ინფლაციური მოლოდინები და სტატისტიკა

ლარის კურსის გაუფასურების კიდევ ერთი შედეგი ინფლაცია უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა ნდობის ინდექსის თანახმად, ინფლაციური მოლოდინები მაისში არც ისეთი მაღალია, როგორც წინა თვეებში, ის კვლავაც მაღალ ნიშნულზე რჩება. თუმცა, საქსტატის მონაცემებით, ინფლაციამ მაისში, აპრილთან შედარებით, მხოლოდ 0.6% შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფებიდან, ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში ყველაზე დიდი წვლილი ტრანსპორტს, ჯანმრთელობის დაცვას, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს, ავეჯს, საოჯახო ნივთებსა და სახლის მოვლას უკავია. აქედან სამ ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა (ტრანსპორტი, ჯანმრთელობის დაცვა, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა), ხოლო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელეზე ფასები შემცირდა.

თვიური ინფლაციის ჯამურ მაჩვენებელში ყველაზე დიდი წვლილი ტრანსპორტზე მოდის. 2015 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ტრანსპორტზე ფასები 3 პროცენტითაა გაზრდილი, თუმცა ინფლაციის წლიურ მაჩვენებელს თუ გადავხედავთ 2015 წლის მაისისთვის, 2014 წლის მაისთან შედარებით ტრანსპორტზე ფასი შემცირებულია 3.2%-ით. ტრანსპორტის ჯგუფში ფასების შემცირება, ისევე როგორც ზრდა მჭიდროდ უკავშირდება საწვავზე ფასების ცვლილებას მსოფლიო ბაზარზე. თუ ნავთობის ფასების დინამიკას გადავხედავთ, დავინახავთ რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა მკვეთრი ვარდნის შემდეგ 2015 წლის მარტის ბოლოდან ზრდა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის ცვლილებები ქართულ ბაზარზე პროპორციულად არ აისახება, ორივე მათგანი მაინც ერთი მიმართულებით მოძრაობს. 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით ტრანსპორტის ჯგუფში ფასების ყოველთვიური კლება ფიქსირდებოდა წინა თვესთან შედარებით, ხოლო 2015 წლის მარტიდან ტრანსპორტის ჯგუფში ფასებმა წინა თვესთან  შედარებით მატება დაიწყო, რაც მაისის თვის ინფლაციაზეც აისახა.

მომდევნო ჯგუფი, რომელიც მაისის ინფლაციის ჯამურ მაჩვენებელში დიდი წვლილით გამოირჩევა ჯანმრთელობის დაცვაა. აღნიშნულ ჯგუფში  მაისში აპრილთან შედარებით ფასები 1.3%-ით, ხოლო გასული წლის მაისთან შედარებით კი 6.6%-ით გაიზარდა. ფასები განსაკუთრებით გაზრდილია სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე, რასაც ადასტურებს იმპორტის მონაცემებიც. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის აპრილში ქვეყანაში იმპორტირებულ იქნა უფრო ნაკლები ღირებულების (31 111 ათასი აშშ დოლარი) მედიკამენტები და აპარატურა, ვიდრე მარტში (41 552 ათასი აშშ დოლარი), ღირებულების კლება გამოწვეულ იქნა მედიკამენტების მოცულობის შემცირებით, შესაბამისად დაფიქსირდა გაზრდილი საიმპორტო ფასები. ანალოგიური მდგომარეობაა ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფშიც, მედიკამენტების მსგავსად აპრილში იმპორტირებული ავეჯის ღირებულება წინა თვესთან შედარებით შემცირებულია (13 233 ათასი აშშ დოლარიდან 10 151 ათას აშშ დოლარამდე), საიმპორტო ფასი კი გაზრდილი.

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მაისის ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელებია. მიუხედავად იმისა რომ მაისში ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 0.6%-ით შემცირდა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელში აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაზრდილია 3.9%-ით. 2015 წლის მაისში 2014 წლის მაისთან შედარებით, აღნიშნულ ჯგუფში ფასები უმეტესად გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (27.1%), ზეთსა და ცხიმზე (9.1%), ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე (8.3%), ტკბილეულზე (5.9%), თევზეულზე (4.5%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (4%). სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების მსგავსად, 2014 წლის მაისში 2015 წლის მაისთან შედარებით ფასები გაიზარდა თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზეც (11.9%-ით).  ფასები განსაკუთრებით გაიზარდა 2015 წლის იანვარში 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, რაც გამოწვეულია 2015 წლის იანვრიდან ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე, ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის ზრდით. აქვე აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის გადასახადის ე.წ. „შერეული სისტემა“, რაც სავარაუდოდ აღნიშნულ პროდუქციაზე მომავალშიც გამოიწვევს ფასების ზრდას.

და ბოლოს, მიუხედავათ იმისა რომ, 2015 წლის მაისში 2014 წლის მაისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 3.5% შეადგინა, ის კვლავაც ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ წლიურ ინფლაციაზე, რომელიც წლიურ 5%-ს უტოლდება.

წინა სტატია

წყალდიდობის მოსალოდნელი გავლენა ქართულ ეკონომიკაზე
18 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

სტიქიური უბედურებების პრევენციული ღონისძიებები
19 ივნისი, 2015
Forbes Georgia: 30 Under 30 - პოლიტიკა და საზოგადოება
რეიტინგი | აგვ, 22, 2018
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა