ვირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელება ეკონომიკისთვის რისკების შემცველია, თუმცა ისრაელის ცენტრალური ბანკის მმართველი გაჯანსაღების ტემპის გაგრძელებას ელის. მისი განცხადებით, საბედნიეროდ, ეს არ არის ის შემთხვევა, რომელიც ხელს შეუშლის ისრაელს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში.
„2021 წელს და 2022 წლის დასასრულისათვის ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით იმ დონესთან, სადაც, წესით, პანდემიისდა მიუხედავად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ამირ იარონმა CNBC-სთან ინტერვიუში.
2021 წლისათვის ისრაელში მშპ-ის გაზრდა 5.5%-ითაა მოსალოდნელი, წინა წლის 6.3%-იანი ჩავარდნის შემდეგ. ქვეყნის მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით კი, 2022 წლისათვის ისრაელის მშპ 6%-ით გაიზრდება. იარონმა ასევე აღნიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკონომიკისათვის პანდემიის ეფექტებისაგან თავის დაღწევის დაჩქარებაში.
ვირუსის „დელტა“ ვარიანტის სწრაფი ტემპით გავრცელებამ კოვიდინფიცირების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაზარდა. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე კვირას შემთხვევების 88.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ცენტრალური ბანკის მმართველის განცხადებით, ისრაელმა ეროვნული ბიუჯეტი მალე უნდა დაამტკიცოს და მომავლის ტექნოლოგიებში მეტი ინვესტირება განახორციელოს და, გარდა ამისა, მისი აზრით, ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალზეც უნდა მიმართოს.
ახალი კოალიციური მთავრობის არჩევის შემდეგ, ისრაელმა საკუთარი ეროვნული ბიუჯეტი 2018 წლის შემდეგ პირველად უნდა დაამტკიცოს, რაც ქვეყანას ფინანსების სწორად განკარგვასა და პრიორიტეტების დასახვაში დაეხმარება.