შემცირებული ეკონომიკური ზრდის ტემპი და ბიზნესსექტორი

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა ქვეყნის ცხოვრების დონის განსაზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. სწორედ რეალური ზრდის ტემპი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა დროის მცირე პერიოდში განვითარების მაღალი საფეხურების მიღწევას. ის ქვეყნები, რომლებიც მშპ-ს მაღალი რეალური ზრდის ტემპით ხასიათდებიან განვითარებადი ქვეყნების სიიდან, განვითარებული ქვეყნების სიაში გადადიან. ამის კლასიკური მაგალითია იაპონია, სადაც რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1890 წლიდან 2003 წლამდე პერიოდში $1 280-დან $28 620-მდე გაიზარდა.

2014 წლის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებში გაანგარიშებულმა საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე 6 500 ლარი შეადგინა, ხოლო მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით 4.8% დაფიქსირდა. EBRD-ის წინასწარი შეფასებით,  4.2% უნდა ყოფილიყო საქართველოს მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი 2015 წელსაც, თუმცა აპრილის თვეში პროგნოზი შეიცვალა. ახალი პროგნოზის მიხედვით კი ქვეყნის რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი 2015 წლისთვის მხოლოდ 2.3%-ით განისაზღვრა. EBRD-ის პროგნოზი რეალური ზრდის შესახებ შეიცვალა მთლიანად რეგიონისთვისაც: აზერბაჯანის მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი 2015 წლისთვის 1.5%-ით განისაზღვრა, სომხეთის -1.5%-ით, რუსეთის კი -4.5%-ით.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის რეალური ზრდის ტემპის მაჩვენებელი ჯერ უცნობია, შეგვიძლია გადავხედოთ პირველი 5 თვის წინასწარ მონაცემებს. 2015 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპი 3.2% დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2014 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 7.1%-ს უდრიდა. შემცირებულია აპრილის და მაისის თვის მაჩვენებლებიც. საშუალოდ კი პირველი 5 თვის განმავლობაში 2015 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2.5% შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი  6.0% იყო.  შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ რომ ქვეყნის 2015 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი ახლოსაა EBRD-ის მიერ გაკეთებულ წინასწარ შეფასებასთან.

ეკონომკიკური ზრდის, ისევე როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ბიზნეს სექტორი. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები ხომ სწორედ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების მიხედვით გაიანგარიშება. ანუ, ბიზნეს სექტორის ფუნქციონირება ასახვას პოვებს ეკონომიკურიზრდის მაჩვენებელში.თუ 2015 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბიზნეს სექტორის ზრდა შენელებულია. 2015 წლის პირველ კვარტალში 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვა მიმდინარე ფასებში მხოლოდ 10%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2014 წლის პირველ კვარტალში, 2013 წლის პირველ კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებლის ზრდამ 16% შეადგინა.

ზრდა განსაკუთრებით შენელებულია მრეწველობისა და ვაჭრობის დარგებში, ანუ იმ  დარგებში, რომელზეც ეკონომიკური საქმიანობის ყველაზე დიდი წილი მოდის. 2015 წლის პირველ კვარტალში მრეწველობის დარგში ბიზნეს სექტორის ბრუნვა მხოლოდ 3%-ით, ხოლო ვაჭრობის დარგში 6%-ით გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, 2015 წლის მაისში 2014 წლის მაისთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსმა 9% შეადგინა, რაც კიდევ უფრო ამცირებს მრეწველობის დარგში ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდის ტემპს. მრეწველობისა და ვაჭრობის დარგებში ბრუნვასთან ერთად შენელებულია გამოშვების ზრდის ტემპიც. 2015 წლის პირველ კვარტალში მრეწველობის დარგში გამოშვების ზრდამ მხოლოდ 4%, ვაჭრობის დარგში კი 6% შეადგინა. თუ აღნიშნულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს რეგიონულ ჭრილშიც გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა შემცირებულია კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. აღნიშნულ რეგიონებში 2015 წლის პირველი კვარტალისათვის  შემცირებულია გამოშვებაც, მაგრამ თითქმის უცვლელი ან ოდნავ გაზრდილია დასაქმებულთა რაოდენობა.

მიუხედავად შემცირებული ეკონომიკური ზრდისა და ბიზნეს სექტორის ბრუნვის შენელებული ზრდის ტემპისა, ბიზნეს სექტორის ბრუნვა მაინც ზრდის ტრენდით ხასიათდება, მოსახლეობის მოლოდინი მომავლის მიმართ კი ოპტიმიზმით. მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, ის ბოლო პერიოდში ნაკლებად მერყევი გახდა, რაც მოსახლეობაში ინფლაციის მოლოდინს ამცირებს და მოთხოვნის ზრდისკენ უბიძგებს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის ზრდის საწინდარია.

წინა სტატია

საბერძნეთის კრიზისი და მისი ზეგავლენა საქართველოზე
13 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

კონკურენციის როლი საბაზრო ეკონომიკაში
20 ივლისი, 2015
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა