ვინ იხდის გადასახადებს საქართველოში?

ვინ იხდის გადასახადებს საქართველოში?

მოკლე პასუხი ამ კითხვაზე, არის – „ყველა“. დიახ, საქართველოს ყოველი მოქალაქე იხდის გადასახადებს, მიუხედავად იმისა, იცის მან ეს თუ არა.

პრობლემა, რომელზეც დღეს მინდა ვისაუბრო, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს გაცნობიერე­ბული, რომ ის გადასახადის გადამხდელია და რომ ბიუჯეტში არსებული ფული რეალურად, ყოველგვა­რი გადაჭარბების გარეშე, მათი, ანუ ხალხის ფულია. ჩვენ ხშირად გვსმენია სიტყვები „გადასახადების გადამხდელების ფული“, თუმცა ეს ფრაზა ჰოლივუ­დურ ფილმებში უფრო ბუნებრივად ისმის, ვიდრე ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენთვის მას რამე შინა­არსი არ გააჩნია.

საქართველოში ორი ტიპის გადასახადი არსე­ბობს – პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირია, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი, არაპირ­­დაპირი კი დღგ, აქციზი და იმპორტის გადასახადი. არაპირდაპირი გადასახადი იმას ნიშნავს, რომ გადასახადს რეალურად სხვა იხდის, თუმცა საგადა­სახადო ტვირთი მოდის მომხმარებელზე, საბოლოო მომხმარებელზე. როცა ჩვენ აქციზურ საქონელს ვყიდულობთ (ბენზინი, ალკოჰოლი, თამბაქო…) არა­პირდაპირ ვიხდით აქციზს, ის შედის ღირებულე­ბაში, ან როცა ვყიდულობთ ნებისმიერ საქონელს, რომლის რეალიზაცია დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებული არაა, ვიხდით დღგ-ს, რომელიც ფასში შედის, მაგრამ ჩვენ ვიხდით სინამდვილეში, ასევეა იმპორტის გადასახადის შემთხვევაშიც და, მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი რამ იმპორტირებული გვაქვს.

არაპირდაპირი გადასახადების გადამხდელო­ბის აღქმა რთულია და ამაზე მუშაობა სამომავლოდ გადავდოთ, შედარებით მარტივია ადამიანებს გავაცნობიერებინოთ პირდაპირი გადასახადის, ანუ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელობა.

შეგიძლიათ ჩაატაროთ მარტივი ექსპერიმენტი – ჰკითხოთ თქვენს გარშემომყოფებს, რამდენი აქვთ ხელფასი და ისინი გეტყვიან იმ თანხას, რომელსაც ისინი ხელზე იღებენ. სინამდვილეში, ცხადია, ხელზე აღებულ თანხაზე 25%-ით მეტია მათი ანაზღაურე­ბა და ეს 25% მიდის ბიუჯეტში. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ, დავუშვათ, ხელზე 1000 ლარს ვიღებთ ყოველთვიურად, ბიუჯეტში წლის განმავლობაში 3000 ლარს ვიხდით მხოლოდ საშემოსავლო გადა­სახადის სახით. ჩვენ ვერ აღვიქვამთ ამას, რადგან ყოველთვიურად 1000 ლარი გვერიცხება, თუმცა სხვანაირად რომ იყოს – ჯერ გვერიცხებოდეს 1250 ლარი, და სახელმწიფო მერე გვართმევდეს უკვე ჩა­რიცხულ თანხას, გაცილებით მეტად ვიგრძნობდით, რომ გადამხდელები ვართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია გავ­­რცელებული მსგავსი პრაქტიკა და ამ ქვეყნებში საკმაოდ მაღალია საგადასახადო კულტურა. მეს­­მის, რომ ეს რადიკალური ზომაა და ამის ადმინისტ­­რირება არც მარტივია და არც იაფი, თუმცა შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – ადამიანებს გაუჩნდებათ იმის შეგრძნება, რომ ბიუჯეტის ფული რეალურად მათი ფულია! ადმინისტრირება რომ არ გავართულოთ, შეიძლება გადასახადის გადახდა ხდებოდეს წელიწადში ერთხელ, ასევე დამსაქმე­ბელსაც დავუტოვოთ კონტროლის მექანიზმი, მას შეეძლოს წლის ბოლოს ხელფასის დაკავება ურჩი გადამხდელებისთვის.

ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ხელისუფლე­ბას, ნებისმიერ ხელისუფლებას. თუმცა გასაგებია, რომ ეს არ შედის მათ მოკლევადიან ვიწრო ინტერე­სებში, რადგან თუ ხალხში გაძლიერდა იმის აღქმა, რომ ბიუჯეტის ფული ქვეყნის მმართველებს კი არა, გადასახადის გადამხდელებს ეკუთვნით, ხელისუფ­­ლებები ვეღარ გამოიყენებენ საბიუჯეტო რესურსს წინასაარჩევნოდ ან სხვა პირადი ინტერესების­­თვის.

როგორც აღვნიშნე, ეს რადიკალური ზომაა და ამიტომ უფრო მარტივი ვარი­ანტის მოფიქრებაც შეიძლება – მაგალი­თად, ჩარიცხვასთან ერთად დასაქმე­ბულს ეგზავნებოდეს მოკლე ტექსტური შეტყობინება მსგავსი შინაარსით: „2021 წლის სექტემბერში თქვენმა ხელფას­­მა შეადგინა 1250 ლარი, საიდანაც 1000 ლარი გერიცხებათ თქვენ, 250 ლარი კი ირიცხება ბიუჯეტში“. დამსაქმებლებ­­საც შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით მსგავსი შეტყობინების თავიანთი თა­ნამშრომლებისთვის გაგზავნა. ასევე შეიძლება ინტერნეტბანკში ყოველთვიურ ხარჯებში გაჩნდეს გადახდილი გადასა­ხადების გრაფა. მერწმუნეთ, გადასახა­დები პირველ ადგილზე თუ არა, მეორეზე მაინც მოხვდება.

საშემოსავლო გადასახადი საქართ­­ველოში პროპორციულია განსხვავებით ბევრი განვითარებული ქვეყნისგან, სა­დაც პროგრესული გადასახადებია დამ­­კვიდრებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში მაღალშემოსავლიანი ადამია­ნები იხდიან უფრო მაღალი განაკვეთით, ვიდრე დაბალშემოსავლიანები. ამასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გვაქვს მიღებული საერთაშორისო ორგა­ნიზაციებისგან (IMF), თუმცა საქართვე­ლოს ხელისუფლება არ ჩქარობს არათუ პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლას, არამედ ამ საკითხზე დის­­კუსიის დაწყებასაც კი. უდავოა, რომ სა­ქართველოში არსებული სისტემა ღარიბ მოსახლეობას განსაკუთრებით სტრე­სავს და რადგან საქართველოს მოსახ­­ლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ღარი­ბია, ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია, ამიტომ ჯერჯერობით მეც არ ვემხრობი პროგრესულ გადასახადებზე გადასვლას. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის გარკვეული სტიმული გამდიდრებისთვის, რაც ჩვენს რეალობაში პირველი რიგის ამოცანაა.

ღარიბი მოსახლეობისთვის საგა­დასახადო წნეხს კიდევ უფრო ზრდის არაპირდაპირი გადასახადები და გან­­საკუთრებით დამატებული ღირებულების გადასახადი. ეს ნაკლებად თვალსაჩი­ნოა, თუმცა რეალურად დღგ შედის იმ პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლე­სობაში, რომელთაც ჩვენ ყოველდღიუ­რად ვყიდულობთ. საქსტატმა შეიმუშავა საგადასახადო კალკულატორი, სადაც შეგვიძლია ჩავწეროთ ჩვენი შემოსავ­ლები და ხარჯები (ტიპების მიხედვით) და კალკულატორი გვითვლის გადახდილ გადასახადებს – როგორც პირდაპირს, ასევე არაპირდაპირს. ჩვენი საგადასა­ხადო ტვირთი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის პროდუქციას მოვიხმართ და ის შეიძლება იყოს 30%-40% შემოსავალ­­თან მიმართებით. თან გასათვალისწი­ნებელია, რომ აქ დარიცხული ხელფასი იგულისხმება და არა ის, რასაც „ხელზე“ ვიღებთ. შესაბამისად, ხელზე აღებულ ხელფასთან მიმართებით ჩვენი გადახ­­დილი გადასახადები ხშირად 50%-საც კი სცდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ ყოველთვიურად 1000 ლარს იღებთ, 500 ლარს იხდით გადასახადე­ბის სახით.

ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, ხალხ­­ში იყოს იმის აღქმა, რომ გადასახადების გადამხდელები არიან. ეს გაზრდის ხალ­­ხის მიერ ხელისუფლებაზე კონტროლის ხარისხს და ხელისუფლებებს მინიმუმ მყარი არგუმენტების მოფიქრება მოუ­წევთ იმისთვის, რომ ხალხის ფულით და­აფინანსონ, მაგალითად, საპარტნიორო ფონდი, რკინიგზა თუ არასტანდარტული ვაშლის წარმოება…