რა არის სოციალური პროგრესის ინდექსი და ზომავს თუ არა ის ქვეყნის წარმატებას?

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ქვეყნის კეთილდღეობის საყოველთაოდ აღიარებული საზომია. ვინაიდან, როდესაც ვმსჯელობთ ქვეყნის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია თუ ცუდში, ჩვენ ვინტერესდებით  მთლიანი შემოსავლით, რომელსაც ეკონომიკის ყველა წევრი იღებს, აღნიშნული კი მთლიანი შიდა პროდუქტის ამოცანაა. მშპ ასახავს, როგორც ეკონომიკის მთლიან შემოსავალს, ასევე საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ მთლიან ხარჯებს. მაშასადამე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა ეკონომიკაში მონაწილე საშუალო პირის შემოსავალსა და ხარჯებს გვიჩვენებს. ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის განსხვავებაც მათი ეკონომიკის წევრების შემოსავალზე, ანუ მათ მთლიან შიდა პროდუქტზეა დამოკიდებული. მაშასადამე, რაც უფრო მაღალია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი,  მით უფრო მაღალია მისი წევრების შემოსავალი და მოხმარება, ამიტომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა შეიძლება საშუალო ინდივიდის კეთილდღეობის საზომად ჩაითვალოს.   

თუმცა, ჯერ კიდევ 1968 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს სენატორმა რობერტ კენედიმ ეჭვი შეიტანა, რომ მშპ-ს კეთილდღეობის საუკეთესო საზომია. მან განაცხადა: „მშპ არაფერს გვეუბნება ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობის, მათი განათლების ხარისხის თუ თამაშისგან მიღებული ბედნიერების შესახებ. ის არ შეიცავს ჩვენი პოეზიის მშვენიერებას თუ ჩვენი ოჯახების სიძლიერეს, ჩვენი სახალხო დებატების გონებამახვილობას თუ ჩვენი მთავრობის მოხელეთა პატიოსნებას. ის არც ჩვენ სიმამაცეს ასახავს, არც სიბრძნეს და არც სამშობლოსადმი ერთგულებას. მოკლედ, ის ყველაფერს ასახავს, გარდა იმისა, რაც ცხოვრებას ფასეულს ხდის.“

მართალია, ძნელია რომელიმე ეკონომიკური საზომით განისაზღვროს ის, რაზეც რობერტ კენედი საუბრობდა, თუმცა 2014 წელს, მაიკლ გრინმა, შემოგვთავაზა მშპ-ს ალტერნატიული საზომი, რომელიც მისი განმარტებით მეტად ზომავს ქვეყნის წარმატებას. გრინი ეთანხმება კენედის და აღნიშნავს, რომ მშპ ზომავს ქვეყნის შემოსავალსა და კეთილდღეობას, მაგრამ არაფერს გვეუბნება ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე. მაგალითად, თუ ქვეყნის უმდიდრესი 10 მოქალაქის შემოსავალი იზრდება, იზრდება მშპ-ც, მიუხედევად იმისა, რომ სხვა დანარჩენი მოქალაქეების კეთილდღეობა სულაც არ გაუმჯობესებულა. გრინის ალტერნატივას სოციალური პროგრესის ინდექსი წარმოადგენს, რომელიც სამ დეტერმინანტზე დაყრდნობით იზომება. ეს დეტერმინანტებია: ძირითადი ადამიანური მოთხოვნილებები (საკვები, სასმელი, თავშესაფარი, უსაფრთხოება), კეთილდღეობის საწყისები (დაწყებითი განათლება, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, ჯანმრთელობა და ეკონომიკურად მდგრადი გარემო) და შესაძლებლობები (მოსახლეობის უფლებები, არჩევანის თავისუფლება, დისკრიმინაციისგან თავისუფლება, წვდომა უმაღლეს განათლებაზე). სწორედ აღნიშნული 12 კომპონენტი განსაზღვრავს სოციალური პროგრესის ინდექსს.

2014 წელს, აღნიშნულ კომპონენტებზე დაყრდნობით, გრინმა პირველად გაიანგარიშა სოციალური პროგრესის ინდექსი და გამოავლინა მსოფლიოში სოციალურად ყველაზე მეტად პროგრესული ქვეყნები. აქვე აღსანიშნავია, რომ შედეგები დიდად არ განსხვავდება 2015 წლის ინდექსის მიხედვითაც, ანუ აღნიშნული ინდექსი წლიდან წლამდე მცირედით იცვლება. სოციალური პროგრესის ინდექსის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე შვედეთი, მესამეზე კი შვეიცარია. საქართველო ამ სიაში მე-60 ადგილზეა და ლიდერობს რეგიონში.

ინდექსის მიხედვით, საქართველომ არსებული 12 კომპონენტიდან, ყველაზე მაღალი ქულა დაწყებითი განათლების ხელმისაწვდომობაში მიიღო. საშუალოზე მაღალი ქულები მიიღო კვების, სასმელი წყლისა და პირველადი ჯანდაცვის კომპონენტებში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში, სიტყვის თავისუფლებასა და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობაშიც. საინტერესოა  საქართველოს სოციალური პროგრესის ინდექსის შედარება რეგიონში მასზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ისეთ ქვეყანასთან, როგორიც აზერბაიჯანია. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მშპ საქართველოს მშპ-ს 2-ჯერ მაინც აღემატება, აზერბაიჯანს სოციალური პროგრესის ინდექსის რეიტინგში 76-ე ადგილი უკავია და 3 ქულით ჩამოუვარდება საქართველოს. მსგავსი სურათი გვაქვს ბევრი სხვა ქვეყნის შემთხვევაშიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე და სოციალური პროგრესის ინდექსი ყოველთვის ერთი და იგივე მიმართულებით არ მოძრაობს.

მართალია, სოციალური პროგრესის ინდექსის ისტორია სულ რაღაც ორ წელს ითვლის, ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია და დახვეწას საჭიროებს, თუმცა მისი მიმოხილვა საკმაოდ საინტერესოა, ვინაიდან ის ცდილობს იმ სიცარიელის ამოვსებას, რომელზეც მშპ-ს პასუხი არ აქვს.

წინა სტატია

ინფლაციის დონე საქართველოში
21 სექტემბერი, 2015

შემდეგი სტატია

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა
24 სექტემბერი, 2015
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა