Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, Warner Bros Discovery-ის დირექტორთა საბჭომ Paramount Skydance-ის დაახლოებით $60-მილიარდიან შეთავაზებაზე უარი თქვა და კომპანიის გაყიდვის სხვა ვარიანტების განხილვა დაიწყო.
მედიასააგენტოს ცნობით, Paramount Skydance-ის შეთავაზება, ძირითადად, ნაღდი ფულით იყო გაკეთებული და თითო აქციაზე დაახლოებით 24 დოლარის გადახდას ითვალისწინებდა. შეგახსენებთ, Warner Bros Discovery-ის აქტივებში შედის Warner Bros-ის კინო- და სატელევიზიო სტუდიები, CNN-ი და სხვა საკაბელო სატელევიზიო ქსელები და HBO Max-ის სტრიმინგ-სერვისი.
სიახლის გავრცელების შემდეგ, Warner Bros Discovery-ის აქციების ფასი 11%-ით გაიზარდა.
როგორც ამერიკული მედიასააგენტო წერს, Warner Bros-მა და Paramount-მა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
Reuters-ის ინფორმაციით, Warner Bros Discovery-ის აქტივებით სხვა კომპანიებიც ინტერესდებიან, მათ შორის Comcast-ი. CNBC კი იუწყება, რომ კომპანიის შეძენით Netflix-იც არის დაინტერესებული. წინასწარი ცნობებით, Paramount Skydance-ის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ელისონი, კომპანიის მთლიანად შეძენაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
Warner Bros-მა, რომელიც ცნობილია „ჰარი პოტერისა“ და DC Comics-ის ფილმებით, ივნისში გაყიდვის გეგმებზე განაცხადა. გეგმის მიხედვით, მას სურს, ცალ-ცალკე განასხვავოს სტუდიასა და საკაბელო არხებზე ორიენტირებული ერთეულები, რათა სწრაფად მზარდი სტრიმინგ-ბიზნესი შედარებით ჩამორჩენილი სეგმენტისგან გამოყოს.
როგორც ირკვევა, კომპანიის საბჭო რამდენიმე ვარიანტს განიხილავს: გეგმურ სტრუქტურულ რეორგანიზაციას, კომპანიის მთლიანად გაყიდვას ან Warner Bros-ისა და Discovery Global-ის ცალკეულ გარიგებებს. ასევე განიხილება ალტერნატიული რეორგანიზაციის მოდელი, რომელიც Warner Bros-ის შერწყმასა და Discovery Global-ის გამიჯვნას ითვალისწინებს.