ვინ განაგრძობს და ვინ შეწყვიტა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები?

ვინ განაგრძობს და ვინ შეწყვიტა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები?

რუსეთის უკრაინაში შეჭრას ქვეყნების, ორგანიზაციებისა და კომპანიების მხრიდან სანქციები მოჰყვა. ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის შესყიდვაზე პირდაპირი აკრძალვა დააწესეს, თუმცა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა. ბლოკი წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას განიხილავს როგორც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილს.

გერმანიის, ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის განცხადებით, მიუხედავად რუსული ენერგოიმპორტის შეჩერების შემდგომი შესაძლო დეფიციტისა, ქვეყანა წლის ბოლოსთვის ევროკავშირის მიერ ემბარგოს დაწესებას ემხრობა. ამის პარალელურად კი უნგრეთი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ EU-ს ენერგეტიკული სანქციების პაკეტს ვეტო დაადოს.  ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ქმედებების დაგმობასა და ნავთობის შესყიდვის შეჩერებაზე უარი განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში ბევრმა გადამმუშავებელმა ქარხანამ დაუყოვნებლივ ან კონტრაქტის დასრულების შემდგომ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის შეჩერების პირობა დადო. გარდა ამისა, წამყვანმა გლობალურმა სავაჭრო ფირმებმა 15 მაისიდან რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებული კომპანიებიდან ნედლი ნავთობის შესყიდვების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. შედეგად, რუსული დიზელის იმპორტი ბალტიისპირეთის პრიმორსკის პორტიდან (ევროპის ძირითადი მიწოდების წყარო) მაისში 30%-ით შემცირდა.

რომელმა კომპანიებმა შეაჩერეს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა?

მსოფლიოს უდიდესმა ნავთობით მოვაჭრე კომპანია SHELL-მა რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერების შესახებ 27 აპრილს განაცხადა. Rosneft-ისგან რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად 15 მაისის შემდგომ შეჩერდება. SHELL-მა შეწყვიტა Gazprom-თან ურთიერთობაც და „ნორდსტრიმ 2“-ის პროექტში მონაწილეობაზეც უარი განაცხადა. ბრიტანეთის წამყვანმა ნავთობკომპანია BP-მა კი Rosneft-ის 20%-იან წილზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ გარდა აუცილებელი საჭიროებისა, რუსულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება აღარ იგეგმება.

რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა შეაჩერა პოლონეთის უმსხვილესმა გადამმუშავებელმა ქარხანა PKN Orlen-მა და ნავთობის მიღება ჩრდილოეთის ზღვიდან  დაიწყო. მიუხედავად ამისა, კომპანია კვლავ იღებს “ურალის” კლასის რუსულ ნავთობს, თუმცა კონტრაქტების უმეტესობის ვადა წლის ბოლომდე, ან შემდგომი წლის განმავლობაში იწურება. კომპანიამ, რომელიც გადამმუშავებელ ქარხნებს ლიეტუვაში, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში მართავს, მარტში გადამუშავებიდან მოგება ნახა, რასაც რუსული ნავთობის შემცირებული ღირებულება განაპირობებდა.

რუსული ნავთობის შესყიდვებს ენერგეტიკული ჯგუფი ENI წყვეტს, რომლის 30.3%-იანი წილი იტალიის მთავრობის საკუთრებაა. რუსული ნავთობი არ იქნება გამოყენებული გერმანული გადამმუშავებელი ქარხანა Bayernoil-ის მიერ. Bayernoil-ის წილებს Eni და Rosneft-ი ფლობენ. რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერება გადაწყვიტეს ნორვეგიის წამყვანმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა ფირმა EQUINOR-მა და პორტუგალიის ნავთობისა და გაზის კომპანია GALP-მა.

Rosneft-ის 0.57%-იანი წილის მფლობელი გლობალური სამთო და სავაჭრო ფირმა GLENCORE განაგრძობს არსებული კონტრაქტებით აღებული ვალდებულების შესრულებას, თუმცა „რუსულ საქონელთან მიმართებით რაიმე ახალი შეთანხმების დადებას არ განიხილავს“. ფინურ გადამმუშავებელ ქარხანა NESTE-ს კი ომის დაწყების შემდგომ სპოტ-ბაზარზე რუსული ნედლი ნავთობი აღარ უყიდია და ივლისში, კონტრაქტის დასრულების შემდგომ, არც ახალი გარიგებების დადებას აპირებს. აპრილის დასაწყისიდან, გადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნედლი ნავთობის დაახლოებით 85% სხვა ნედლი ნავთობით ჩაანაცვლა.

რუსულ ნავთობზე უარის თქმისთვის ემზადება რუმინეთის ნავთობისა და გაზის უმსხვილესი ფირმა OMV PETROM-იც. რუსული ნავთობი მისი გადამმუშავებელი ქარხნის Petrobrazi-ის ყოველწლიური საჭიროების 30%-ს შეადგენს. რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა საუდის არაბეთის მილიარდერ მუჰამედ ჰუსეინ ალ-ამოუდის მფლობელობაში არსებულმა შვედეთის უმსხვილესმა გადამმუშავებელმა ფირმამ. რუსულ ნავთობს სპოტ-მარკეტზე აღარ შეიძენს ესპანეთის REPSOL-იც.

2022 წლის ბოლომდე ყველა შესყიდვის შეჩერებისთვის, ფრანგული ნავთობკომპანია TotalEnergies-ი აღარ გააფორმებს და გაახანგრძლივებს კონტრაქტებს რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად. კონტრაქტები ძირითადად მოიცავს აღმოსავლეთ გერმანიაში არსებულ Leuna-ს ქარხანას, რომელიც რუსულ ნავთობს Druzhba-ს მილსადენით იღებს. ნედლი ნავთობის რუსეთიდან მიღება შეწყვიტა იაპონიის უმსხვილესმა გადამმუშავებელმა ENEOS Holdings Inc-მა და ალტერნატიული მარაგის მიღებას ახლო აღმოსავლეთიდან გეგმავს.

რომელი კომპანიები განაგრძობენ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას?

ინდოეთის სახელმწიფო გადამმუშავებელმა ფირმა Bharat Petroleum Corp-მა მაისში Trafigura-დან 2 მილიონი რუსული “ურალი” შეისყიდა. კომპანია, სამხრეთ ინდოეთში არსებული ქარხანა Kochi-სთვის, რეგულარულად, დღეში 310.000 ბარელ რუსულ „ურალს“ ყიდულობს. კიდევ ერთი ინდური კომპანია Hindustan Petroleum-ია, რომელმაც გასულ კვირას, მაისისთვის, 2 მილიონი რუსული „ურალი“ შეიძინა. ინდოეთის წამყვანმა გადამმუშავებელმა ქარხანა Indian Oil Corp-მა კი 24 თებერვლის შემდგომ 6 მილიონი ბარელი „ურალი“ შეისყიდა და 2022 წელს 15 მილიონ ბარელამდე რუსული ნედლი ნავთობის მიწოდებაზე Rosneft-თან კონტრაქტიც გააფორმა. გარდა ამისა, 1 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი, ევროპელი გადამყიდველისგან ტენდერის საშუალებით, ქვეყნის სახელმწიფო გადამმუშავებელმა ქარხანა Mangalore Refinery and Petrochemicals-მა შეიძინა.

ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Sinopec-მა, აზიის უმსხვილესმა გადამმუშავებელმა, ადრე გახანგრძლივებული კონტრაქტების ფარგლებში, რუსული ნავთობის შესყიდვა განაგრძო. თუმცა ახალი გარიგებებისგან თავს იკავებს. ნედლი ნავთობის რუსეთისგან შესყიდვას განიხილავს ინდონეზიის სახელმწიფო ენერგეტიკული ფირმა PT Pertamina, რომელსაც ნავთობი განახლებული გადამმუშავებელი ფირმისთვის ესაჭიროება.

Hellenic-მა, საბერძნეთის უმსხვილესმა ნავთობგადამმუშავებელმა, შარშან დაახლოებით 2.5 მილიონი ტონა რუსული ნავთობი შეისყიდა, რაც მისი მთლიანი მიწოდების დაახლოებით 18%-ს შეადგენს. კომპანიამ მიმდინარე თვის დასაწყისში დამატებითი მიწოდება საუდის არაბეთიდანაც უზრუნველყო. ორგანიზაციასა და საუდის არაბეთს შორის თავდაპირველი შეთანხმება ნედლი ნავთობის დამატებითი მიწოდების შესახებ მარტში დაიდო. რუსული ნედლი ნავთობი Druzhba-ს მილსადენით გერმანიის გადამმუშავებელ ქარხანა PCK Schwedt-ს მიეწოდება. ქარხნის 54% Rosneft-ის საკუთრებაა.

იტალიის უმდიდრესი გადამმუშავებელი ქარხანა ISAB-ი, რომელიც Lukoil-ის მიერ კონტროლირებულ, შვეიცარიაში დაფუძნებულ კომპანია Litasco SA-ს ეკუთვნის, იძულებული გახდა, თითქმის მთლიანი რაოდენობის ნედლი ნავთობი რუსი მფლობელისგან მიეღო. მიზეზი საერთაშორისო ბანკების მხრიდან კრედიტების მიღების შეჩერებაა. რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესების შემთხვევაში, იტალია Lukoil-ის საკუთრებაში არსებული ISAB-ის ნაციონალიზაციას განიხილავს. შესყიდვებს განაგრძობს რუსული Lukoil-ის მფლობელობაში არსებული ბულგარეთის გადამმუშავებელი ქარხანაც, რომლისთვის საჭირო 60%-ს რუსული ნავთობი უზრუნველყოფს.

უნგრული ნავთობკომპანია MOL (MOLB.BU), რომელიც უნგრეთში, სლოვაკეთსა და ხორვატიაში სამ გადამმუშავებელ ქარხანას მართავს, რუსული ნედლი ნავთობის შეძენას Druzhba-ს მილსადენით აგრძელებს. კომპანიის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, მის ჩანაცვლებას ორიდან ოთხ წლამდე პერიოდი დასჭირდება. ცვლილება კი MOL-ის $500 მილიონიდან $700 მილიონამდე დაუჯდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *