ვინ დაესწრება პუტინის 9 მაისის აღლუმს და რამდენად უსაფრთხო იქნება მოსკოვი?

ვინ დაესწრება პუტინის 9 მაისის აღლუმს და რამდენად უსაფრთხო იქნება მოსკოვი?

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ახლა უკვე მეოთხედ, მაღალი რანგის სტუმრების გარეშე, უსაფრთხოების ზომების უპრეცედენტო დაცვით ჩატარდება. მიზეზი რუსეთის ხელისუფლების სიფრთხილეა, რომელიც შიშობს, რომ კიევი აღლუმის პერიოდს თავდასხმისთვის გამოიყენებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უცხოელი ოფიციალური პირების უსაფრთხოებაზე, რომლებიც მოსკოვში რუსეთის გამარჯვების დღის აღლუმზე დასწრებას გეგმავენ, გარანტიებს ვერ გასცემს. „ჩვენი პოზიცია ყველას მიმართ, ვინც 9 მაისს რუსეთში გაემგზავრება ძალიან მარტივია: ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შაბათს. – „თქვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ისინი თავად არიან. ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რადგან არ ვიცით, რა  შეიძლება რუსეთმა ამ თარიღებში მოიმოქმედოს“, – დაამატა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებამ სლოვაკეთთან დიპლომატიური დაძაბულობა კიდევ უფრო გაამძაფრა. სლოვაკეთის მოსკოვთან დაახლოებულმა პრემიერმა, რობერტ ფიცომ, ზელენსკის გაფრთხილებას კრიტიკით უპასუხა: „მე სრულად პატივს ვცემ აზრს, რომ დამსწრეთა უსაფრთხოება რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეა. თუმცა, თუ ბატონი ზელენსკი მიიჩნევს, რომ მისი განცხადებები უცხოურ დელეგაციას [მოსკოვში] ჩასვლაზე თავის შეკავებისკენ უბიძგებს, ძალიან ცდება“. გაურკვეველია, დაესწრება თუ არა ფიცო მოსკოვში გამართულ ღონისძიებას. სლოვაკეთის პრემიერმა რამდენიმე გამოსვლა და ღონისძიება გააუქმა, რაც აჩენს ვარაუდებს, რომ ის 9 მაისს არც რუსეთს ეწვევა.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელიც ასევე გეგმავდა მოსკოვში აღლუმზე ჩასვლას, გასულ კვირას შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ავად გახდა, რის გამოც ვიზიტი შეწყვიტა და ბელგრადში დაბრუნდა, სადაც მცირე ხნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მხოლოდ ვუჩიჩი და ფიცო იყვნენ ის ევროპელი ლიდერები, რომლებმაც რუსეთის გამარჯვების დღის აღლუმზე ჩასვლის შესახებ განაცხადეს. ვუჩიჩის შემთხვევაში, ბრიუსელმა მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა, რომელშიც მიუთითა, რომ ვიზიტი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს დაარღვევდა და პოტენციურად დააზარალებდა სერბეთის ბლოკში გაწევრიანების პროცესს.

შესაძლოა მოსკოვში, 9 მაისს, ევროპელი ლიდერები არ გამოჩნდნენ, თუმცა დიდი შანსია, რომ პუტინის მოკავშირე სხვა ლიდერები აღლუმს დაესწრებიან. მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რომელიც რუსეთს 7-დან 9 მაისამდე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. კრემლის განცხადებით, სი ძინპინი ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნაში მონაწილეობას მიიღებს.

რუსეთის მედიასააგენტოების თანახმად, მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს უცხო ქვეყნის 29 ოფიციალური პირი დაესწრება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ინფორმაციით, 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე სი ძინპინთან ერთად ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვაც იქნება. კრემლის მიერ დადასტურებულ სიაში ასევე დასახელებულნი არიან ინდონეზიის, ბურკინა-ფასოს, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, კონგოს, მიანმარის, კუბას, ეთიოპიისა და ეკვადორული გვინეის ლიდერები.

რუსული მედიის ინფორმაციით, 9 მაისის აღლუმს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებიც დაესწრებიან, ასევე წარმომადგენლები სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

გარდა ამისა, უშიკოვის ინფორმაციით, 9 მაისს გამართულ მარშში რუსული დანაყოფების გარდა მონაწილეობას ჩინეთის, ეგვიპტის, ვიეტნამის, მიანმარისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჯარისკაცებიც მიღებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოებას ეხება. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას, 7-დან 9 მაისამდე, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით მიმართა. კიევმა კატეგორიულად უარყო წინადადება და მას „თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვის წინადადება ომის დასრულების მცდელობას არ ემსახურება და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის მიმართ, რომელიც უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. „ისინი (7 მაისამდე) სისხლისღვრას მათთვის ხელსაყრელი რამდენიმე დღით შეაჩერებენ, შემდეგ კი, 11-ში, კვლავ დაიწყებენ შეტევას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ორშაბათს, აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც რუსეთის დედაქალაქში რეპეტიციები მიმდინარეობდა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ღამით, ქალაქისკენ მიახლოებისას რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი გააუვნებელყვეს. წინასწარი ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს მიაღწიეს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინულ დრონებს ახლა ამ დიაპაზონზე გაცილებით შორს ფრენა და 3,000კმ-ის დიაპაზონის დაფარვა შეუძლია.

რუსეთმა ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი უკვე გააუქმა. სევასტოპოლის მოსკოვის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ აღლუმი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის გამო არ ჩატარდება. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს უკრაინის საზღვაო დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რუსული Su-30 განადგურდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ კიევის მხრიდან საზღვაო დრონის მიერ პირველი რეაქტიული თვითმფრინავის ჩამოგდება „უპრეცედენტო ოპერაციად“ შეაფასა.

ეს ზედიზედ მესამე შემთხვევაა, როდესაც სევასტოპოლში აღლუმი გაუქმდა. ოკუპირებულ პორტში გამარჯვების დღის აღლუმი ბოლოს 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე გაიმართა.