სომხეთ-ირანის საზღვარზე, აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოქცეული ზანგეზურის დერეფანი კავკასიაში ახალი ცხელი წერტილია. საბჭოთა პერიოდში მას მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ფუნქცია ჰქონდა რეგიონის ქვეყნებისთვის, თუმცა 90-იანი წლების პოლიტიკურმა ძვრებმა ესეც შეცვალა.
1921 წელს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ზანგეზური ორ ნაწილად გაყო: დასავლეთი სომხეთს მიეკუთვნა, აღმოსავლეთი კი აზერბაიჯანს. რეგიონის სომხურ ნაწილს სომხეთის რესპუბლიკაში სიუნიქს უწოდებენ და მისი ისტორიის განსხვავებული ვერსიაც აქვთ. აზერბაიჯანელები კი ჩივიან, რომ სტალინის მიერ ახალი საზღვრების გავლებამ ქვეყანა ნახიჩევანს ჩამოაშორა.
ზანგეზურის საკითხი არა მხოლოდ ეთნიკური ან ისტორიული დავაა, არამედ რეგიონის (და არა მხოლოდ) გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ ენერგეტიკული დღის წესრიგისთვისაც არსებითია და მას სულ უფრო მეტი ყურადღებაც ეთმობა. რეალურად, ესაა კიდევ ერთი საბჭოური ნაღმი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ დროს ამოქმედდეს.
ზანგეზურის დერეფანი აზერბაიჯანულ ნარატივში
1989 წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამოღვიძების პერიოდში, სომხეთმა ბლოკადა დაუწესა აზერბაიჯანის კუთვნილ ნახიჩევანის რეგიონს. აზერბაიჯანმა მის ეკონომიკაზე დამოკიდებულ სომხეთს ემბარგოთი უპასუხა. ნახიჩევანი ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცა.
საბჭოთა პერიოდში ეს რეგიონი აზერბაიჯანს რკინიგზით უკავშირდებოდა. 2020 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებამ, რომლითაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა, 21-წლიანი ბლოკადაც მოხსნა, სომხეთს კი ნახიჩევანსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო კავშირების აღდგენაში მონაწილეობა უნდა მიეღო.
ძველი სარკინიგზო ხაზის აღდგენის დისკუსია მალევე გადაიზარდა უფრო მასშტაბური ზანგეზურის დერეფნის კონცეფციაში, რომელიც ილჰამ ალიევის სახელს უკავშირდება. 2021 წელს თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შუშის დეკლარაციას, რომელიც სამხედრო თანამშრომლობასა და ახალ სატრანსპორტო გზებს, მათ შორის, ზანგეზურის დერეფნის გახსნას მოიცავდა. ალიევის განცხადებით, ეს იყო ისტორიული მოვლენა და დერეფანი „მთელ თურქულ სამყაროს გაამთლიანებდა“.
ცხადია, თურქეთს სურს, აზერბაიჯანთან პირდაპირი კავშირი ჰქონდეს, ხოლო ირანი სომხეთს ფიზიკურად ვეღარ უკავშირდებოდეს. აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ ზანგეზური შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილიც იქნება.
„ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს სომხეთს. თუ სურს, მაშინ ამას უფრო მარტივად, ხოლო თუ არ სურს – ძალით გადავწყვეტთ“, – ასეთი იყო ალიევის დამოკიდებულება ორი წლის წინ, მაგრამ 2023-ში, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის მესამე ომის დასასრულს, სამშვიდობო ხელშეკრულების მოახლოებასთან ერთად აზერბაიჯანმა რიტორიკა შეარბილა, მაქსიმალისტური ხედვა შეცვალა და, სანაცვლოდ, აქცენტი ირანის გავლით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაიტანა.
აზერბაიჯანი დიდი ხნის განმავლობაში ადანაშაულებდა ირანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მხარდაჭერაში, ნავთობით, იარაღითა და სხვა საქონლით მომარაგებაში, ჰორიზონტზე ირანისთვისაც მისაღები ახალი მარშრუტის გამოჩენამ კი, ერთი შეხედვით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივა გააჩინა.
მიუხედავად ამისა, ირანსა და სომხეთში ზანგეზურის დერეფნის საკითხს კვლავ ფრთხილად ეკიდებიან, განსაკუთრებით, პროექტის მიმართ რუსეთის გაზრდილი ინტერესის პირობებში.
ირანის იზოლაციის შიში
ირანში შიშობენ, რომ ზანგეზურის დერეფნის პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანას აღარ ექნება წვდომა სომხეთთან და უფრო შორეულ ჩრდილოეთთანაც. გარდა ამისა, შეშფოთების საგანია ოფიციალური ბაქოს კეთილგანწყობა ისრაელის მიმართაც.
ირანის პრეზიდენტის, იბრაიმ რაისის განცხადებით, „ზანგეზურის დერეფანი იქნება ნატო-ს დასაყრდენი, ეროვნული უსაფრთხოების საშიშროება რეგიონის ქვეყნებისთვის და, შესაბამისად, ირანი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება“.
2022-ში ირანმა 50,000 სამხედრო განათავსა სასაზღვრო ზონაში, რაც სიგნალი იყო როგორც ნატო-ს წევრი თურქეთისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იქნას და რეგიონში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების არანაირ ცვლილებას ირანი არ დაუშვებს.
ირანის გავლით სატრანსპორტო მარშრუტის გაყვანა ზანგეზურის დერეფნის იდეის გვერდზე გადადებას გამოიწვევს, მაგრამ აზერბაიჯანსა და თურქეთში მას კვლავ ახსენებენ, ოღონდ ხაზს უსვამენ, რომ ეს სომხეთისთვისაც, რომელიც პროექტს ყოველთვის მკაცრად ეწინააღმდეგებოდა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება და კავკასიაში მშვიდობის ახალ ერას დაუდებს სათავეს.
მთავარი მიზეზი ზანგეზურის დერეფნის მიმართ სომხეთის წინააღმდეგობისა აზერბაიჯანისა და თურქეთის ნეოიმპერიალისტური ხედვები და რიტორიკაა.
ალტერნატიული, „მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი“, რომლის მიზანიც ამიერკავკასიის რეგიონში მშვიდობის აღდგენა იქნება, თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმზე” წარადგინა ნიკოლ ფაშინიანმაც.
ფაშინიანის თანახმად, პროექტი სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის კომუნიკაციას, საგზაო, სანავთობო ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ელექტროგადამცემი სისტემების მოდერნიზებას უზრუნველყოფს. პრემიერი მიიჩნევს, რომ სომხეთზე გამავალი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება აღმოსავლეთისა და დასავლეთის, კასპიისა და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირების საუკეთესო გზაა, რასაც ხელს საქართველოს პორტებიც შეუწყობს.
„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომმა ისედაც კომპლექსური გეოპოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაამძაფრა. სომეხი პოლიტიკოსები აპელირებენ, რომ აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის მჭიდრო კავშირის (მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსა და ირანის შეკავების საკითხში) გათვალისწინებით, ზანგეზურის დერეფნის განხორციელება, ისრაელთან პოტენციური კონფლიქტის პირობებში, ირანს სამხედრო თუ ეკონომიკურ რესურსებს მოსწყვეტს.
საქართველოს ადგილი გეოპოლიტიკურ რუკაზე
თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის (TCDD) გენერალური დირექტორი, უფუკ იალჩინი ზანგეზურის დერეფანს ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ალტერნატივად არ მიიჩნევს.
ამავდროულად, აზერბაიჯანული მხარე ზანგეზურის დერეფნის პროექტს საქართველოს პორტებში ინვესტირების შესაძლებლობასთან ერთად განიხილავს. ილჰამ ალიევის თქმით, სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის ექსპლუატაციასთან ერთად, დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს სატვირთო მიმოსვლის გაზრდისთვის.
„აზერბაიჯანის გავლით ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს საზღვაო პორტებით მოხდება და დიდი ინტერესით განვიხილავთ ამ კუთხით საინვესტიციო შესაძლებლობებს“, – განაცხადა ალიევმა მიმდინარე წელს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის გაზრდა, განსაკუთრებით, ანაკლიის პორტის პროექტის დასრულების შემთხვევაში, ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, ზანგეზურის დერეფანი არაერთ რისკსაც წარმოშობს და რეგიონის სატრანზიტო რუკას მნიშვნელოვნად შეცვლის.
პროექტის განხორციელება, პირველ რიგში, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლის შესუსტებასა და კითხვის ქვეშ დაყენებას გამოიწვევს – სომხეთს აზერბაიჯანის გავლით გაუჩნდება სარკინიგზო კავშირი რუსეთთან, რომელიც, თავის მხრივ, თურქეთსა და ირანს დაუკავშირდება აზერბაიჯანის მეშვეობით.
ირანს რუსეთთან სურს სავაჭრო და სამხედრო ურთიერთობების გაღრმავება და უკვე დაიწყო მოლაპარაკებები სარკინიგზო და საგზაო პროექტებზე თეირანის მოსკოვთან დასაკავშირებლად.
გამოდის, რომ ზანგეზურის დერეფანი აზერბაიჯანის გარდა, რუსეთსაც ასარგებლებს კომერციული თუ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთში სარკინიგზო ხაზს რუსული Russian Railways-ი ფლობს, მისი ინტერესი ბაქო-თბილისი-ყარსის ნაცვლად სომხეთის გავლით ტვირთების გადატანა იქნება.
ამავდროულად, აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფანს მოიაზრებს დანამატად „აბრეშუმის გზისა“, რომლის განვითარების ნაწილია საქართველოსა და მის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, ჩინეთს შორის საკამათო „სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარებაც.
იხილეთ ასევე: ჩინეთ-საქართველოს ცალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ
დასავლეთისკენ ტვირთბრუნვის გაზრდა ჩინეთის ინტერესებშიც შედის და მისი როლი ამ კუთხითაც იზრდება, საქართველოსთვის კი საფრთხილოა ალტერნატიული მარშრუტის საკითხი.
აზერბაიჯანი რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული მოთამაშე ხდება. დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა იზრდება – 2027 წლამდე ქვეყანამ ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტი უნდა გააორმაგოს.
თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე შეთანხმდნენ მილსადენზეც, რომელიც თურქეთის გაზის ქსელს ნახიჩევანთან დააკავშირებს და აზერბაიჯანი ექსკლავს საკუთარ გაზს მიაწვდის.
არაა გამორიცხული, აზერბაიჯანმა ნახიჩევანში მილსადენის გაყვანა პირდაპირ სომხეთის გავლითაც მოინდომოს, თუმცა უკვე მშენებლობის პროცესში მყოფი მცირე მილსადენიც კი აძლევს მას თურქეთის ტერიტორიით ევროპაში გაზის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ თურქეთს სატრანსპორტო ჰაბად ქცევა აქვს მიზნად დასახული.
ფაქტია, სამხრეთ კავკასიაში და უშუალოდ ზანგეზურის დერეფანთან მიმართებით მრავალი ქვეყნის ინტერესი იკვეთება. ახლა, როდესაც აზიიდან და აზერბაიჯანიდან ევროპაში ენერგიის ექსპორტზე აქტიური საუბარია, საქართველო, რომელსაც შანსი აქვს ქვეყანაზე გამავალი შუა დერეფნის პოტენციალის ზრდით მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს, პროცესს გულისყურით უნდა დააკვირდეს და სათანადო პოლიტიკური სვლებიც გააკეთოს.