ვინ იყო ჩარლი კირკი, რომელიც გუშინ იუტის უნივერსიტეტში მოკლეს?

ვინ იყო ჩარლი კირკი, რომელიც გუშინ იუტის უნივერსიტეტში მოკლეს?

ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი გუშინ იუტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მოკლეს. კირკს უცნობმა თავდამსხმელმა ერთ-ერთი შენობის სახურავიდან სნაიპერული ტიპის იარაღით ესროლა და მიიმალა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. პოლიციამ მომხდარიდან მალევე ორი ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა ამ დროისათვის ორივე მათგანი თავისუფალია.

ჩარლი კირკი იუტის შტატში, ქალაქ ორემში იუტის საუნივერსტიტეტო კამპუსში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც ფატალური გასროლა მოხდა. ღონისძიებას 3,000-მდე ადამიანი ესწრებოდა.

კირკის მკვლელობას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს ამ და სხვა სახის პოლიტიკური ძალადობის ჩამდენი პირებისა და მათი ხელშემწყობი ორგანიზაციების გამოსავლენად. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი მომხდარს ქვეყანაში ულტრამემარცხენე ორგანიზაციების გაძლიერებას უკავშირებენ.

ჩარლი კირკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი და დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო. კირკმა 18 წლის ასაკში საზოგადოებრივი მოძრაობა, Turning Point-ი (ქართ. გარდამტეხი მომენტი) დააფუძნა, რის მიზანსაც ლიბერალურად განწყობილ ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში კონსერვატორული იდეალების გავრცელება წარმოადგენდა. ამ მიზნით ჩარლი კირკი სტუდენტებს სხვადასხვა საკითხზე მასთან დებატებს სთავაზობდა. იუტის უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება აღნიშნული ორგანიზაციის ტურის ფარგლებში დაგეგმილი 15 შეხვედრიდან პირველი იყო.

ჩარლი კირკმა ძირითადი საქმიანობა 2012 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევის შემდეგ დაიწყო. მისიას კი სტუდენტებში ფინანსური პასუხისმგებლობის, თავისუფალი ბაზრებისა და შეზღუდული მთავრობის ადვოკატირება წარმოადგენდა. სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები ჩარლი კირკს 850-ზე მეტ კოლეჯში აქვს ჩატარებული.

როგორც ხშირად აღნიშნავენ, კირკმა დიდი წვლილი შეიტანა დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევაში. ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავთ ის, რომ მისი ძალისხმევით პოლიტიკურად მერყევ შტატში, არიზონაში ათიათასობით ახალი ამომრჩეველი დარეგისტრირდა. შესაბამისად, კირკს ტრამპის გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად მიიჩნევენ. მასა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობა ტრამპის გამარჯვების შემდეგ დამყარდა, როდესაც კირკი მის ინაუგურაციას დაესწრო. მას შემდეგ ჩარლი კირკი ტრამპთან თეთრ სახლში ხშირად სტუმრობდა. კირკი დონალდ ტრამპ უმცროსთან ერთად გრენლანდიაშიც იმყოფებოდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.