Welcome to Georgia ტურიზმის რიგით მე-10 ეროვნულ დაჯილდოებას უმასპინძლებს. ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის WTG-ის ნომინაციებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
ღონისძიების ფარგლებში საუკეთესოები ისეთ ნომინაციებში გამოვლინდებიან, როგორიცაა: წლის საუკეთესო ავიაკომპანია, საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო, საუკეთესო ბუტიკური სასტუმრო, საუკეთესო კონცეფციის რესტორანი, საუკეთესო დიზაინის რესტორანი, საუკეთესო ქართული რესტორანი საზღვარგარეთ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გასტრონომიის სექტორიდან წელს ბევრი სხვა ნომინაცია დაემატა.
WTG Awards-ის მიზანი იმ კომპანიების, ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების გამოვლენაა, რომლებმაც საქართველოს ტურიზმის განვითარებასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. პლატფორმის მისიაა, ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს მისცეს მოტივაცია, რათა მომსახურების ხარისხი გააუმჯობესონ და თავის სფეროში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლონ.
„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ემსახურება ინდუსტრიის გაერთიანებას, გაძლიერებასა და მიღწევების აღიარებას. ტურიზმი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ინდუსტრია და მსხვილი დამსაქმებელია, მთელი წლის განმავლობაში ბიზნესები და იქ დასაქმებული ადამიანები ბევრს შრომობენ, რომ ქვეყნის ცნობადობა გაზარდონ და მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საქართველოს პოზიციონირებას ხელი შეუწყონ. ჩვენი პლატფორმის მიზანი მათი შრომისა და მიღწევების დაფასება და წარმატების ერთად აღნიშვნაა,“ – აცხადებს მაია სიდამონიძე, WTG-ის მმართველი პარტნიორი.
ეს არ არის მხოლოდ დაჯილდოება, არამედ ეს არის პლატფორმა, სადაც დარგის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან და გამოცდილებას ცვლიან, ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით ხედვასა და იდეებს აზიარებენ, ახალ საქმიან კავშირებს ამყარებენ და პარტნიორებს იძენენ.
„წელს ინდუსტრიას ბევრი სიახლით დავუბრუნდით. რებრენდინგი, განახლებული ნომინაციები, მრავალეტაპიანი შეფასების ახალი პროცესი და პლატფორმის დივერსიფიკაცია. Welcome to Georgia აღარ შემოიფარგლება მხოლოდ წლიური დაჯილდოების ღონისძიებით, არამედ მთელი წლის განმავლობაში გვექნება მრავალი აქტივობა, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. მათ შორის ჩატარდება ბიზნესის ხელშემწყობი ტრენინგები, მასტერკლასები, ბაზრის კვლევა და ანალიზი, კონფერენციები და პანელური დისკუსიები. ეს პლატფორმა იქნება ინდუსტრიის გამაერთიანებელი, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთში ბიზნესკავშირებს გააძლიერებენ და გაამყარებენ. მე-10 საიუბილეო ღონისძიება იქნება განსხვავებული, საინტერესო და სიახლეებით დატვირთული,“ – აღნიშნავს მაია სიდამონიძე.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პლატფორმა ინდუსტრიის საუკეთესო კომპანიებსა და ბრენდებს 2015 წლიდან ავლენს. WTG Awards-ის ფარგლებში ბოლო ათწლეულში სხვადასხვა კატეგორიაში უკვე გამოვლინდა 1000-ზე მეტი ნომინანტი და დაჯილდოვდა 300-ზე მეტი გამარჯვებული.
წლევანდელი WTG Awards-ის ფინალისტები და გამარჯვებულები დაჯილდოების მე-10, საიუბილეო ღონისძიებაზე 25 სექტემბერს გამოცხადდებიან.
Forbes Georgia WTG Awards-ის მედიაპარტნიორია.