YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორი და Google-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი, სიუზან ვოიჩიცკი თანამდებობას ტოვებს. ტექნოლოგიურ გიგანტში ვოიჩიცკიმ, მისი დაარსების დღიდან, თითქმის 25 წელი გაატარა. 54 წლის ვოიჩიცკის თანამდებობაზე მისივე მოადგილე ნილ მოჰანი ჩაანაცვლებს.
ნილი, რომელიც რეკლამირებისა და პროდუქციის მიმართულებით აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა, Google-ს 2008 წელს შეუერთდა. მოჰანი „სტენფორდის“ კურსდამთავრებულია. 2015 წელს ის YouTube-ის პროდუქტების მიმართულებით მთავარ აღმასრულებელ ოფიცრად დაინიშნა. თანამდებობაზე ყოფნისას, მოჰანის ძირითადი პრიორიტეტები YouTube Shorts-ის, პლატფორმაზე მუსიკალური კონტენტისა და გამოწერის შეთავაზებების შექმნა გახლდათ.
მანამდე კი მოჰანმა თითქმის ექვსი წელი DoubleClick-ში გაატარა, კომპანიაში, რომელიც 2008 წელს Google-მა შეიძინა, მოგვიანებით უკვე თავად Google-ს შეუერთდა დისპლეი-რეკლამის მიმართულებით უფროს ვიცე-პრეზიდენტად.
რაც შეეხება ვოიჩიცკის, ტექნოლოგიური სფეროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალ წარმომადგენელს, ის სამომავლოდ Alphabet-ში უკვე საკონსულტაციო როლის შესრულებას გეგმავს. როგორც ვოიჩიცკი აცხადებს, მისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ოჯახი, პირადი გეგმები და ჯანმრთელობაა. ცნობისთვის, ვოიჩიცკი Google-ის სარეკლამო პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, 2014 წელს კი YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები YouTube-ისთვის საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა. პლატფორმის სარეკლამო შემოსავალი იკლებს, რაც ძირითადად მოკლე ვიდეოპლატფორმების კონკურენციითაა გამოწვეული. მათ შორისაა როგორც TikTok-ი, Facebook-ის Reels-ი და სტრიმინგსერვისები.