ვინ არის რეზა ფეჰლევი და როგორია ირანის მომავლის მისეული ხედვა?

ვინ არის რეზა ფეჰლევი და როგორია ირანის მომავლის მისეული ხედვა?

2025 წლის 28 დეკემბრის შემდეგ ირანის დედაქალაქ თეირანსა და სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციები, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების, მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო, მალევე თეოკრატიული მმართველობის დამხობის მოთხოვნაში გადაიზარდა.

ხელისუფლება საპროტესტო მუხტის ჩახშობას სისხლიანი დარბევებით ცდილობს. ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, დადასტურებულია 490 მომიტინგისა და 48 სამართალდამცველის გარდაცვალების ფაქტი, დაკავებულია 10,000-ზე მეტი ადამიანი. თუმცა, არაოფიციალური წყაროების მტკიცებით, აღნიშნული რიცხვები გაცილებით უფრო მაღალია.

გასულ კვირაში, საპროტესტო მუხტის ზრდაზე განსაკუთრებული გავლენა ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟის, რეზა ფეჰლევის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა იქონია. მოწოდებები, რომლებითაც ფეჰლევი მომიტინგეებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებდა, სპარსულენოვან სატელიტურ საინფორმაციო არხებსა და უცხოურ ვებგვერდებზე გადაიცემოდა.

ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის უმცროსი ვაჟი თითქმის 50 წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში იმყოფება. მას შემდეგ, რაც ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად მონარქია დაემხო, დემონსტრანტების მიერ დევნილი შაჰი ეგვიპტეში გადავიდა, სადაც 1980 წელს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ირანში ახალ თეოკრატიულ მმართველობას კი სათავეში აიათოლა რუჰოლა ხომეინი ჩაუდგა.

1960 წელს შაჰის უფროსი ვაჟის, რეზა ფეჰლევის დაბადება ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის მომენტი იყო. ცნობების თანახმად, ირანის მემკვიდრის დაბადების აღსანიშნავად ქუჩაში ათასობით ირანელი გამოვიდა. კონსტიტუციის თანახმად, რეზა ფეჰლევი ტახტის მემკვიდრედ მიიჩნეოდა.

მანამდე, ირანის შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი ორ წარუმატებელ ქორწინებაში იმყოფებოდა – პირველად ეგვიპტის პრინცესა ფავზიასთან, ხოლო შემდეგ სორაია ისფანდიარისთან. შემდეგ ის ფარაჰ დიბაზე დაქორწინდა იმ იმედით, რომ მასთან ირანის ტახტის მემკვიდრე შეეძინებოდა. 1978 წელს ტახტის მემკვიდრე პრინცი ფეჰლევი სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქვეყანა მამამისმაც დატოვა.

შაჰის გარდაცვალების შემდეგ პასუხისმგებლობები მის უფროს ვაჟს გადაეცა. 21-ე იუბილეზე, რეზა ფეჰლევიმ, რომელიც იმ მომენტამდე მემკვიდრე პრინცის წოდებას ატარებდა, განაცხადა, რომ მზად იყო, თავისი ვალდებულებები ირანის კანონიერი მეფის რანგში აღესრულებინა. ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მან კონსტიტუციური ფიცის დადება იმ პერიოდამდე გადადო, სანამ „ღვთიური დასტურით“ ამისათვის შესაფერისი პირობები არ შეიქმნებოდა. ამის მიუხედავად, ფეჰლევიმ, ირანის სამფეროვან დროშასა და ყურანზე დაიფიცა, რომ ყოველთვის ეროვნული ერთიანობის პრინციპის დაცვით იმოქმედებდა.

რევოლუციის შემდეგ, ფეჰლევიმ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლა დაიწყო, მაგრამ მამის ავადმყოფობის დროს კაიროში გაემგზავრა, რათა ოჯახთან დარჩენილიყო. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ფეჰლევიმ განაცხადა, ირან-ერაყის ომის დროს მან, კაიროში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსებს წერილი გაუგზავნა და პილოტად მსახურება შესთავაზა. მას წერილზე პასუხი არასდროს მიუღია.

ირანის უკანასკნელი შაჰის გარდაცვალების შემდეგ, რეზა ფეჰლევი მონარქისტებს შორის გამორჩეულ ოპოზიციურ ფიგურად ჩამოყალიბდა. მოგვიანებით კი ემიგრაციაში მყოფი მთავრობის შექმნის შესახებ განაცხადა. მონარქების მხრიდან, ირანში დაბრუნებასა და ტახტის აღდგენაზე მრავალგზის მოწოდებების მიუხედავად, მან არაერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ მონარქიის აღდგენას არ ცდილობს.

რეზა ფეჰლევი ისლამური რესპუბლიკამდელი პოლიტიკური წესრიგის სიმბოლოდ იქცა და ფართოდ არის აღიარებული, როგორც ამჟამინდელი რეჟიმის ყველაზე თვალსაჩინო მოწინააღმდეგე. ამას ემატება მმართველი სისტემის უუნარობა და ეკონომიკური კოლაფსი, რომელთანაც უკანასკნელ პერიოდში კიდევ უფრო ხშირად ავლებენ პარალელს უკანასკნელი შაჰის დროინდელ პერიოდთან და მოდერნიზაციის მცდელობებთან.

რეზა ფეჰლევის თქმით, მისი მიზანი მმართველი რეჟიმის დამხობაა, რის შემდეგადაც ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება. ამ რეფერენდუმით ირანელებს სრული თავისუფლება ექნებათ, განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის მომავალი პოლიტიკური სისტემა. ფეჰლევის ამ განცხადებამ ტრადიციულ და რადიკალურ მონარქისტებს შორის განხეთქილება გამოიწვია. ამ დაძაბულობის მიუხედავადაც, რეზა ფეჰლევის პოზიციას მომხრეები შაჰის ეპოქის შემდგომ დაბადებულ მოსახლეობაში გამოუჩნდა.

ამავდროულად, რეზა ფეჰლევის გარდა, საზღვარგარეთ არსებულმა ვერცერთმა სხვა პირმა და ჯგუფმა ვერ შეძლო თავისი თავი სანდო ოპოზიციურ ძალად დაემკვიდრებინა. ირანის გარეთ ყველაზე ორგანიზებული ოპოზიციური ჯგუფი კვლავ მოჯაჰედინ-ე ხალკის ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ფართო საზოგადოების რისხვის სამიზნე გახდა. დაჯგუფება რელიგიურ იდეოლოგიას მიჰყვება, წევრი ქალებისგან ჰიჯაბის ტარებას მოითხოვს, ამასთან ერთად კი, ირანზე ერაყის სამხედრო თავდასხმის დროს, პრეზიდენტ სადამ ჰუსეინთან თანამშრომლობდა.

რაც შეეხება ფეჰლევის, ის საჯარო განცხადებებში ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ მისი მიზანი ირანის „აბსოლუტური მონარქიის“ ან მემკვიდრეობითი მმართველობის დამკვიდრება არაა. ამის ნაცვლად კი ის მხარს „ხალხის თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებულ მმართველობის სისტემას“ უჭერს. მისივე თქმით, მას არც პოლიტიკური თანამდებობის მიღება თუ  კონკრეტული ტიტულის დაბრუნება სურს.

ფეჰლევის მტკიცებით, ნებისმიერი სახის სისტემა თავისუფალი არჩევნების გზით უნდა ჩამოყალიბდეს, რელიგიისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნით. პოლიტიკური ცვლილებების პროცესის აღწერისას, რეზა ფეჰლევი რამდენიმე ძირითად პრინციპს ასახელებს. ის მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის მოწოდებით გამოდის და ამტკიცებს, რომ ცვლილებები ძალადობის გარეშე უნდა განხორციელდეს. მან ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა შეიარაღებული ძალების, მათ შორის არმიისა და რევოლუციური გვარდიის რიგით წევრებს და მათ ხალხის გვერდით დადგომისკენ მოუწოდა.

დაბოლოს, ფეჰლევის განცხადებით, პოლიტიკური სისტემის ფორმა, იქნება ეს საპარლამენტო მონარქია თუ რესპუბლიკა, თავისუფალი რეფერენდუმის გზით უნდა განისაზღვროს. ირანისთვის ყველაზე შესაფერის პოლიტიკურ მოდელად კი, თავად, სეკულარულ, დემოკრატიულ სისტემას განიხილავს.