16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ გამოაცხადა, რასაც დარგის ექსპერტების ნაწილის მხრიდან მწვავედ კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. კრიტიკა ნაწილობრივ შეეხებოდა წარდგენილი რეფორმის კონცეფციის იმ მხარეებს, რომლებიც განათლების ხარისხთან არის დაკავშირებული. თუმცა ამავე დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ დაგეგმილი რეფორმის პოლიტიკურ ასპექტებზე, რასაც ამ სტატიაში შევეცდები.
იმითდავიწყებ, რომ ზოგადად, განათლება არის პოლიტიკური საკითხი და ამის გააზრება ჩვენი საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ავტორიტარული სახელმწიფოები განათლების სისტემას იყენებენ მომავალი თაობების ინდოქტრინიზაციისთვის და პროფესორ-მასწავლებლის გასაკონტროლებლად. ხშირად ასეთი სახელმწიფოები განათლების სისტემაზე კონტროლის დამყარებას სწორედ „ხარისხის ამაღლების“ ეგიდით ცდილობენ. ამიტომ ჩვენს საზოგადოებას დაანონსებული რეფორმისადმი უკიდურესად სკეპტიკური დამოკიდებულების ქონა მართებს. ამის საფუძველს თავად რეფორმის კონცეფციაც იძლევა, რომელიც წერილობითი სახით განათლების სამინისტროს ვებგვერდზეა ატვირთული.
დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ რეფორმაში, ცხადია, ასევე საუბარია განათლების სისტემისთვის მართლაც საჭირბოროტო საკითხებზე. მაგალითად, ასეთებია: სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო პერსონალის დაბალი ანაზღაურება და ა.შ. ჩემი კრიტიკა არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ უმაღლესი განათლების სისტემაში მსგავსი პრობლემები არ არის.
თუმცა, ამ ლეგიტიმურ საკითხებთან ერთად, განათლების ახალი კონცეფცია შეიცავს პოლიტიკურად უაღრესად საშიშ ელემენტებს, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, პირველ რიგში, საჯარო უნივერსიტეტების ავტონომია სერიოზულად შეიზღუდება. ვინაიდან „უნივერსიტეტის ავტონომიის“ ცნება საბჭოთა კავშირში არ არსებობდა, ჩვენი წარსულიდან გამომდინარე, თანამოქალაქეთა ნაწილისთვის ეს კონცეფცია შესაძლოა უცნობი იყოს. ამიტომ ქვემოთ მოკლედ განვმარტავ, თუ რა იგულისხმება „ავტონომიაში“.
ევროპის ქვეყნებში დაახლოებით მე-18 საუკუნიდან უმაღლესი განათლება მჭიდროდ დაუკავშირდა „აკადემიური თავისუფლების“ ცნებას. ამ უკანასკნელის მიხედვით, სწავლების პროცესი სრულად უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის უნდა იყოს ავტონომიური. სხვა შემთხვევაში, უმაღლესი განათლება, რომელიც ძალაუფლების მქონეთა ინტერესებს არის სრულად დაქვემდებარებული, ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი აზროვნების დანერგვას. ეს კი, თავის მხრივ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის და დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარია.
თუ სახელწიფო ჩაერევა განათლების სისტემაში, შეუძლებელი იქნება, მინიმუმ, სხვადასხვა დარგის თავისუფლად მოაზროვნე პროფესიონალების მომზადება. გასათვალისწინებელია, რომ აკადემიური თავისუფლების იდეალი ეხება როგორც ავტორიტარულ, ისე დემოკრატიულ სახელმწიფოებს. დასავლეთის ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ უმაღლეს განათლებაში დემოკრატიული სახელმწიფოების ჩარევაც კი დაუშვებელია, არათუ ავტორიტარულის.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საგანგაშოა უმაღლესი განათლების შემოთავაზებული რეფორმის შემდეგი პასაჟი:
„საუნივერსიტეტო სისტემაში რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა დაინერგოს პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი. თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით“.
უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვის გარეშე ამის გაკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. გამოდის, რომ სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, რომელ საჯარო უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტი იქნება. ძნელი მისახვედრი არაა, რომ არსებობს ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ, ვთქვათ, ილიას უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტს, რომელსაც მთავრობისადმი არალოიალურად განწყობილი პროფესორ-მასწავლებლები შეადგენენ, განათლების სამინისტრომ არჩიოს ისეთი უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტი, რომელზეც მისადმი შედარებით ლოიალურად განწყობილი აკადემიური პერსონალი ასწავლის.
იმაზე, რომ განსაკუთრებით ილიას უნივერსიტეტზეა ზეწოლა, მეტყველებს ისიც, რომ შემოთავაზებული რეფორმის კონცეფციის მიხედვით, მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, მათი „ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების“ მიხედვით. ეს განაწილების არალოგიკური პრინციპია, რადგან, წესით, ტრადიციები და ისტორიული გამოცდილება კი არა, საერთაშორისო რეიტინგები უნდა განსაზღვრავდეს იმას, თუ რომელი უნივერსიტეტებია კონკრეტულ დარგებში წამყვანი. ის, რომ, ვთქვათ, ილიას უნივერსიტეტი ტრადიციულად საბუნებისმეტყველო დარგებზე არაა სპეციალიზებული, არ ნიშნავს იმას, რომ ის ამ სფეროებში მაღალი დონის კვლევასა და სწავლებას არ უზრუნველყოფს.
უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, პრემიერმა კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს ერთი ლიდერი, ერთი ხელმძღვანელი, ერთი სრული პროფესორი, რომელთან ერთადაც იმუშავებს 2-3 ასოცირებული პროფესორი და 10-ზე მეტი ასისტენტ-პროფესორი“. ძნელი სათქმელია, რა იგულისხება „მიმართულებაში“: რომელიმე დარგი, ქვედარგი თუ მთლიანი ფაკულტეტი. თუმცა წარმოვიდგინოთ, რომ კონკრეტულ დარგს, ქვედარგს ან, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ფაკულტეტს ჰყავს ორი ან მეტი სრული პროფესორი. ვინ გადაწყვეტს, ვინ უნდა დარჩეს და ვინ წავიდეს? თავად უნივერსიტეტმაც რომ გადაწყვიტოს, იქნება თუ არა ეს უხეში ჩარევა აკადემიურ თავისუფლებაში? ცნობილია, რომ სრული პროფესორები, დასავლური მოდელის მიხედვით, სრულად დაცულები უნდა იყვნენ როგორც გარე, ისე შიდა ზეწოლისგან. ამ პირობებში კი გამოდის, რომ საჯარო უნივერსიტეტის ნებისმიერი სრული პროფესორი უნდა მოელოდეს, რომ მალე უმაღლეს აკადემიურ თანამდებობას, რასაც თავისი შრომით მიაღწია, საეჭვო მიზეზით, შეიძლება დაემშვიდობოს.
რეფორმის კონცეფციის ფარგლებში, საკადრო პოლიტიკის განსაზღვრასთან ერთად, სახელმწიფოს ეძლევა უნივერსიტეტებზე კონტროლის დამყარების ფინანსური მექანიზმიც. უფრო კონკრეტულად, შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს, თუ რომელ ფაკულტეტს როგორი დაფინანსება ექნება, „სახელმწიფო ამოცანებიდან გამომდინარე“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი აქამდე სტუდენტები თავად წყვეტდნენ, სად ჩააბარებდნენ გრანტით ან უგრანტოდ და აქედან იღებდნენ უნივერსიტეტები შემოსავალს, ახლა სახელმწიფო განსაზღვრავს, თუ რომელი მიმართულება როგორ დაფინანსდება. მარტივი მისახვედრია, რომ ასე განათლების სამინისტროს მეტი ბერკეტი ჩაუვარდება ხელში პოლიტიკურად აქტიურ პროფესორებსა და სტუდენტებზე ზეწოლის განსახორციელებლად. ვთქვათ, რომელიმე უნივერსიტეტს თავისი შეხედულებისამებრ შეუმცირებს ან შეუწყვეტს დაფინანსებას, ვინაიდან დაფინანსება აღარ იქნება დამოკიდებული სტუდენტების გრანტებსა და გადასახადებზე.
შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ შემოთავაზებულ რეფორმას შეუძლია, მინიმუმ, ილიას უნივერსიტეტის ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ან ორივეს, დაშლა და სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების სერიოზულად დაზიანება. ფაკულტეტების განაწილებასა და საკადრო პოლიტიკაზე, ასევე ფინანსების განაწილებაზე წვდომის მოპოვებით, სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა, უმაღლესი განათლების მუშაკებსა და სტუდენტებს პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიოს თავს.
სამწუხაროდ, მიმდინარე დისკუსიებში შემოთავაზებული მოდელის შესახებ, რეფორმის პოლიტიკურ ასპექტებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა. ნაწილობრივ, ეს იმითაა განპირობებული, რომ რეფორმის კონცეფციაში განათლების ხარისხთან დაკავშირებული ბევრი საჭირბოროტო საკითხია წამოჭრილი. ნაწილობრივ, ამის მიზეზი ისაა, რომ, როგორც ზემოთ დავწერე, უნივერსიტეტების ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების იდეები ჩვენთან სათანადოდ არ არის ფესვგადგმული. ამ პირობებში – განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც სტუდენტების მხრიდან სათანადო წინააღმდეგობა არ ჩანს, სახელმწიფოს უმაღლესი განათლების არსებული, მეტ-ნაკლებად თავისუფალი სისტემის განადგურება ადვილად შეუძლია.








