ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) უახლესი ანგარიშით, ევროპის რეგიონში, ყოველწლიურად, სიკვდილის 2.7 მილიონამდე შემთხვევა ჯამში მხოლოდ ოთხ ინდუსტრიაზე მოდის. ჯანმოს მოხსენებით, რეგიონში სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლიდან თითქმის მეოთხედზე პასუხისმგებელი თამბაქოს, ულტრადამუშავებული საკვების (UPF), წიაღისეული საწვავისა და ალკოჰოლის მწარმოებელი ინდუსტრიებია.
ჯანმოს მოხსენებაში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ იყენებენ ეს ინდუსტრიები მარკეტინგულ ხერხებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხარჯზე თავიანთ მოგებას ზრდიან. ორგანიზაციამ ევროპას მკაცრი რეგულაციებისკენ მოუწოდა, რომლებიც მიმართული იქნება მავნე პროდუქცის მარკეტინგის დარეგულირებისა და სხვა საკითხებისკენ.
ანგარიშის თანახმად, თამბაქოზე რეგიონში ყოველწლიურად სიკვდილის 1.1 მილიონი შემთხვევა მოდის, ალკოჰოლზე – 420 ათასზე მეტი. წიაღისეული საწვავი რეგიონში წლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, ხოლო ულტრადამუშავებული საკვები, როგორიცაა შაქრის მაღალი დოზის შემცველი სასმელები, მაღალცხიმიანი საკვები და სხვა, 390 ათასზე მეტი პირის სიკვდილის მიზეზი ხდება.
მოხსენების საპასუხოდ, განცხადება გამოაქვეყნა FoodDrinkEurope-ის სამეცნიერო დირექტორმა რებეკა ბერნანდესმა. ცნობისთვის, FoodDrinkEurope-ი ევროპის საკვებისა და სასმელის ინდუსტრიას წარმოადგენს. ბერნანდესის შეფასებით, გადამუშავებული საკვების „ერთიანი დეფინიცია“ არ არსებობს და მისი თამბაქოსა და წიაღისეულ საწვავთან დაკავშირება უპასუხისმგებლო, აღმაშფოთებელი და შეცდომაში შემყვანი გადაწყვეტილებაა.