ვიზუალური კომუნიკაციის ახალი სტანდარტი

ვიზუალური კომუნიკაციის ახალი სტანდარტი

ჯაბა ჩიტიძემ Sunlight Production-ი 3 წლის წინ დააფუძნა და მიზნად დაისახა, ქართულ ბაზარზე ვიდეო და ფოტო წარმოების ახალი, პრემიუმ ხარისხი დაემკვიდრებინა. დღეს კომპანია მომხმარებელს წარმოების სრულ ციკლს სთავაზობს, იყენებს მაღალი ხარისხის ტექნიკას, AI-სისტემებს და საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებასთან ერთად, საკუთარი სკოლის გახსნასაც გეგმავს.

ჯაბა, როდის და რატომ შექმენი Sunlight Production-ი? რამ გიბიძგა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ?

Sunlight Production შეიქმნა 3 წლის წინ, იმ ბრენდებისა და ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი თავის წარმოჩენა სურდათ და სჭირდებოდათ არა უბრალოდ “ლამაზი კადრი”, არამედ ვიზუალური ისტორია, რომელიც მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარებაში დაეხმარებოდათ.

შექმნის იდეა ბუნებრივად გაჩნდა ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან. ქართულ სატელევიზიო სივრცეში 15-წლიანი მუშაობით უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება დავაგროვე და მივხვდი, რომ მზად ვიყავი ახალი ეტაპისთვის. ტელევიზიამ მასწავლა სისწრაფე და კრიზისების მართვა, მაგრამ მინდოდა, შემექმნა სივრცე, სადაც მთავარი აქცენტი კრეატიულ თავისუფლებასა და უმაღლეს კინემატოგრაფიულ ხარისხზე იქნებოდა. 

მაწუხებდა ფაქტი, რომ ბაზარზე ხარისხი ხშირად კომპრომისების ხარჯზე მიიღწეოდა და გადავწყვიტე, დამეარსებინა კომპანია, რომელიც დამკვეთს არა უბრალოდ ვიდეოს, არამედ სრულ საავტორო, კინემატოგრაფიულ და პრემიუმ კლასის პროდუქტს შესთავაზებდა. 

როგორია Sunlight Production-ის მიდგომა საქმისადმი? რა არის თქვენი უპირატესობა და რას აკეთებთ განსხვავებულად?

ჩვენი ხელწერა პერსონალიზაცია და პროცესების სრული კონტროლია. თითოეულ პროექტს ვუდგებით როგორც უნიკალურ ბიზნესამოცანას. უპირატესობა კი ისაა, რომ ვართ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ პარტნიორები — მე თავად ვარ ჩართული პროექტის მენეჯმენტშიც და რეჟისურაშიც. 

ტექნიკური თვალსაზრისით, კომპრომისებზე არ მივდივართ. ვიყენებთ უმაღლესი კლასის კინოკამერებს, პრემიუმ ოპტიკასა და ხმის ჩაწერის თანამედროვე სისტემებს. ტექნიკურ სრულყოფილებას კი ვუმატებთ ემოციურ სთორითელინგს. 

ერთ-ერთი უპირატესობაა ისიც, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ ვიდეო წარმოებას ნებისმიერი სახის და სირთულის პროექტზე, რომელზეც, იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე, ერთი გუნდი მუშაობს, თანაც ისე, რომ მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე კონტრაქტორთან ურთიერთობა.

ჩვენი გუნდი სრულყოფილად ფარავს წარმოების სამივე ეტაპს: pre-production (იდეის მოფიქრება, სცენარის დაწერა, ბიუჯეტის შედგენა, კადრირება და ლოკაციების მოძიება), production (რეჟისურა, გადაღება, განათება და ხმის რეჟისურა) და post-production (მონტაჟი, ფერის კორექცია, ხმის დიზაინი, 3D გრაფიკა და  ანიმაცია). 

ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია, რაც მომხმარებელს დამატებით სანდოობასა და უსაფრთხოებას აძლევს. 

კონკრეტულად რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს? რა ტიპის კონტენტს ქმნით მათთვის?

მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ ვიდეო და ფოტო წარმოებას. ეს მოიცავს სარეკლამო რგოლების, კორპორაციული ვიდეოების გადაღებას, ღონისძიებების გაშუქებას, ასევე პროდუქტისა და Lifestyle ფოტოსესიებს (მათ შორის, თანამედროვე, დინამიკური UGC-სტილის კონტენტის შექმნას).

სერვისის განუყოფელი ნაწილია მაღალი დონის პოსტ-პროდაქშენი — ვიდეომონტაჟი, კომპლექსური ფერების კორექცია და ხმის დიზაინი. სერვისების სპექტრი ფართოა და მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე სპეციალიზებულ ფორმატებს, როგორიცაა 360-გრადუსიანი გადაღება, time lapse-ი და ა.შ.

რამდენად მნიშვნელოვანია დამკვეთისთვის, რომ ერთ პარტნიორთან მიიღოს სრული მომსახურება — კონცეფციიდან საბოლოო პროდუქტამდე?

ეს, ალბათ, ჩვენი მთავარი ღირებულებაა. როცა კონცეფცია, გადაღება და მონტაჟი სხვადასხვა გუნდშია გაბნეული, ხშირად იკარგება ერთიანი ხედვა და კომუნიკაციაზე ზედმეტი დროც იხარჯება. ჩვენთან დამკვეთი ერთ პარტნიორთან თანამშრომლობს დასაწყისიდან საბოლოო პროდუქტამდე, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ დროისა და ბიუჯეტის ეკონომიას, არამედ ვიზუალურ და ესთეტიკურ თანმიმდევრულობასაც. 

კომპანიებს ვიზუალური კომუნიკაციისას განსხვავებული მოთხოვნები აქვთ. როგორ ახერხებთ სტრატეგიის ადაპტირებას სხვადასხვა სექტორის საჭიროებებზე?

ყველაფერი იწყება დამკვეთის საქმიანობის ღრმა ანალიზითა და სწორი Moodboard-ის შექმნით. სანამ კამერას ჩავრთავთ, ვსწავლობთ კონკრეტული სექტორის სპეციფიკას. მაგალითად, საფინანსო სექტორისთვის გადაღებული კამპანია სანდოობასა და სოლიდურობაზე აკეთებს აქცენტს, რაც აისახება განათებასა და კადრის ტემპში, ხოლო უძრავი ქონების ან Lifestyle ბრენდებისთვის (მაგალითად, დიზაინერული სივრცეების გადაღებისას) მთავარი დეტალების, ესთეტიკისა და ემოციის ჩვენებაა. 

ჩვენი სტრატეგია მოქნილია და ყოველთვის ერგება კონკრეტული ბრენდის მარკეტინგულ მიზნებს. თითოეული სექტორი განსხვავებულ ვიზუალურ ენაზე საუბრობს, საავტომობილო ბრენდს სჭირდება დინამიკა და ტექნიკური სიზუსტე, ხოლო სასტუმროს ან რესტორანს — ატმოსფერო და ემოცია. ამიტომ, ყოველი პროექტი იწყება ბრენდის, აუდიტორიისა და მიზნის ღრმა შესწავლით. პროექტის დაგეგმვის ეტაპზე სწორედ ამ დეტალების ანალიზი გვეხმარება სტრატეგიის ზუსტ ადაპტირებაში. 

როგორია პრემიუმ ხარისხი ვიდეო და ფოტო წარმოებაში და როგორ უზრუნველყოფთ მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას სხვადასხვა მასშტაბის პროექტებში?

პრემიუმ ხარისხი ჩვენთვის სამი რამის ჯამია: ტექნიკური სიზუსტე (განათება, კადრირება, ხმის ხარისხი), მხატვრული ხედვა (სცენარი, სტილისტიკა, რეჟისურა) და დეტალებზე ზრუნვა Post-production-ის ეტაპზე — ფერის კორექციიდან ხმის დიზაინამდე. 

მასშტაბის მიუხედავად, იქნება ეს პატარა პროდუქტის ფოტოსესია თუ მრავალდღიანი სარეკლამო კამპანია, პროცესი ერთი და იგივე სტანდარტით მუშაობს, მაგრამ პროპორციულად ერგება პროექტის მასშტაბსა და ბიუჯეტს. 

როგორია Post-Production-ის მნიშვნელობა საბოლოო შედეგის ფორმირებაში?

Post-production-ი არის ის ეტაპი, რომლის დროსაც “შავი მასალა” საბოლოო ისტორიად იქცევა. მონტაჟი განსაზღვრავს ტემპსა და რიტმს, ფერის კორექცია განწყობასა და ბრენდის ვიზუალურ იდენტობას, ხმის დიზაინი და მუსიკის შერჩევა ემოციურ გავლენას, ხოლო 3D გრაფიკა და ანიმაცია საშუალებას გვაძლევს, დავამატოთ ისეთი ელემენტები, რაც გადაღების დროს ფიზიკურად შეუძლებელია. ეს ეტაპი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გადაღება. სწორედ აქ იქმნება ემოციური რიტმი, რომელიც ვიდეოს სრულყოფილს ხდის.

ვინ არიან თქვენი ძირითადი დამკვეთები და როგორ იცვლება მათი მოთხოვნები დროთა განმავლობაში?

ჩვენი პორტფოლიო მოიცავს როგორც დიდ საერთაშორისო ბრენდებს (Škoda, Audi, Volvo, Kia, Mitsubishi, MAN, USAID, Forbes), ისე ადგილობრივ კომპანიებსა და დეველოპერულ, სასტუმრო თუ სავაჭრო ბიზნესებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სასტუმროებსა და ღვინის სახლებს თუ სხვა. 

ბოლო წლებში შესამჩნევია ერთი ტენდენცია — დამკვეთები აღარ კმაყოფილდებიან ერთჯერადი ვიდეოთი, არამედ ითხოვენ გრძელვადიან, სისტემურ კონტენტ-სტრატეგიას სხვადასხვა პლატფორმისთვის. 

დროთა განმავლობაში მათი მოთხოვნები უფრო ტექნოლოგიური და დინამიკური გახდა. ტრადიციულ ვიდეოებთან ერთად, სულ უფრო ხშირად ითხოვენ 360-გრადუსიან ვიდეოებს, პირდაპირ სტრიმინგს რამდენიმე კამერით და მრავალფეროვან კონტენტს. 

კომპანიების მცირე ჩამონათვალი, ვისთანაც მინიმუმ ერთხელ ვითანამშრომლეთ Sunlight-ის შექმნის დღიდან:

ჯაბა, რა როლი აქვს ვიზუალურ კომუნიკაციას სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმების ეპოქაში?

დღეს ვიზუალური კომუნიკაცია ნებისმიერი ბიზნესის წარმატების ფუნდამენტია. ესაა ბრენდის “შეხვედრის წერტილია” მომხმარებელთან. ხშირად, სოციალურ ქსელში გატარებული რამდენიმე წამი წყვეტს, ჩამოყალიბდება თუ არა ნდობა ბრენდის მიმართ. ამიტომაც ვიდეო და ფოტო კონტენტი აღარაა დამატებითი ინსტრუმენტი, ის მარკეტინგული სტრატეგიის ბირთვია. 

ჩვენი გუნდი კი გეხმარებათ ნებისმიერი სახის სარეკლამო პროექტის განხორციელებაში, რათა ციფრულ ეპოქაში გამოირჩეოდეთ. ვქმნით ისეთ ისტორიებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მომხმარებელს და მასთან ემოციურ კავშირს ამყარებს, რაც, საბოლოო ჯამში, კონვერტაციასა და ბრენდის ლოიალობაზეც აისახება. 

რამდენად აქტიურად იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს (AI) და რა მიმართულებით?

ხელოვნური ინტელექტი Sunlight Production-ის ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენ მას განვიხილავთ არა როგორც შემოქმედის ჩამნაცვლებლად, არამედ მძლავრ ასისტენტად, რომელიც რუტინულ პროცესებს აჩქარებს და მეტ დროს გვიტოვებს წმინდა შემოქმედებითი სამუშაოსთვის. AI-ს წარმოების თითქმის ყველა ეტაპზე ვიყენებთ:

  • პრე-წარმოება და იდეების ვიზუალიზაცია: კონცეფციაზე მუშაობის ეტაპზე AI-ს ვიყენებთ სცენარების სტრუქტურირებისა და სთორიბორდების (Storyboards) შესაქმნელად. ეს გვეხმარება, დამკვეთს ზუსტად ვაჩვენოთ კადრის ესთეტიკა და განწყობა მანამ, სანამ გადაღება დაიწყება.
  • ვიდეო გენერაცია და კინემატოგრაფიული კონტროლი: ვიზუალური ეფექტებისა და სპეციფიკური, რთული სცენების შესაქმნელად აქტიურად ვიყენებთ Higgsfield-ის პლატფორმას. მისი მთავარი უპირატესობა კამერის მოძრაობასა და კადრის დინამიკაზე უპრეცედენტო კონტროლია. ეს გვაძლევს საშუალებას, დავაგენერიროთ მაღალი ხარისხის კინემატოგრაფიული კადრები და გავაცოცხლოთ ისეთი იდეები, რომელთა ტრადიციული გზით გადაღება დიდ დროსა და რესურსს მოითხოვდა. 
  • მონტაჟი და დიზაინი: ყოველდღიურ რეჟიმში ვიყენებთ Adobe-ის ეკოსისტემაში (Premiere Pro, Photoshop, Lightroom) ინტეგრირებულ AI ფუნქციებს.
  • Speech-to-Text ინტეგრაციები: პროცესების კიდევ უფრო დასაჩქარებლად ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ აუდიო-ტექსტის ტექნოლოგიებს, რაც უდიდეს დროს გვიზოგავს მასალის გაშიფვრისა და ვიდეოსთვის ავტომატური სუბტიტრების გენერირებისას.

საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიების ღრმა ინტეგრაცია გვაძლევს საშუალებას, კომპანიის რესურსები მივმართოთ მთავარ მიზანზე — ემოციაზე, სთორითელინგსა და იმ პრემიუმ ესთეტიკაზე, რასაც Sunlight Production-ი დამკვეთს სთავაზობს.

რა გეგმები აქვს Sunlight-ს სამომავლო განვითარებისთვის?

Sunlight-ის სამომავლო ხედვა მუდმივ ზრდას, ტექნოლოგიურ ადაპტაციასა და ინდუსტრიაში ახალი ტენდენციების დამკვიდრებას ეფუძნება. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო მიზანია საგანმანათლებლო სივრცის — პროდაქშენ სკოლის დაარსება. ეს პლატფორმა ახალ, ნიჭიერ თაობას მისცემს შესაძლებლობას, დაეუფლოს გადაღებასა და მონტაჟს, დააგროვოს პრაქტიკული გამოცდილება და შემდგომში Sunlight-ის გუნდსაც კი შეურთდეს, რაც ხელს შეუწყობს ქართულ ინდუსტრიაში პროფესიონალი კადრების მუდმივ განვითარებას.

ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა AI-ტექნოლოგიების სრულ ინტეგრაციას. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (მაგალითად, Higgsfield-ის მსგავსი პლატფორმები) არა მხოლოდ რუტინის გასამარტივებლად, არამედ დამოუკიდებელ კრეატიულ ინსტრუმენტად გამოიყენება, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ ჰიბრიდული კამპანიები, სადაც ტრადიციული გადაღება და AI-სამყარო ერთმანეთს იდეალურად შეერწყმება.

სტრატეგიული განვითარების კიდევ ერთი მთავარი მიმართულება საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირება და გუნდის გაფართოებაა. კომპანიის ამბიციაა, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და საკუთარი გამოცდილება რეგიონულ თუ საერთაშორისო პროექტებში გამოიყენოს. ამ პროცესში Sunlight-ი ეყრდნობა პრინციპს — „ყველგან, სადაც ბიზნესს ვჭირდებით“, რაც მოითხოვს გუნდის ზრდას იმ ახალგაზრდა ტალანტებით, რომლებიც ჩვენსავე სკოლაში აღიზრდებიან.

საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, მთავარ ღირებულებად მაინც იდეა და ადამიანური ემოცია რჩება. კომპანიის მისია სწორედ ამ ემოციის უმაღლესი ხარისხით გადმოცემა და ისეთი სტრატეგიული ვიზუალური ისტორიების შექმნაა, რომლებიც ბიზნესებს ეხმარება საკუთარი ხმის პოვნაში, ნდობის მოპოვებასა და საერთაშორისო მასშტაბით განვითარებაში.