მედიასააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Warner Bros Discovery-მ კონკურენტი კომპანიებისგან – Paramount Skydance-ისგან, Comcast-ისგან და Netflix-ისგან – სტრატეგიული შესყიდვის წინადადებები მიიღო. შეთავაზებები მედიაინდუსტრიაში მნიშვნელოვანი კონსოლიდაციის საფუძველს ქმნის და განსაზღვრავს ისეთი აქტივების მომავალს, როგორიცაა HBO, Warner Bros-ის კინოთეკა და DC Comics-ის სამყარო.
როგორც ცნობილია, Paramount-ი კომპანია Warner Bros Discovery-ის სრულად შეძენით არის დაინტერესებული, მათ შორის საკაბელო ქსელებითაც. გარიგებას მხარს მედიაგიგანტის საკონტროლო წილის მფლობელი, Oracle-ის თანადამფუძნებელი, მილიარდერი ლარი ელისონი უჭერს.
Comscore-ის ცნობით, გარიგების მიღწევის შემთხვევაში Paramount-ი მნიშვნელოვნად გაზრდის გავლენას კინოგაქირავების ბაზარზე. კერძოდ, ის ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრების ბაზრის 32%-ს დაიკავებს და სტრიმინგის მიმართულებას HBO Max-ისა და Paramount+-ის კომბინაციით კიდევ უფრო გააძლიერებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Warner Bros Discovery-ის დირექტორთა საბჭომ თითქმის მთლიანად ნაღდ ანგარიშსწორებაზე დაფუძნებული $24-იანი შეთავაზება უარყო, რაც კომპანიას დაახლოებით $60 მილიარდად აფასებდა. ამის შემდეგ Warner Bros Discovery-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ სტრატეგიულ ვარიანტებს განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Comcast-ი Warner Bros-ის კინოსტუდიით, სატელევიზიო ბიზნესით და HBO-ს აქტივებით არის დაინტერესებული. „სუპერმენისა“ და „ბეტმენის“ მსგავს პერსონაჟებზე უფლებების მიღება Comcast-ს არა მხოლოდ სტრიმინგისა და კინოგაქირავების მიმართულებას გაუძლიერებს, არამედ თემატური პარკების ბიზნესსაც. სტუდიების ერთიანი წილი ჩრდილოეთ ამერიკის კინოგაქირავების ბაზარზე 43%-ს გადააჭარბებს.
Warner Bros-ის შეძენით დაინტერესებულია Netflix-იც, რომელსაც სურს, მიიღოს წვდომა სტუდიის ფილმებისა და ფრენჩაიზების მდიდარ კატალოგზე, მათ შორის „ჰარი პოტერსა“ და „ბეჭდების მბრძანებელზე“. ამ გზით Netflix-ს საკუთარი კონტენტის პორტფელის კიდევ უფრო გაზრდა და გამრავალფეროვნება სურს.
Warner Bros Discovery-მ ადრე განაცხადა, რომ ორ დამოუკიდებელ საჯარო კომპანიად დაყოფა იგეგმებოდა. მისივე ინფორმაციით, ერთში სტუდიებისა და სტრიმინგის ბიზნესები გაერთიანდებოდა, ხოლო მეორეში – საკაბელო არხები, რომლებიც მნიშვნელობას სტაბილურად კარგავს.












