ვინ გამოვა სიტყვით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და რა საკითხები იქნება დღის წესრიგში?

ვინ გამოვა სიტყვით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და რა საკითხები იქნება დღის წესრიგში?

ნიუ-იორკი წელს გაეროს რიგით მე-80 გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერები ყოველ წელს სექტემბერში იკრიბებიან და მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებს განიხილავენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 1945 წელს 51 სახელმწიფოს ინიციატივით შეიქმნა და დღეს 193 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის უფლება ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერს აქვს. გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლის უფლებით გენერალურ ასამბლეაზე ორი არაწევრი დამკვირვებელი სუბიექტი, წმინდა საყდარი და პალესტინის სახელმწიფო, ასევე წევრი დამკვირვებელი ევროკავშირის ლიდერებიც სარგებლობენ.

როგორია სიტყვით გამომსვლელთა თანამიმდევრობა?

ტრადიციისამებრ, პირველი სახელმწიფო, რომელიც სიტყვით გამოდის, ბრაზილიაა. აღნიშნული ტრადიცია იმ პერიოდიდან მოდის, როდესაც სახელმწიფოთა ლიდერები სხდომის გახსნას ერიდებოდნენ, ბრაზილია კი აღნიშნულის ინიციატორი გახლდათ. რიგით მეორე მომხსენებელი მასპინძლის სტატუსის მქონე სუბიექტი – შეერთებული შტატებია. ამ თანამიმდევრობის შემდეგ სიტყვით გამომსვლელთა სია მუდმივად იცვლება. თუმცა, როგორც წესი, პირველად სახელმწიფოთა ლიდერები საუბრობენ, ამის შემდეგ მოდიან რანგით მეორე პირები და პრინცები, მთავრობის ხელმძღვანელები, მინისტრები, დაბოლოს – დელეგაციის ხელმძღვანელები.

რა დრო აქვთ გამოყოფილი სიტყვით გამოსვლისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ ამის მკაცრი კონტროლი არ ხდება, გამომსვლელებისთვის რეკომენდებულია 15-წუთიან ვადაში ჩატევა. თუმცა, მოგეხსენებათ, ისტორიაში მრავლად არის შემთხვევები, როდესაც გამოსვლა 1 საათზე მეტხანსაც  გაგრძელებულა. მაგალითად, გაეროს ოფიციალური ჩანაწერების თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სიტყვა 1960 წელს ასამბლეის გახსნაზე კუბის ლიდერს, ფიდელ კასტროს ეკუთვნის, რომელმაც ოთხსაათ-ნახევარი ილაპარაკა. საათ-ნახევრის განმავლობაში ისაუბრა 2009 წელს ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმაც.

რა საკითხებზე ისაუბრებენ სახელმწიფოთა ლიდერები?

როგორც წესი, ყოველი წლის გენერალური ასამბლეა გარკვეულ თემატიკას ეძღვნება. ლიდერები კი დასაწყისში მოკლედ საუბრობენ აღნიშნულ თემაზე, სანამ მათთვის სასურველ საკითხებზე გადავლენ. წლევანდელი თემაა: „ერთად უკეთესია: 80 და მეტი წელი მშვიდობისთვის, განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის“.

სხვა საკითხებიდან წლევანდელ გენერალურ ასამბლეაზე ერთ-ერთი უმთავრესი განხილვის საგანი ღაზის სექტორში არსებული ვითარება იქნება. მსოფლიო ლიდერები ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ტერიტორიაზე არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას განიხილავენ. მოგეხსენებათ, გაეროს ორგანოები ისრაელს ღაზის სექტორში შიმშილის მიზანმიმართულად მოწყობაში ადანაშაულებენ. გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გამოცემული. საინტერესოა, რომ ასამბლეას ფიზიკურად ვერ ესტუმრება პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა ვიზა არ მისცა. დიდი ალბათობით ის ასამბლეას ონლაინ-ფორმატში მიმართავს.

მეორე მთავარი საკითხი უკრაინაში არსებული მძიმე ვითარება იქნება. შეკრებილ ლიდერებს მომავალ ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს და შეეცდება, უკრაინისადმი დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვოს. შაბათს ასამბლეაზე სიტყვით წარდგება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

დიდი ყურადღება დაეთმობა მომდევნო კვირას უკრაინის საკითხზე დაგეგმილ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას. განსაკუთრებული მოლოდინი შეერთებული შტატებისა და მისი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვის მიმართ არსებობს. უცნობია, დაასახელებს თუ არა ტრამპი კონკრეტულ ზომებს უკრაინაში ვითარების გამოსასწორებლად, როგორიც შეიძლება იყოს დამატებითი სანქციები რუსეთისთვის ან პუტინისათვის ზელენსკისთან შეთანხმებისკენ მოწოდება.

გენერალურ ასამბლეაზე განხილვის საგანი იქნება ირანი, მისი ბირთვული პროგრამა და 28 სექტემბრის ვადა, რომლის შემდეგაც ირანის ისლამურ რესპუბლიკას გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციები დაუბრუნდება. შესაბამისად, შესაძლოა ვადის ამოწურვამდე ირანმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-სთან და ევროკავშირთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიოს. ასამბლეაზე სიტყვით ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი წარდგებიან.

დიდი ყურადღება დაეთმობა სირიის საკითხსაც. გენერალურ ასამბლეაზე პირველად წარდგება სირიის ახალი ლიდერი, ჯერ კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული HTS-ის ყოფილი ხელმძღვანელი აჰმად ალ-შარაა, რომელმაც სირიაში ასადის რეჟიმი დაასრულა. აჰმად ალ-შარააც და მისი ორგანიზაციაც კვლავ გაეროს სანქციების ქვეშაა, შესაბამისად, მისი გამგზავრებისათვის გამონაკლისი დაწესდა.

სხვა განსახილველი საკითხები იქნება კლიმატის ცვლილება, ქალთა უფლებები, სუდანის ჰუმანიტარული კრიზისი, აშშ-ვენესუელის დაძაბული ურთიერთობები და გაეროს ახალი გენერალური მდივნის არჩევნებიც. მოგეხსენებათ, გაეროს ამჟამინდელი გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მეორე ხუთწლიანი ვადა 2026 წლის 31 დეკემბერს სრულდება, შესაბამისად, ორგანიზაციამ ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს. ამისათვის გაეროს უშიშროების საბჭოს 15-მა წევრმა სახელმწიფომ ორგანიზაციის 193 წევრ ქვეყანას ერთიანი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვეტოს უფლების მქონე ხუთმა სახელმწიფომ კანდიდატზე შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.