ევროკავშირის დამფუძნებელი მამები

ნახევარი საუკუნის წინ მდიდარი წარმოსახვის მქონე ლიდერებმა პრაგმატული იდეა შთააგონეს საკუთარ თანამედროვეებს - შექმნილიყო დემოკრატიული სახელმწიფოების უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, ევროკავშირი (ან როგორც უინსტონ ჩერჩილი 1946 წელს ციურიხის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ამბობს - “ევროპის შეერთებული შტატები”), რათა მომავალი თაობებისთვის ხელშესახები გამხდარიყო მშვიდობა, სტაბილურობა და მატერიალური კეთილდღეობა (მშვენიერი საახალწლო სურვილებია!).

ამ სამი ჰიპოსტასიდან გამომდინარე, ერთმანეთთან საერთო იდეალები აკავშირებს  ევროკავშირის დამფუძნებელი მამების შთამბეჭდავ და არცთუ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაგან მე ჩემს ფავორიტ ექვსეულს წარმოგიდგენთ. მაშ ასე: 1. იოსეფ ბეკი 2. იოჰან უილლემ ბეიენი 3. უალტერ ჰალშტაინი 4. ჟან მონნე 5. კონრად ადენაუერი 6. უინსტონ ჩერჩილი.

ის ერთი სიტყვა, რასაც ეჭვგარეშედ ექვსივეს დასახასიათებლად გამოვიყენებდი არის - ინოვაცია. თუმცა მათი ენერგიულობის, მოტივირებულობისა და ძლიერი ეგოს გარეშე შეუძლებელი გახდებოდა ნოვატორული იდეეების რეალობად ქცევა. მშვიდობა, სტაბილურობა და მატერიალური კეთილდღეობა ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში ახალ 2016 წელს!
 
იოსეფ ბეკი - ევროინტეგრაციის მთავარი არქიტექტორი, პოლიტიკოსი ლუქსემბურგიდან, რომლის პრემიერობას დაემთხვა 1926-1936 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი. სწორედ, ამ დროს გაიაზრა, რომ ექპორტი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად დიდ როლს ასრულებდა. ამიტომაც არ დააყოვნა და სწრაფად სცადა პატარა, უმწეო ლუქსემბურგის ვეებერთელა მეზობელ გერმანიაზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება, რომელიც მის მთავარ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენდა. თავიდან მან ეს პროცესი ლუქსემბურგის რკინის ინდუსტრიის გაფართოებით დაიწყო: უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობისა და საბაჟო გაერთიანების მიღწევის მოტივებით, მოლაპარაკებები გამართა ბელგიასთან, მოგვიანებით - ნიდერლანდებთან.

ეს მცდელობა მეორე მსოფლიო ომის დროს ბენელუქსის კავშირის ფორმირებით დაგვირგვინდა, თუმცა ეს უკვე დევნილობაში მოხდა, ლონდონში, 1944 წელს. მას შემდეგ, რაც ნაცისტები შეიჭრნენ ლუქსემბურგში, ის, სხვა მინისტრებთან ერთად, იძულებული გახდა, ბენელუქსის ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. მისი გამოცდილება შექმნილიყო ეკონომიკური კავშირი, სადაც მუშახელი, კაპიტალი, სერვისები და საქონელი თავისუფლად გადაადგილდებოდა - მოგვიანებით ევროკავშირის პროტოტიპად იქცა და დიდი დახმარება გაუწია ევროკავშირის ინსტიტუტების ფორმირებისას.   

მთელი მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, არასოდეს ავიწყდებოდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მოგონება იმ საფრთხეზე, რომ შესაძლებელი იყო ლუქსემბურგი საკუთარ მეზობლებს უბრალოდ შთაენთქათ. უძლურების შეგრძნებამ უბიძგა მხარი დაეჭირა ძალიან ინტენსიური ინტერნაციონალიზაციისთვის და ბენელუქსის გაერთიანების შექმნის გარდა, წაახალისა თანამემამულეები მათი ქვეყანა 1946 წელს გაეროში და 1949 წელს ნატოში გაერთიანებულიყო. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თავის ფრანგ კოლეგას,  რობერტ შუმანს სწრაფად დაეთანხმა იდეაზე, შექმნილიყო ევროპის ქვანახშირისა და რკინის გაერთიანება. სჯეროდა, ეს ლუქსემბურგს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნიდა და როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ევროპაში საკუთარ მყარ ადგილს დაუმკვიდრებდა. სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა ლუქსემბურგში ქვანახშირისა და რკინის გაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლობის სათაო ოფისის განთავსება.

იოსეფ ბეკის მოღვაწეობის შედეგები არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც ლუქსემბურგია, საერთაშორისო ასპარეზზე უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს.

იოჰან უილლემ ბეიენი - საერთაშორისო ბანკირი, მდიდარი ბიზნესმენის შვილი, თავადაც ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, წარმოშობით ჰოლანდიელი. მან ახალი სული შთაბერა ევროინტეგრაციას შუა 1950-იანებში.  ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი როლი ითამაშა ბრეტტონ ვუდსის კონფერენციაზე, როცა ომის შემდგომ საერთაშორისო ფინანსური სტრუქტურის საფუძვლებს ჩაეყარა საფუძვლები. 1946 წლიდან ის ნიდერლანდებს წამოადგენდა მსოფლიო ბანკში, ხოლო 1948 წლიდან საერთაშორისო მონეტარულ ფონდში. მასაც, იოსეფ ბეკის მსგავსად, ნაცისტური ოკუპაციის დროს ლონდონში დევნილობაში მოუწია მუშაობა.

საერთაშორისო საფინანსო და საბანკო სფეროში გამოცდილებიდან იცოდა, რომ სავაჭრო ბარიერებისა და უმუშევრობის თემები არ შეიძლებოდა ადვილად მოგვარებულიყო ეროვნულ დონეზე და გადაწყვეტის გზა აუცილებლად საერთაშორისო პერსპექტივაზე გადიოდა. თუმცა სჯეროდა, რომ გლობალურ დონეზე თანამშრომლობის ნაცვლად, რეალური შესაძლებლობები რეგიონალურ თანამშრომლობაში გაიხსნებოდა. ამიტომ, ომის დასრულების შემდეგ, შეიმუშავა ევროპის საბაჟო კავშირის შექმნის გეგმა, რომელიც “ბეიენის გეგმის” სახელწოდებით არის ცნობილი.

მის გეგმას ჰოლანდიის მთავრობაში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, რომელიც ბეიენმა წარმატებით დაძლია, და დაარწმუნა მოწინაღმდეგე ძალები უფრო ინტენსიური ინტეგრაციისთვის დაეჭირათ მხარი.

მის გეგმას აღფრთოვანებულები არც ევროპის დონეზე განხილვისას შეხვდნენ. პირიქით, თავდაპირველად ძალიან მცირე მხარადჭერა ჰპოვა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა საფრანგეთის მთავრობა არ გამოხატავდა ინტერესს უფრო მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. მაგრამ, როცა რატიფიცირებაზე საფრანგეთის პარლამენტის უარის გამო ევროპის თავდაცვის გაერთიანების გეგმა ჩავარდა, ვითარება შეიცვალა. ცხადი გახდა, რომ არც პოლიტიკური გაერთიანება და არც თავდაცვის გაერთიანება არ შედგებოდა. ჩიხურ ვითარებში, ბეიენის გეგმა საჯარო ყურადღების ცენტრში ხელახლა მოხვდა. ეს იყო გეგმა, რომლის თანახმად საჭირო იყო სრული ეკონომიკური თანამშრომლობა, ნაცვლად მხოლოდ ქვანახშირისა და რკინის სფეროში თანამშრომლობისა. ევროპელმა პოლიტიკოსებმა დაინახეს, რომ ბენელუქსის მსგავსად, ყველა სფეროში ერთიანი ბაზარი სწორი გამოსავალი იყო.     

ბენელუქსის ქვეყნებმა, ბელგიის პრემიერის პოლ-ჰენრი შპააკის ხელმძღვანელობით, ბეიენის ეს გეგმა დააწყვილეს საფრანგეთის იდეასთან - შექმნილიყო ატომურ ენერგიათა გაერთიანება. 1955 წელს შპააკმა ბეიენს მისცა შესაძლებლობა, თავისი გეგმა მესინნის კონფერენციაზე წარმოედგინა. მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და მესსინაში დამაჯერებლად ახსნა, რატომ არ ჰქონდა აზრი ცალკე აღებულ პოლიტიკურ ერთობას, იმ შემთხვევაში, თუკი პარალელურად არ შეიქმნებოდა ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე საერთო საზიარო პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული, ერთიანი სუპრანაციონალური ხელმძღვანელობის ინსტიტუტი.  ამას კონფერენციის მონაწილეებისგან დიდი რეზონანსი მოჰყვა, რაც 1957 წლის მარტში რომის ხელშეკრულების ხელმოწერით, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებითა და ევრატომის შექმნით დაგვირგვინდა.

როგორც ევროკავშირის დამფუძნებელ მამას, მას ხშირად იხსენებენ, როგორც ადამიანს, ვინც ახალი ხედვა წარმოადგინა სწორედ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო.
 
უალტერ ჰალლშტაინი - ევროკომისიის პირველი პრეზიდენტი 1958-1967 წლებში,  ენერგიულად და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ევროკავშირის საერთო ბაზრის ფორმირებას და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში ჩემპიონი გახდა. 1950-იანებში, როგორც გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანმა, სახელი გაითქვა, ე.წ. ‘ჰალლშტაინის დოქტრინით’- მკაცრი პოლიტიკით, რომ დასავლეთ გერმანია არ შევიდოდა დიპლომატიურ ურთიერთობაში იმ სახელმწიფოებთან, ვინც აღმოსავლეთ გერმანია აღიარა.

კერძო და საკორპორაციო სამართალში იმ დროის ყველაზე აღიარებული პროფესორი, რომელიც 1942 წელს ნაცისტებისადმი მტრული განწყობის მიუხედავად, იძულებითი წესით გერმანიის შეიარაღებულ ძალებში მაინც გაიწვიეს, მოკავშირეების შემოჭრის შემდეგ აშშ-ს ომის პატიმართა ბანაკში მოხვდა. ბანაკში პატიმრებისთვის უნივერსიტეტი დააარსა და მათ სამართალსა და უფლებებს ასწავლიდა.      

ომის შემდეგ ფრანკფურტის უნივერსიტეტის ვიცეკანცლერად დანიშნეს, 1948 წლიდან კი აშშ-ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. ფაქტობრივად ის იყო ერთ-ერთი პირველი გერმანელი პროფესორი, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში აკადემიური საქმიანობისთვის მიიწვიეს. ჰალლშტაინი ამერიკაში დარწმუნდა, რომ გერმანიას მსოფლიო დემოკრატიებთან უნდა გაეძლიერებინა კავშირები, ხოლო ამისთვის საერთაშორისო ინციციტივებს უნდა მიერთებოდა. ამიტომ გერმანიაში დაბრუნებისთანავე, მისთვის პრიორიტეტი გერმანიის ნატოსა და გაეროში გაწევრიანება გახდა.

1954 წელს ერთიანი ევროპული თავდაცვის გაერთიანების ჩამოყალიბების იდეის კრახმა ჰალლშტაინი ევროპაში უსაფრთხოების პრობლემის მზარდ საშიშროებაში დაარწმუნა. ის მიხვდა, რომ საბჭოთა კავშირი ამ ვითარებას გამოიყენებდა და გერმანიასა და დასავლეთ ევროპაზე გავლენის გაფართოებას შეეცდებოდა. ამიტომ მანაც მთელი აქცენტი ევროპის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე გააკეთა და 1957 წელს, რომის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, როცა ევროპის ეკონომიკური გაერთიანების კომისიის პირველი პრეზიდენტად აირჩიეს, სწრაფი ტემპით დაიწყო ევროპის სამართლის კონსოლიდაცია, რითაც წევრი ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

ფედერალური ევროპის პროპონენტმა, გაერთიანებული ევროპის ხედვა წარმოაჩინა, რითაც დაუპირისპირდა საფრანგეთის პრეზიდენტის, შარლ დე გოლის მრწამსს კონფედერაციული ევროპის შესახებ, რომლის თანახმადაც წევრ სახელმწიფოებს და არა ევროკავშირის სტრუქტურებს რჩებოდათ მეტი ძალაუფლება. აზრთა ამ დაპირისპირებამ 1965 წლის ცნობილი “ცარიელი სკამის კრიზისი” გამოიწვია, როცა საფრანგეთმა გაიწვია ყველა მისი წამრომადგენელი ევროსტრუქტურებიდან, მანამ სანამ კომპრომისი არ შედგა.

ცალსახაა, რომ ჰალლშტაინის ენერგიული ენთუზიაზმის, დიპლომატიური მოლაპარაკებების უნარებისა და დარწმუნების ძლიერი უნარის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ევროინტეგრაცია იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც ეს მის დროს მოხდა.

ჟან მონნე - წარმოშობით საფრანგეთის ცნობილი კონიაკის რეგიონიდან, საერთაშორისო ბიზნესმენი, ფინანსისტი, ბანკირი, დიპლომატი და უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე. მას არჩევითი თანამდებობა საჯარო სამსახურში არასოდეს ჰკავებია, არც რაიმე ფორმალური ძალაუფლება ჰქონია. მხოლოდ არგუმენტირებული საუბრის ნიჭისა და დარწმუნების უნიკალური უნარების წყალობით, შეძლო და ევროპის ლიდერები საერთო ინტერესების გარშემო გააერთიანა.

1914 წელს ჯარში სამსახური მოინდომა, მაგრამ უარით გაისტუმრეს. ამიტომ ქვეყნის სამსახურში ჩასადგომად სხვა მეთოდი მოიფიქრა და დაუკავშირდა რა საფრანგეთის მთავრობას, ბრიტანეთში ვაჭრობის კოორდინაცია შესთავაზა. იდეა მოუწონეს და საფრანგეთის პრეზიდენტმა ის საფრანგეთსა და მის მოკავშირეებს შორის ეკონომიკურ შუამავლად მიავლინა. ამ ამპლუაში იმდენად წარმატებული იყო, რომ  1919 წელს ერთა ლიგის გენერალური მდივნის მოადგილედ დაასახელეს, სულ რაღაც 31 წლის ასაკში. მამის გარდაცვალების შემდეგ ის კონიაკში დაბრუნდა და წარმატებულად ჩაუდგა სათავეში ოჯახის ბიზნესს. იმავე წლებში, საერთაშორისო საფინანსო გამოცდილების წყალობით, აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, რუმინეთისა და პოლონეთის, ეროვნული საფინანსო სისტემების რეორგანიზაციაში ჩაერთო. ის გახდა ჩინეთის მთავრობის მრჩეველიც, დაეხმარა რა რკინიგზის ქსელის რეორგანიზაციაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრანკო-ბრიტანული კომიტეტის პრეზიდენტად მოგვევლინა, რათა ამ ორი ქვეყნის პროდუქტიულობის შესაძლებლობების კოორდინაცია მოეხდინა. მან დაარწმუნა დე გოლი და ჩერჩილი, შეექმნათ პოლიტიკური გაერთიანება ნაციზმთან საბრძოლველად - მაგრამ ეს გეგმა ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ამის შემდეგ მონნემ საკუთარის სერვისები ბრიტანეთის მთავრობას შესთავაზა, რომელმაც ის საომარი ამუნიციის შესყიდვის საზედამხელდველოდ შტატებში გაგზავნა. მალე მან იქ პრეზიდენტი რუზველტი მოხიბლა და მისი ერთ-ერთი ყველაზე ნდობით აღჭურვილი მრჩეველი გახდა.  

1943 წელს ალჟირში დე ფაქტო მთავრობაში დევნილობისას გააჟღერა, რომ გაერთიანების გარეშე ევროპის ქვეყნები საკუთარი ხალხებისთვის კეთილდღეობისა და სოციალური განვითარების გარანტიების შექმნას ვერ შეძლებდნენ. მან 1944 წელს საკუთარ თავზე აიღო საფრანგეთის ეროვნული მოდერნიზაციისა და განვითარების გეგმის შემუშავება, რომელიც ომის შემდეგ ფრანგული ეკონომიკის აღორძინებისა და ქვეყნის ხელახალი აშენებისკენ იყო მიმართული. გეგმა მოუწონეს და ენერგიულად დაიწყო მისი იმპლემენტაცია, თუმცა მალევე არ მოეწონა ევროინტეგრაციის ტემპები და თავის გუნდთან ერთად ევროპის გაერთიანების კონცეფციაზე დაიწყო მუშაობა.

სწორედ ამ მუშაობის შედეგი იყო, რომ 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საყოველთაოდ ცნობილი “შუმანის დეკლარაცია” წაიკითხა. ეს იყო დეკლარაცია, რომელიც წაახალისა და მოამზადა ჟან მონნემ და რომელმაც შეთავაზება გააკეთა - ერთი უმაღლესი წარმომადგენლის კოორდინაციის ქვეშ, ქვანახშირისა და რკინის საწარმოებლად საფრანგეთისა და გერმანიის გაერთიენება შექმნილიყო. ამ შეთავაზების უკან იდგა იდეა, რომ თუ ევროპის ორ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს შორის ამ რესუსრსების წარმოება საზიარო იქნებოდა, ეს ყველა შემდგომ ომს გამორიცხავდა. რადგან გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის მთავრობებმა შეთავაზებას პოზიტიური პასუხი გასცეს, ამ დეკლარაციამ ევროპის ქვანახშირისა და რკინის გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა და მოგვიანებით ევროკავშირის წინამორბედი გახდა.

მას შემდეგ, რაც 1954 წელს ევროპის თავდაცვითი გაერთიანების ჩამოყალიბება ჩავარდა, მონნემ დააფუძნა “ევროპის შეერთებული შტატების სამოქმედო კომიტეტი,” რომელიც ევროინტეგრაციის სულისკვეთების განსაახლებლად შექმნა და ბევრი ახალი განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად გადააქცია. მის ამ კომიტეტში მოღვაწეობას მიეწერება ევროპაში ისეთი ინოვაციების დანერგვა, როგორიცაა საერთო ბაზარი, ევროპის მონეტარული სისტემა, ევროპული საბჭოს სამიტები და საყოველთაობის პრინციპის დაცვით ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნები.

კონრად ადენაუერი - პოლიტიკოსი, რომელსაც 2003 წლის გამოკითხვის თანახმად, თანამემამულეებმა მიღწევების გამო “ყველა დროის უდიდესი გერმანელი” უწოდეს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველმა კანცლერმა, რომელიც 1949-1963  წლებში ედგა სათავეში ახლადშექმნილ სახელმწიფოს, შეძლო ომის შემდგომი გერმანიისა და ევროპის სახე რადიკალურად შეეცვალა.

როგორც ხშირად ახასიათებდნენ მას - წესრიგის მოყვარულმა, ღირსეულმა, ქრისტიანული მორალისა და ღირებულებების მატარებელმა, კიოლნის მერმა, კონრად ადენაუერმა თავდაპირველად დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობით გაითქვა სახელი (მაგალითად, მისი ინიციატივით აშენდა გერმანიაში პირველი ავტობანი - კიოლნსა და ბონს შორის).

მოგვიანებით, ადენაუერი ნაცისტების დევნის მსხვერპლი გახდა. მას შემდეგ, რაც 1933 წელს ჰიტლერის ვიზიტისათვის ქალაქის სვასტიკებით მორთვაზე უარი თქვა, იგი სიონისტური მოძრაობის მხარდაჭერაში, საჯარო რესურსების ფლანგვასა და ანტიგერმანულ სენტიმენტებში დაადანაშაულეს, მოხსნეს თანამდებობიდან და საბანკო ანგარიშებიც გაუყინეს. მეგობრებისა და ეკლესიის დახმარების იმედად დარჩენილი, აღარ აქტიურობდა, მაგრამ რამდენჯერმე მაინც დააპატიმრეს. 1944 წელს ის გესტაპოს ცნობილ კოლონ ბრაუვეილერის ციხეში წაიყვანეს.

ომის შემდეგ ამერიკელებემა ადენაუერი კიოლნის მერად აღადგინეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც კიოლნი ბრიტანეთის ოკუპაციის ზონაში გადავიდა, ბრიტანელებმა მალევე მოხსნეს. ეს დრო ადენაუერმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენა: იმ პარტიის, რომელშიც ადენაუერმა პროტესტანტი და კათოლიკე გერმენელების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება სცადა. 1949 წელს ის დასავლეთ გერმანიის პირველი კანცლერი გახდა და რადგან მაშინ უკვე 73 წლისა იყო, ვარაუდობდნენ, რომ ამ თანამდებობაზე ცოტა ხნით იქნებოდა. თუმცა, მას 14 წელი ეკავა ეს პოსტი, რითაც ისტორიაში შევიდა, როგორც არა მხოლოდ ქალაქ კიოლნის ყველაზე ახალგაზრდა მერი, არამედ როგორც გერმანიის ყველაზე უხუცესი კანცლერიც.

მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებამ ის პრაგმატიკოსად და პოლიტიკურ რეალისტად ჩამოაყალიბა. ევროპული გაერთიანება მისთვის მხოლოდ მშვიდობის იდეა არ ყოფილა, არამედ, პირველ რიგში, ნაციზმგამოვლილი გერმანიის საერთაშორისო ასპარეზზე რეინტეგრაციის გზას წარმოადგენდა. ეს გზა კი გერმანია-საფრანგეთის საუკუნოვან მტრობაზე გადიოდა. ამიტომ ბუნებრივად დაიწყო სრულიად ევროპული თანამშრომლობის იდეის წინ წამოწევა და მხარდაჭერა. 1950 წლის 9 მაისის შუმანის დეკლარაციის შემდეგ მან მხარი დაუჭირა ევროპის რკინისა და ქვანახშირის გაერთიანებას, ხოლო 1957 წლის მარტში - ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ხელშეკრულებას.

სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე  მან შორს მიმავალი საგარეო პოლიტიკური გეგმები დაისახა. მის დამსახურებებს შორისაა 1951 წელს გერმანიის გაწევრიანება ევროპის საბჭოში, 1952 წელს ევროპის ქვანახშირისა და რკინის გაერთიანების დაარსება და 1955 წელს გერმანიის ნატოში შესვლა. თუმცა, მის ყველაზე დიდ საგარეო პოლიტიკურ მიღწევად საფრანგეთთან შერიგება ითვლება. მან პრეზიდენტ შარლ დე გოლთან ერთად შეძლო გარდამტეხი მომენტის შეტანა, როცა 1963 წელს საუკუნოვანმა მტრებმა მეგობრობის, ანუ იგივე ელიზეს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედად ითვლება.

მისი ლიდერობით, დასავლეთ გერმანია სტაბილურ დემოკრატიად ჩამოყალიბდა და მეზობელ ქვეყნებთან ხანგრძლივვადიანი შერიგება მოახერხა. ევროპის ისტორიაში კონრად ადენაუერი მართლაც ერთ-ერთ ყველაზე აღსანიშნავ ფიგურას წარმოადგენს. ისეთი ევროპა, რომელიც დღეს არის, არ იარსებებდა, რომ არა მისი თავდაჯერებულობა თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, რომლითაც შთააგონა სხვა ევროპული ქვეყნები გაერთიანებულიყვნენ.

უინსტონ ჩერჩილი - არისტოკრატიულ ჩერჩილ-სპენსერებისა და კეთილშობილ მარლბოროს ჰერცოგის ოჯახში დაბადებულ, დედით ამერიკელ, უინსტონ ჩერჩილს უდარდელი ბავშვობა ჰქონდა. არ გამოირჩეოდა სკოლაში კარგი მოსწრებით და მოგვიანებითაც, მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო სამეფო სამხედრო აკადემიის კურსანტი გამხდარიყო. მაგრამ დაამთავრა თუ არა, თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა დაეწყო; მომდევნო 5 წელიწადში სამ კონტინენტზე იბრძოლა, ოთხი მედალი და ერთი ჯილდი მიიღო, დაწერა ხუთი წიგნი და გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. ეს ყველაფერი სულ რაღაც 26-ე დაბადების დღემდე მოასწრო.

სამხრეთ აფრიკის ომის ტყვეთა ბანაკიდან გამოქცევის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა პოლიტიკაში მოღვაწეობა გადაწყვიტა და 1915-1929 წლებში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მინისტრის პორტფელი დაიკავა. 1929 წლიდან, როცა თავის კონსერვატიულ პარტიას გაემიჯნა, მან როგორც მწერალმა და პუბლიცისტმა დიდი აღიარება მოიპოვა. ამ პერიოდში ის ჰიტლერის მზარდ საშიშროებასა და მოსალოდნელ შეიარაღებულ კონფლიქტზე ყურადღებას ხშირად ამახვილებდა, რაც გამართლდა კიდეც და სამყარო მესამე მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვა.  

1940 წელს ჩერჩილი პრემიერმინისტრი გახდა და ბრიტანეთს ომის რთულ წლებში წარუძღვა. მან თავიდანვე უარი თქვა მარცხის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განეხილა და ნაცისტებთან რაიმე ტიპის გარიგება ძირშივე გამორიცხა. ამ უკომპრომისო განწყობამ ბრიტანულ წინააღმდეგობას საბრძოლო სულისკვეთება გაუჩინა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ დროს, როცა მისი ქვეყანა ჰიტლერის ოპოზიციაში სულ მარტო იყო.   

ამ დამსახურების მიუხედავად, ომის შემდეგ მან არჩევნები წააგო. თუმცაღა, მომავლის მოვლენების განვითარების სწორად განჭვრეტის უნარი არ დაუკარგავს და მის ცნობილ გამოსვლაში ფულტონში საბჭოთა კომუნისტებისგან მომავალ საფრთხეზე ვრცლად ისაუბრა. იქ პირველად გამოიყენა გამონათქვამი - “რკინის ფარდა.” 1946 წელს კი ციურიხში წარმოთქვა ცნობილი სიტყვა, სადაც ევროპის შეერთებული შტატების შექმნისაკენ გააკეთა მოწოდება.

ჩერჩილი ახალი მსოფლიო ომის თავიდან აცილების მექანიზმად ევროინტეგრაციას ხედავდა, ხოლო ამ გზაზე პირველ ნაბიჯად ევროპის საბჭოს შექმნას უწევდა ადვოკატირებას. ამიტომაც, როცა 1948 წელს ევროპის დიდ კონგრესზე მთელი ევროპიდან 800 დელეგატი შეიკრიბა, ჩერჩილი, სრულიად დამსახურებულად, საპატიო პრეზიდენტის რანგში იყო მიწვეული. პროცესი 1949 წლის 5 მაისს ევროპის საბჭოს შექმნით დაგვირგვინდა, რომლის პირველ შეხვედრასაც თავად ჩერჩილი დაესწრო. იქ მან მოუწოდა შემდგომი ინტეგრაციისკენ მომდევნო ნაბიჯები გადაედგათ, რაც 1955 წელს შეთანხმდა კიდეც მესსინას კონფერენციაზე და კიდევ ორ წელიწადში, 1957 წელს რომის ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა.

ამოუწურავი იყო ჩერჩილის ხედვების დიაპაზონი. ევროპის გაერთიანებული არმიისა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შექმნის იდეებიც მისგან წამოვიდა. სასამართლო 1959 წელს დაფუძნდა, ზუსტად ათი წლის თავზე იმ მომენტიდან, როცა ეს აზრი პირველმა გააჟღერა.

ფაშიზმის წინააღმდეგ ევროპის ხალხების ბრძოლის ინსპირატორი პოლიტიკოსი სამართლიანადაა მიჩნეული ევროპის გაერთიანების უკან მდგომ მამოძრავებელ ძალად. ჩერჩილი, მისი შეუპოვრობის, უნიკალური მიდგომებისა და განუზომელი დამსახურებების გამო, ევროინტეგრაციის დასაცავად მომართული აქტიური ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

წინა სტატია

ლეგენდარული SHELBY AC. COBRA–ს ისტორია
16 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

არის თუ არა მონოპოლია ყოველთვის ცუდი?
30 დეკემბერი, 2015
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა