ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი ისტორიაში პირველად ადგილობრივი ქარხნების დახურვას განიხილავს. ამის მიზეზი კი აზიურ ავტომწარმოებლებთან კონკურენციის ფონზე გაზრდილი ხარჯებია. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ოლივერ ბლუმესა და ავტომოწარმოებელზე დიდი გავლენის მქონე გაერთიანებებს შორის გაჩენილი პირველი დიდი დაპირისპირების შედეგია.
გერმანული ავტომწარმოებლებისა და ზოგადად საწარმოო ინდუსტრიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე დიდ გავლენას ახდენს გერმანული პროფკავშირების გაერთიანებები. ერთ-ერთი ასეთი IG Metall-ი გახლავთ, რომელიც გერმანიის სამუშაო ძალის დაახლოებით 15%-ს აერთიანებს. შესაბამისად, მათ მოთხოვნებს დიდი მწარმოებლები ყოველთვის ითვალისწინებენ.
ბუნებრივია, Volkswagen-ის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებამ ადგილობრივი რამდენიმე ქარხნის დახურვასთან დაკავშირებით პროფკავშირების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი განცხადებით, ისინი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ.
სამუშაო საბჭოს ინფორმაციით, Volkswagen-ი გერმანიაში დიდი ავტომობილების ერთი საწარმოსა და ავტონაწილების ერთი ქარხნის დახურვას განიხილავს. საკითხის განსახილველად მხარეები ოთხშაბათს შეხვდებიან. IG Metall-ის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებში Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება.
გარდა ამისა, Volkswagen-მა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს „სამსახურის უსაფრთხოების“ პროგრამაც, რომელიც ძალაში 1994 წლიდანაა შესული და კომპანიას სამუშაო ადგილების შემცირებაზე უარის თქმას 2029 წლამდე ავალდებულებდა. ამჟამად Volkswagen-ში 680,000 ადამიანია დასაქმებული. ინდუსტრიის ელექტრიფიკაციის შედეგად ხარჯების ზრდის გამო, კომპანია 2026 წლისთვის $11 მილიარდის დაზოგვას გეგმავს. აღნიშნულის ერთ-ერთ მთავარ გზად კი რამდენიმე ადგილობრივი ქარხნის დახურვას განიხილავს.