ზელენსკის თქმით, მზად არის, პუტინს მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში შეხვდეს

ზელენსკის თქმით, მზად არის, პუტინს მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სტამბოლში პირადად შეხვდეს და უკრაინაში ომის დასრულებაზე მოილაპარაკოს. ზელენსკის თქმით, ის ორშაბათიდან, 12 მაისიდან, ცეცხლის სრულად შეწყვეტას იმედოვნებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები პუტინის მიერ მედიასთან ღამით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც მან ფაქტობრივად უგულებელყო ცეცხლის შეწყვეტის იდეა, რომელსაც დასავლელი ლიდერები უჭერდნენ მხარს. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინულ მხარეს ხუთშაბათს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა, მხოლოდ „წინაპირობების გარეშე“. თუმცა პუტინს არ დაუკონკრეტებია, იგეგმება თუ არა მისი და ზელენსკის პირადი შეხვედრა.

რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხს, მან კვირას დილით X-ზე დაწერა, რომ ეს „პოზიტიური სიგნალია იმისა, რომ რუსებმა საბოლოოდ ომის დასრულებაზე ფიქრი დაიწყეს“ და დასძინა, რომ „მსოფლიო ამას ძალიან დიდი ხანი ელოდება“.

„ნებისმიერი ომის დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა“ – განაცხადა უკრაინის ლიდერმა – „მკვლელობების გაგრძელებას ერთი დღითაც კი აზრი არ აქვს. ჩვენ ველით, რომ რუსეთი ხვალიდან, 12 მაისს, დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულს, ხანგრძლივსა და საიმედოს და უკრაინა მზად იქნება შეხვედრისთვის“.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა შაბათს კიევში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტა ერთობლივად მოითხოვეს. ლიდერების წინადადების თანახმად, დროებითი ზავი ძალაში ორშაბათიდან უნდა შესულიყო. აღსანიშნავია, რომ ინიციატივას მხარი როგორც ევროკავშირმა, ისე ვაშინგტონმა დაუჭირა.

ცეცხლის შეწყვეტის წინადადების გაჟღერებასთან ერთად, ევროპელმა ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ თუ პუტინი ამ პირობებს არ დათანხმდება, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დაწესდება. მოსკოვმა ფაქტობრივად უარყო წინადადება და უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინაპირობების გარეშე.

კრემლის ინფორმაციით, კვირას პუტინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა, რომელმაც მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. სატელეფონო საუბრის ჩანაწერის თანახმად, ერდოღანმა „სრულად დაუჭირა მხარი რუსეთის წინადადებას, ხაზი გაუსვა მის მზადყოფნას, უზრუნველყოს“ პლატფორმა სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის, ასევე „ყველა შესაძლო დახმარება მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ოფისის ინფორმაციით კი, ერდოღანი ამავე დღეს ემანუელ მაკრონსაც ესაუბრა და განაცხადა, რომ ომის დასრულების მცდელობებში „გარდამტეხი ისტორიული მომენტი“ დადგა.