უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაბლოკა შეთავაზებული შეთანხმება, რომელიც აშშ-ს უკრაინის იშვიათ მიწა-მეტალებზე წვდომის უფლებას მიანიჭებდა. ზელენსკის განცხადებით, შეთანხმების მისაღწევად უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რაც ქვეყნის მიმართ რუსეთის მომავალ აგრესიას შეაკავებს.
ეს წინადადება ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო პარასკევს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ზელენსკისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის გამართულ მოლაპარაკებებში. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „მოკლევადიანი ხედვა“ უწოდა. ვენსის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მსგავსი ეკონომიკური კავშირები უკრაინას მომავალში საფრთხეებისგან თავის დაცვაში დაეხმარება.
„მე არ მივეცი მინისტრებს უფლება ხელი მოეწერათ შეთანხმებისთვის, რადგან, ჩემი აზრით, ის არ არის მზად ჩვენი ინტერესების დასაცავად,“ – განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-ს შაბათს მიუნხენში. გარდა ამისა, ზელენსკიმ დასძინა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს უკრაინის კანონმდებლობას და ჰქონდეს საზოგადოების მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი კვირის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების გასაგრძელებლად, აშშ-მა $500 მილიარდის იშვიათ მიწა-მეტალებზე უნდა მიიღოს წვდომა. ტრამპის თქმით, ეს იქნება კომპენსაცია იმ ასობით მილიარდისთვის, რომელიც თეთრმა სახლმა ქვეყანას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად გამოუყო და მომავალში გამოუყოფს.
ცნობისთვის, მინერალების აღნიშნული ჯგუფი 17 მეტალისგან შედგება, რომლებიც ისეთ ინდუსტრიებში გამოიყენება, როგორიცაა: მანქანათმშენებლობა, ავტოინდუსტრია, ელექტრონული მოწყობილობები და სხვა. რაც შეეხება უშუალოდ უკრაინას, მას თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ელემენტებისა და მინერალების უზარმაზარი საბადოები აქვს, დაწყებული ლითიუმიდან ტიტანით დასრულებული.
გარდა ამისა, უკრაინა ფლობს ქვანახშირის დიდ მარაგს, ასევე ნავთობს, გაზსა და ურანს, თუმცა მათი დიდი ნაწილი ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზეა.
აქვე აღსანიშნავია, რომ იშვიათი მიწა-მეტალების მოპოვების მოცულობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ჩინეთია, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი მრავალი მიმართულებით, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოებაში.