სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის 2500-მდე ავიარეისი შესრულდება. აღნიშნულის შესახებ GCAA სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარდგენილ განცხადებებსა და დამტკიცებულ განრიგებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე მთლიანობაში 13 600 ავიარეისის შესრულება იგეგმება. „აღსანიშნავია, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი – 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს,“ – ვკითხულობთ GCAA-ის განცხადებაში.
ფრენის სიხშირე გაიზრდება ე.წ. გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სახელმწიფოებთანაც, რომელიც მოიცავს საუდის არაბეთს, ბაჰრეინს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქუვეითს, ომანსა და კატარს. მიმდინარე წლის ივნის-ოქტომბერში საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის 2255 რეისის შესრულება იგეგმება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.
ამავე პერიოდში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1761 რეისის განხორციელება იგეგმება, რაც საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს. ფრენებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს. „საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ ხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას,“ – განმარტავს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
GCAA-ის ინფორმაციით, დაგეგმილი 13 600 რეისიდან საქართველოდან ევროპაში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 18%-ს, გალფის ქვეყნებთან – 17%-ს, რუსეთთან – 13%-ს, ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად 52%-ს შეადგენს.