კონკურენტი მეზობლად

ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ ერთმანეთის გვერდიგვერდ განლაგებული აფთიაქები, ბანკები, ტანსაცმლის მაღაზიები და საავადმყოფოებიც კი. თუ კარგად დაფიქრდებით აუცილებლად გაიხსენებთ თბილისში ქუჩებს, რომელზეც თითქმის ყველა ბანკის ფილიალია განლაგებული ან თითქმის ყველა ბრენდული ტანსაცმლის მაღაზია მდებარეობს. რას დავაბრალოთ მომსახურების ობიექტების ასე ერთად თავმოყრა? განა კონკურენტი მეზობლად უფრო არ უნდა ამწვავებდეს კონკურენციას? და არ ჯობია აღნიშნული ობიექტები თანაბრად იყოს განაწილებული თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე?

თანამედროვე მსოფლიოში კომპანიებს ხელი მიუწვდებათ კაპიტალზე, ინფორმაციაზე ან ტექნოლოგიაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერ ჩვენგანს მაუსზე ერთი ხელის დაჭერით შეგვიძლია მივიღოთ საქონელი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ერთი შეხედვით, ტრანსპორტირების და კომუნიკაციის დროის შემცირებას უნდა შეესუსტებინა კომპანიის ადგილმდებარეობის როლი თანამედროვე ეკონომიკაში. თუმცა რეალობაში, კომპანიის ადგილმდებარეობის როლი არა თუ არ შესუსტებულა, არამედ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ხშირად გადამწყვეტ ფაქტორსაც კი წარმოადგენს. მარკეტოლოგების უმრავლესობა თანხმდება, რომ ბიზნესში წარმატებისათვის უმნიშვნელოვანესია კომპანიის ადგილმდებარეობა. ერთგვაროვანი საქონლისა თუ მომსახურების შეთავაზებისას კი კონკურენციაში უპირატესობის მოპოვების გადამწყვეტი როლი სწორედ კომპანიის ადგილმდებარეობას ეკისრება. ისმის კითხვა, როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ადგილმდებარეობა ბიზნესისათვის?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, განვიხილოთ ცნობილი ეკონომისტის, ჰაროლდ ჰოტელინგის ნაშრომი „სტაბილურობა კონკურენციაში“. აღნიშნულ სტატიაში, ჰოტელინგს მოყავს შემდეგი მაგალითი: დავუშვათ გვაყავს მხოლოდ ორი მწარმოებელი, რომლებიც ერთგვაროვან პროდუქციას აწარმოებენ (მაგალითად ნაყინი) და ერთი და იგივე ფასად ყიდიან. ვინაიდან არანაირ კონკურენტულ უპირატესობას არ ფლობს არც ერთი მწარმოებელი, ერთადერთი რაც მათ განასხვავებს მათი ადგილმდებარეობაა. შესაბამისად, მყიდველები გადაწყვეტილებას იღებენ ტრანსპორტირების ხარჯებზე დაყრდნობით და პროდუქტს ყიდულობენ იმ მწარმოედლისგან, რომელიც მათთან უფრო ახლოს მდებარეობს. ახლა დავუშვათ, რომ აღნიშნული ორი მწარმოებლისგან ერთი ქალაქის თავში მდებარობს, მეორე კი ბოლოში. ასეთ შემთხვევაში ისინი ბაზარს მთლიანად გაიყოფენ და თითოეული მათგანისგან მოსახლეობის 50% იყიდის საქონელს. მაგრამ არის კი ეს წონასწორობა? არა, ვინაიდან თითოეულ მათგანს შეუძლია საკუთარი ბაზრის წილის გაზრდა თუ კონკურენტთან ცოტა ახლოს „მიიჩოჩებს“. ასეთ შემთხვევაში, ის გარანტირებულად შეინარჩუნებს მის განაპირა ნაწილში არსებულ კლიენტებს და გადმოიბირებს კონკურენტის კლიენტების ნაწილსაც. აღნიშნული ერთმანეთთან მიახლოება კი დასრულდება მაშინ, როდესაც კონკურენტები ერთმანეთის გვერდით განთავსდებიან. მართალია ასეთ შემთხვევაში თითოეული მათგანი მოსახლეობის კვლავ ნახევარს მოემსახურება, მაგრამ მათ აღარ ექნებათ მოგების გაზრდის მიზნით ადგილმდებარეობის შეცვლის სტიმული.

მოიხედავად იმისა, რომ განხილული მოდელი რეალობის გამარტივებული ფორმაა და რეალურ სამყაროში ორზე მეტი მწარმოებელი გვთავაზობს ერთსა და იმავე საქონელსა თუ მომსახურეობას, აღნიშნული მოდელი ჭეშმარიტია მრავალი მწარმოებლის შემთხვევაშიც. კონკურენტის მეზობლად განთავსება ფირმებს საშუალებას აძლევს გაზარდონ საკუთარი მოგება და ბაზრის წილი, გადმოიბირონ ან მიითვისონ კონკურენტის კლიენტები, იმ შემთხვევაში თუ კონკურენტს მომხმარებლისათვის სასურველი საქონელი არ აღმოაჩნდება ან შესთავაზონ მომხმარებელს უკეთესი მომსახურება. მაშასადამე, კონკუტენტის მეზობლად ბიზნესის დაწყება საუკეთესო გადაწყვეტილებაა ფირმისთვის, რაც კარგად აპრობირებულია საქართველოში.

მაგრამ, აქვე ისმის კითხვა, ადგილმდებარეობა, რომელიც საუკეთესოა მწარმოებლისთვის არის თუ არა ასევე საუკეთესო მომხმარებლისთვის? დიახ, თუ აღნიშნული ტიპის კლასტერები განთავსებულია არამხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ რამოდენიმე სხვადასხვა ადგილას. რისი კარგი მაგალითიცაა აფთიაქები. მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქები ხშირად დაჯგუფებულია და ერთმანეთის გვერდიგვერდაა თავმოყრილი, ისინი ქალაქის ყველა უბანში გვხვდება, რაც ზოგავს მომხმარებლის დროისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. მაგრამ რა სარგებელი მოაქვს მომხმარებლისათვის ერთ ადგილას განლაგებულ მსგავსი ტიპის რამოდენიმე კომერციულ ობიექტს? პასუხი რისკების დივერსიფიცირება და არჩევანის თავისუფლებაა. როდესაც საქონლისა და მომსახურების შესაძენად მიდიხართ ადგილას, სადაც რამოდენიმე მსგავსი ტიპის ობიექტია განლაგებული, თქვენ ახდენთ რისკების დივერსიფიცირებას, თუ თქვენთვის სასუქრველი პროდუქტი ან მომხასურება არ აღმოჩნდა პირველ ობიექტში, ის აღმოჩნდება მეორე ან მესამე ობიექტში, რომელიც ზუსტად პირველის გვერდით მდებარეობს. ერთმანეთის გვერდით მდებარე ობიექტები საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო, თუ ერთ მათგანში რიგია მეორეში კი არა და თანხა, ვინაიდან შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ საქონლისა თუ მომსახურების ფასები. ასევე, არჩევანი, რომლის წინაშეც თქვენ დგახართ ხდება უფრო მრავალფეროვანი რამოდენიმე ობიექტის შეთავაზებების გაერთანებით, თუ რა თქმა უნდა აღნიშნული ობიექტები ზუსტად იდენტურ საქონლისა და მომსახურებას არ გთავაზობენ.   

წინა სტატია

რა ხანგრძლივობის უნდა იყოს სამუშაო დღე?
21 ოქტომბერი, 2015

შემდეგი სტატია

როგორია კარგი გამყიდველი?
10 ნოემბერი, 2015
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
Ambit Mining! Every bit secured.
კომპანიები | მარ, 21, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა