ფოტო: Getty Images
Warner Bros Discovery-ის შესაძენად ორი მსხვილი კორპორაციის, Paramount Skydance-ისა და Netflix-ის კონკურენცია გადამწყვეტ ფაზაში შედის. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, Warner Bros-მა Paramount-ის ბოლო, აქციაზე $30-დოლარიანი, შეთავაზება უარყო, თუმცა ამ უკანასკნელს „საუკეთესო და საბოლოო“ შეთავაზებისთვის 7-დღიანი ვადა მისცა.
როგორც ჩანს, Warner Bros-ის მიზანი Paramount-ისგან Netflix-ზე უკეთესი შეთავაზების მიღება და შემდეგ ორივე კომპანიის პირობების საბოლოოდ განხილვა და გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს. Warner Bros-ის ინფორმაციით, Paramount-მა არაოფიციალურად ერთ აქციაზე $31-დოლარიანი ფასის შეთავაზებაც გააჟღერა, რითაც საბჭოს ყურადღება დაიმსახურა. თუმცა შეთავაზებაზე უარი იმას მიუთითებს, რომ კომპანიისათვის Netflix-ის პირობები უფრო მისაღებია. საინტერესოა, რა იქნება Paramount-ის „საბოლოო და საუკეთესო“ შეთავაზება, რომლის შესახებაც მეტს, სავარაუდოდ, შვიდდღიანი ვადის გასვლის შემდეგ გავიგებთ.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Warner Bros Discovery-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 3.4%-ით, Paramount-ის კი 5%-ით გაიზარდა.
Warner Bros-ის განმარტებით, Netflix-ს Paramount-ის საბოლოო შეთავაზებაზე კონტრშეთავაზების გაკეთების შესაძლებლობა ექნება. „ჩვენმა სამეთვალყურეო საბჭომ მიიჩნია, რომ თქვენი შეთავაზება Netflix-ის შემოთავაზებას ვერ აღემატება. ჩვენ კვლავ Netflix-თან გაერთიანების რეკომენდაციას გავცემთ“, – ნათქვამია Warner Bros-ის მიერ Paramount-ისთვის გაგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, Paramount-ისა და Netflix-ის შეთავაზებებს შორის განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ კინო- და სატელევიზიო სტუდიების, HBO-სა და HBO MAX-ის შეძენა სურს. Paramount-ის წინადადება კი კომპანიის სრული აქტივების გადაცემას ითვალისწინებს.
რამდენიმე დღის წინ Paramount Skydance-მა Warner Bros-ს ახალი შეთავაზება გაუკეთა, რომელიც აქციონერებს ყოველ კვარტალში, სანამ შეთანხმება არ გაფორმდება, დამატებით თანხას გამოუყოფს, ხოლო Netflix-ისთვის უარის თქმით დაკისრებულ ჯარიმას თავად გადაიხდის.
მოგეხსენებათ, Warner Bros-ის შესყიდვა ორ მთავარ სატელევიზიო მოთამაშეს, Netflix-სა და Paramount-ს სურთ. Netflix-ის შეთავაზება $82.7-მილიარდიანი, ხოლო Paramount-ის – $108.4-მილიარდიანია. Warner Bros-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, LSEG-ის თანახმად, $69 მილიარდია.
















