ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები 23 ივლისს, თურქეთში გაიმართება

ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები 23 ივლისს, თურქეთში გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ორშაბათის მიმართვისას გაკეთებული განცხადების თანახმად, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების თურქეთში, ოთხშაბათს გაიმართება. ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების გასული ორი რაუნდი პატიმრების ფართომასშტაბიანი გაცვლით დასრულდა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის ომის დასასრულებლად არ გადადგმულა.

„დღეს რუსტემ უმეროვთან [პატიმრების] გაცვლისა და რუსული მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი შეხვედრის მომზადების საკითხი განვიხილე. უმეროვის თქმით, შეხვედრა ოთხშაბათსაა დანიშნული“, – განაცხადა ზელენსკიმ მიმართვისას.

ცნობისთვის, უმეროვი, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, რამდენიმე დღის წინ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დაინიშნა. ზელენსკის გადაწყვეტილებით, რუსეთთან მოლაპარაკებებსაც სწორედ ის ხელმძღვანელობს.

სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ რუსეთმა მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომელშიც საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად თავისი პირობები დეტალურად წარმოადგინა. ეს მოიცავს კიევის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონიდან – დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ზაპოროჟიედან და ხერსონიდან – „ძალების სრულ გაყვანას“. აღნიშნულ რეგიონებს მოსკოვი თავის „ახალ ტერიტორიებად“ მიიჩნევს.

რუსეთი ასევე მოითხოვს 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულის, საერთაშორისო აღიარებას.

თავის მხრივ, ცეცხლის შეწყვეტას შემდგომი მოლაპარაკებების ხელშესაწყობად, უკრაინა რუსეთისგან სამხედრო ტყვეების ორმხრივ გაცვლას, მოსკოვის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებას და რუსეთის ტყვეობიდან უკლებლივ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს.

მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. „დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან, სანამ ძალიან გვიანი არ არის“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე და წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სანქციებით ემუქრება.