიტაში შესაღწევი „რბილი ძალა“ და მთავარი კარიბჭეა. ცნობისთვის, კოლეჯში სრული აკადემიური წლის სწავლის საფასური 30,000 ევროს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ფედერიკა მოგერინი და მასთან ერთად დაკავებული ევროპის კოლეჯის კიდევ ერთი თანამშრომელი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან როგორც ევროკავშირის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

„ბრალდებები ეხება შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობასა და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტსა და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას. ისინი გაათავისუფლეს, რადგან მიიჩნევა, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობს“, – წერია განცხადებაში.