ფოტო: Christopher Pike/Bloomberg
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის ტურიზმის ინდუსტრია ირანის კონფლიქტის გამო დღეში 515 მილიონ ევროს კარგავს. WTTC-ის ანგარიში რეგიონში კონფლიქტის ესკალაციაზე დაფუძნებულ 2026 წლის პროგნოზს ეყრდნობა, რომელიც წელს საერთაშორისო მოგზაურობებიდან 178 მილიარდი ევროს მიღებას ვარაუდობდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ახლო აღმოსავლეთი ევროპის, აზიისა და აფრიკის დამაკავშირებელ ძირითად სატრანსპორტო კვანძად მიიჩნევა, რეგიონის აეროპორტებში მგზავრთა დიდი ნაწილი ტრანზიტული დანიშნულებით ხვდება. კერძოდ, ახლო აღმოსავლეთზე გლობალური სატრანზიტო მგზავრთა ნაკადის 14% და საერთაშორისო ჩამოსვლების 5% მოდის.
აბუ-დაბის, დუბაის, დოჰასა და ბაჰრეინის რეგიონული საავიაციო ჰაბები სტანდარტულად დღეში 526 000 მგზავრს ემსახურება, თუმცა საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. Flightradar24-ის ანალიზის თანახმად, 24 თებერვალს Emirates-მა, Etihad Airways-მა და Qatar Airways-მა, შესაბამისად, 527, 325 და 563 რეისი განახორციელეს, ხოლო 10 მარტის მონაცემებით, ეს რიცხვები, შესაბამისად, 309-მდე, 56-მდე და 66-მდე შემცირდა.
Global Forecasting-ის ხელმძღვანელის, ჰელენ მაკდერმოტისა და უფროსი ეკონომისტის, ჯესი სმიტის შეფასებით, კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთში შემომავალი მოგზაურების რაოდენობა 2026 წელს შესაძლოა, წლიურ ჭრილში, 11%-27%-ით შემცირდეს. შედარებისთვის, Global Forecasting-ის დეკემბრის პროგნოზი 13%-იან ზრდას ვარაუდობდა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს საწყის პროგნოზთან შედარებით 23-38 მილიონით ნაკლებ საერთაშორისო ვიზიტორსა და ვიზიტორთა დანახარჯების 29-48 მილიარდი ევროთი შემცირებას გულისხმობს.













