მალე ზუგდიდში დიდი სავაჭრო ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. სავაჭრო ცენტრს Zugdidi Mall ერქმევა და ის სამეგრელო-ზემო სვანეთში პირველი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო დაწესებულება იქნება. პროექტზე უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ქართული ოფისი მუშაობს. პროექტის დეველოპერი და ინვესტორი კი კომპანია ბლოქსია.
Cushman & Wakefield-ის განცხადებით, მოლის მშენებლობა უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება კიდეც. თუმცა, მოლი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. საინტერესოა, რომ Cushman & Wakefield-ის ქართული ჯგუფი უზრუნველყოფს როგორც მშენებლობის ზედამხედველობას, ისე პროექტის გაქირავებისა და მარკეტინგის კამპანიასაც. ამ მიზნით, ის მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან აწარმოებს.
სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად ჯამური ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს, საერთო ფართი კი 15,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მოლში განთავსებული იქნება ისეთი ბრენდების მაღაზიები, როგორებიცაა: კარფური, ვაიკიკი, სუპერი, ისი-პარი, ბატა, კორსო იტალია, ფექთორი, ჯინსის გალერეა, ალტა, ზუმერი, ბიბლუსი, პეპელა, მინისო, ჯი-პი-სი და სხვა. რაც შეეხება კვების ობიექტებს, ისინი განთავსებული იქნება ობიექტის როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში.
პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე ქართულმა კომპანია, „გურგენიძე არქიტექტურამ“ იმუშავა.