ფოტო: Getty Images
ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში Oracle-ის აქციების ფასის თითქმის 50%-იანმა ვარდნამ კომპანიის თანადამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ლარი ელისონის, ქონება მნიშვნელოვნად შეამცირა. შედეგად, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში ელისონი მეორე ადგილიდან მერვე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
ორშაბათის სავაჭრო სესიის განმავლობაში Oracle-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით, 133 დოლარზე დაბლა დაეცა. ეს ნიშნავს, რომ 1-ელ ივნისს დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმიდან – 250 დოლარიდან – კომპანიის აქციების ფასი უკვე დაახლოებით 47%-ით არის შემცირებული.
Forbes-ის შეფასებით, Oracle-ის დაახლოებით 40%-იანი წილის მფლობელმა ლარი ელისონმა ერთ დღეში 8 მილიარდი დოლარი დაკარგა, რის შედეგადაც მისი ქონება 175.2 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამ მაჩვენებლით მას უკვე უსწრებს Nvidia-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, რომლის ქონება 176.3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ელისონის ქონება 1-ელი ივნისიდან მოყოლებული დაახლოებით 125 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.
ინვესტორების შეშფოთებას, პირველ რიგში, Oracle-ის მასშტაბური საინვესტიციო გეგმები იწვევს. კომპანია მიმდინარე ფისკალურ წელს ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაახლოებით 70 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, თუმცა Oracle-ი არ გამორიცხავს, რომ ეს თანხა კიდევ 25 მილიარდი დოლარით გაიზარდოს.
გასულ კვირას Melius Research-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Oracle-ის ამბიციური გეგმების განხორციელება შესაძლოა გართულდეს, თუ ისეთი მსხვილი მომხმარებლები, როგორიც არიან OpenAI და Anthropic-ი, მოსალოდნელზე უფრო დიდ გამოთვლით სიმძლავრეს მოითხოვენ.
ამავე დროს, S&P Global-მა Oracle-ის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა. სააგენტოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სწრაფად მზარდ AI-ინფრასტრუქტურულ ბიზნესს გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ამ ეტაპზე მაღალი კაპიტალური ხარჯები Oracle-ის ფინანსურ მდგომარეობაზე დამატებით ზეწოლას ქმნის.
აქციების ვარდნამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციაზეც იმოქმედა. სექტემბერში დაფიქსირებული 877.1 მილიარდი დოლარის პიკიდან Oracle-ის ღირებულება დაახლოებით 383 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. მხოლოდ მაისის ბოლოდან დღემდე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 266 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.
ამასთან, ქონება შეუმცირდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკსაც. SpaceX-ის აქციების ფასის 5%-ზე მეტით კლების ფონზე, მისი ქონება 45.7 მილიარდი დოლარით, 871.6 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ეს პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც SpaceX-ი საფონდო ბირჟაზე გავიდა.











