Warner Bros-ისთვის რბოლაში $108-მლრდიანი შეთავაზებით Paramount-ი ჩაერთო

Warner Bros-ისთვის რბოლაში $108-მლრდიანი შეთავაზებით Paramount-ი ჩაერთო

Warner Bros Discovery-ს შესყიდვისთვის რბოლაში Netflix-ის გარდა Paramount Skydance-იც ჩაერთო და კომპანიას $108.4-მილიარდიანი შეთავაზება გაუკეთა. Paramount-ის აგრესიული სვლა Netflix-ის მიერ პარასკევს Warner Bros-ის შესაძენად $72-მილიარდიანი შეთავაზების გაჟღერებას უკავშირდება.

ცნობისათვის, გასულ კვირას ცნობილმა სტრიმინგსერვისის კომპანია Netflix-მა Warner Bros Discovery-ის სრული აქტივებისა და სერვისების შესყიდვის ინტერესები გამოხატა, რაც კომპანიის ტელევიზიას, კინოსტუდიებსა და სტრიმინგსერვისებს მოიცავს.

ნებისმიერ მყიდველთან შეთანხმების შემთხვევაში Warner Bros Discovery-ის  კუთვნილი HBO და DC-ის კომიქსების საავტორო უფლებები ახალი მფლობელის საკუთრებაში გადავა.

Paramount-ის შეთავაზების შემდეგ Warner Bros-ის დირექტორთა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, კომპანია აღნიშნულ შემოთავაზებას განიხილავს, თუმცა Netflix-თან დაკავშირებით საკუთარ რეკომენდაციას არ შეცვლის. დირექტორთა საბჭო კომპანიას ურჩევს, რომ Paramount Skydance-ის წინადადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი ქმედება არ განახორციელოს.

Paramount-ის შეთავაზების თანახმად, Warner Bros-ი თითოეულ აქციაზე $30-ს მიიღებს. კომპანიის წინადადება მოიცავს დაფინანსებას საინვესტიციო ფირმა Affinity Partners-ისაგან, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი მართავს. გარდა ამისა, დაფინანსების წყაროს წარმოადგენს რამდენიმე საინვესტიციო ფონდი ახლო აღმოსავლეთიდან და ელისონების ოჯახი. ცნობისათვის, მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი, ლარი ელისონი, Paramount-ის ხელმძღვანელის, დევიდ ელისონის მამაა. ელისონების ოჯახს თეთრ სახლთან დაახლოებულ პირებად მიიჩნევენ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Netflix-ის მიერ შეთავაზების გასაჯაროების შემდეგ, ლარი ელისონმა დონალდ ტრამპს დაურეკა და უთხრა, რომ აღნიშნული შეთანხმება კონკურენციას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის. სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ გარიგებამ შესაძლოა პოლიტიკური ელფერიც შეიძინოს.

Paramount-ისა და Netflix-ის შეთავაზებებს შორის განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ კინო- და სატელევიზიო სტუდიების, HBO-სა და HBO MAX-ის შეძენა სურს. Paramount-ის წინადადება კი კომპანიის სრული აქტივების გადაცემას ითვალისწინებს.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.