ფოტო: Getty Images
Warner Bros. Discovery-მ განაცხადა, რომ მისი აქციონერები 23 აპრილს Paramount-თან $110-მილიარდიან შერწყმასთან გადაწყვეტილებას კენჭს უყრიან. ეს კომპანიებს გარიგების დასრულებასთან კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოებს.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გარიგების პროცესი წინ წაიწევს, თუმცა კვლავ საჭირო იქნება როგორც აშშ-ის, ისე ევროპის მარეგულირებლების მხრიდან მკაცრი ანტიმონოპოლიური შემოწმება, რათა დადგინდეს, ხომ არ გამოიწვევს შერწყმა ფასების ზრდას ან კონკურენციის შემცირებას.
Paramount-ი პროცესის დაჩქარებას ცდილობს და WBD-ის აქციონერებს დაჰპირდა, რომ თუ გარიგება ოქტომბრამდე არ დაიხურება, კვარტალურად 25 ცენტის ოდენობის „საკომისიოს“ გადაუხდის.
როგორც სფეროს ექსპერტები აცხადებენ, გარიგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს დევიდ ელისონის პოზიციებსა და მას ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სტუდიის მფლობელის სტატუსს გაუმყარებს. აღსანიშნავია, რომ ის უკვე ხელმძღვანელობდა Skydance-ის მიერ Paramount-ის 8.4 მილიარდ დოლარად შესყიდვის გარიგებას.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Paramount-ს შესაძლოა მარეგულირებლების მიერ გარიგების დამტკიცების შედარებით მარტივი გზის გავლა მოუწიოს, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ლარი ელისონს – კომპანიის ხელმძღვანელის მამას – დონალდ ტრამპთან ახლო კავშირები აქვს.
თუმცა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლიური განყოფილების წარმომადგენელმა ომეედ ასეფიმ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ფაქტორები გათვალისწინებული არ იქნება და გარიგება „არავითარ შემთხვევაში“ დამტკიცდება დაჩქარებით. მისივე თქმით, ის სტანდარტულ, მკაცრ შემოწმებას გაივლის.
საინტერესოა, რომ Paramount-ი ერთადერთი პრეტენდენტი არ ყოფილა. WBD თავდაპირველად მოლაპარაკებებს Netflix-თან აწარმოებდა და მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმებაც კი არსებობდა. თუმცა, 2026 წლის თებერვალში, Paramount Skydance-მა უფრო მაღალი და მოგებიანი წინადადება წარადგინა, რის გამოც WBD-ის ბორდმა პრიორიტეტი სწორედ მას მიანიჭა.











