ფოტო: Kena Betancur/VIEWpress via Getty Images
დღეს, 3 თებერვალს, Walmart-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ის საცალო ვაჭრობის მიმართულებით პირველი კომპანიაა, რომელმაც აღნიშნული ნიშნული გადაკვეთა. შედეგად, Walmart-ი შეუერთდა კომპანიების ექსკლუზიურ კლუბს, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციით 13-ნიშნა შეფასებას მიაღწეს. ეს კლუბი, ძირითადად, ტექნოლოგიური გიგანტებისგან არის დაკომპლექტებული, როგორიცაა: Nvidia, Amazon-ი, Alphabet-ი, Microsoft-ი და Meta.
მსოფლიოს უდიდესი საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასი აღმოსავლეთის სტანდარტული დროით დღის 12 საათისთვის 2.5%-ით გაიზარდა და აქციაზე პიკურ ღირებულებას, 126 დოლარს მიაღწია. ამჟამად Walmart-ის ერთი აქციის ფასი 127 დოლარს აჭარბებს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.012 ტრილიონს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის $1 ტრილიონს, Walmart-ის ჩათვლით, საჯაროდ დალისტული 12 კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია აჭარბებს. მათ შორის კი ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia ლიდერობს, რომლის ღირებულებაც $4.363 ტრილიონს შეადგენს. მეორე ადგილზე $4.122-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ია. სამეულს iPhone-ის მწარმოებელი Apple-ი ასრულებს, რომლის ღირებულებაც $3.965 ტრილიონს უტოლდება.
საცალო ვაჭრობის გიგანტმა $1-ტრილიონიან შეფასებას ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-100-ზე გადასვლიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მიაღწია და სულ რაღაც ორი დღის შემდეგ – რაც ჯონ ფერნერმა კომპანიის CEO-ს პოსტზე დაგ მაკმილონი შეცვალა.
ცნობისთვის, Walmart-ი სემ უოლტონმა და მისმა ძმამ, ბად უოლტონმა 1962 წელს, არკანზასში დააარსეს. კომპანიის სათავო ოფისი დღემდე ბენტონვილში მდებარეობს. რითეილერის წარმატებამ უოლტონების ოჯახს უდიდესი სიმდიდრე მოუტანა. ოჯახის წევრები დღემდე Walmart-ის აქციების დაახლოებით 45%-ს ფლობენ.
სემის უფროსი ვაჟი და კომპანიის ყოფილი თავმჯდომარე, რობ უოლტონი, Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს მეცხრე უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება დაახლოებით 144.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჯიმ უოლტონი, სემის უმცროსი ვაჟი, მსოფლიოს მე-12 უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც 141.7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ელის უოლტონი, სემის ქალიშვილი, მცირედით ჩამორჩება ძმას და მისი ქონება დაახლოებით 133.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ლუკას უოლტონმა, სემის შვილიშვილმა, მამის – ჯონ უოლტონის ქონება მისი გარდაცვალების შემდეგ, 2005 წელს მიიღო და ის ამჟამად დაახლოებით 48.7 მილიარდ დოლარს ფლობს.










