ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და მათი მოკავშირეების ნაწილმა, პრეზიდენტ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლად გამოცხადებისა და ტერიტორიებზე ჯარების გაგზავნის შემდგომ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, პუტინის ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია სანქციების მთელი სპექტრი, რომელსაც დასავლური ქვეყნები უარესი სცენარისთვის ამზადებენ.
სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესდა
ევროკავშირმა სანქციები 27 რუს პირსა და ორგანიზაციებს, მათ შორის ბანკებს დაუწესა. ევროკავშირსა და ამბოხებულთა ხელში მყოფ რეგიონებს შორის იკრძალება ვაჭრობა, ასევე ორგანიზაციის მიერ შეიზღუდება წვდომა ევროპული კაპიტალის ბაზრებზე. სანქციებს დაექვემდებარება რუსეთის დუმის 351 წევრი.
ტერიტორიების აღიარების შემდგომ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ლუგანსკსა და დონეცკში ამერიკელებს ბიზნესსაქმიანობის წარმართვა აეკრძალათ. თეთრი სახლის განცხადებით, „რუსეთის მიერ უკრაინაში კიდევ უფრო შეჭრით“ სანქციები გაფართოვდება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სანქციები ხუთ რუსულ ბანკსა და სამ მდიდარ რუს ბიზნესმენს დაუწესა. საჭიროების შემთხვევაში განიხილება სანქციების გაფართოებაც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებაა.
დამატებით რა სანქციები შეიძლება დაუწესდეს რუსეთს?
რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვა:
რუსეთისთვის დამატებითი სანქციების შემოღების შემთხვევაში SWIFT-იდან, საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, ქვეყნის გარიცხვაც განიხილება. SWIFT-ს მთელ მსოფლიოში ათასობით ფინანსური ინსტიტუტი იყენებს, გარიცხვა კი რუსული ბანკებისთვის საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებას გაართულებს. თუმცა სანქციის შემოღება ეკონომიკურ ხარჯს აშშ-ისა და გერმანიისთვისაც წარმოადგენს, რომელთა ბანკებსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ. SWIFT-იდან რუსეთის გარიცხვას, შეჭრაზე დაუყოვნებლივ პასუხად არ განიხილავს თეთრი სახლიც.
რუსეთის ბანკებისთვის დოლარის გამოყენების აკრძალვა:
შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რუსეთს აშშ დოლართან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციები აუკრძალოს. ნებისმიერი დასავლური ფირმა კი, რომელიც რუსულ ინსტიტუტებთან დოლარში გარიგებას დადებს, დააჯარიმოს. აღნიშნულ სანქციას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, რადგან მისი ნავთობისა და გაზის გაყიდვების უმეტესი ნაწილი სწორედ დოლარშია. სანქციამ შესაძლოა სხვადასხვა სექტორში რუსეთის საგარეო ვაჭრობაც დააზარალოს. თუმცა ეს პარალელურად რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემცირებას გამოიწვევს, რაც რუსულ გაზზე დამოკიდებულ ევროპულ ქვეყნებზეც იმოქმედებს.
რუსული ბანკები შავ სიაში:
აშშ-ის მიერ რუსული ბანკების შავ სიაში შეყვანით, ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელება თითქმის შეუძლებელი გახდება. მოსკოვს ინფლაციის ზრდისა და შემოსავლის შემცირებისგან თავის ასარიდებლად და ბანკების გადასარჩენად რადიკალური ზომების მიღება მოუწევს, თუმცა ამან შესაძლოა ის დასავლელი ინვესტორებიც დააზარალოს, რომელთაც რუსეთის ბანკებში აქვთ თანხა. გარდა ამისა, რუსეთი ცენტრალურ ბანკში, მსგავსი ეკონომიკური შოკებისგან თავდასაცავად, $630 მილიარდზე მეტის რეზერვებს ინახავს.
რუსეთში მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტის ბლოკირება:
დასავლეთს რუსეთში ისეთი ძირითადი მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტის შეზღუდვა შეუძლია, როგორიც, მაგალითად, აშშ-ის მხრიდან ნახევრად გამტარი მიკროჩიპების მიწოდებაა. ეს კი გავლენას არა მხოლოდ რუსეთის თავდაცვისა და საჰაერო კოსმოსურ სექტორზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე იქონიებს. თუმცა ამან შესაძლოა, ტექნოლოგიური სექტორის ექსპორტიორი კომპანიებიც არანაკლებ დააზარალოს.
ენერგიის შეზღუდვები:
რუსეთის ეკონომიკა დიდწილად გაზისა და ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული. დასავლურ ქვეყნებს შეუძლიათ, უარი თქვან რუსული ენერგოგიგანტებისგან, Gazprom-ისა და Rosneft-ისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე, მაგრამ ქვეყნების ბოიკოტმა შესაძლოა ევროპაში საწვავის დეფიციტი და გაზის ფასების ზრდა გამოიწვიოს.
სირთულეები დასავლეთისთვის
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნები მკაცრ სანქციებზე კოორდინირებულნი არიან. თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მცირე ნაბიჯებით გადაწყვეტს მოქმედებას, შედარებით ბუნდოვანია. ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ამ სცენარის შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის ქმედებაზე საპასუხოდ ალბათ განსხვავებული დამოკიდებულება ექნებათ. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც შედარებით უფრო მჭიდრო ურთიერთობით გამოირჩევა რუსეთთან, მაგალითად უნგრეთს, იტალიასა და ავსტრიას, შესაძლოა სულაც არ სურდეთ მკაცრი სანქციების შემოღება.