10 ელექტრომობილი, რომელთაც 2022 წელს უნდა ველოდოთ

10 ელექტრომობილი, რომელთაც 2022 წელს უნდა ველოდოთ

მსოფლიოში ელექტრომობილების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს. ეს ძირითადად სახელმწიფოების მიერ კლიმატის ცვლილების შესამსუბუქებლად გატარებული პოლიტიკით არის განპირობებული. მიზანი ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის შემცირებაა. ამ ამოცანის შესასრულებლად რეფორმების გატარება ავტოინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებმაც აქტიურად დაიწყეს – ისინი თანდათან ელექტროძრავით აღჭურვილი მანქანების წარმოებაზე გადადიან.

წარმოგიდგენთ 10 ელექტრომობილს, რომლებიც, დიდი ალბათობით, 2022 წელს გამოვა.

Tesla Cybertruck

კომპანია Tesla, რომლის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკია, ელექტროპიკაპ Tesla Cybertruck-ის შექმნაზე უკვე წლებია მუშაობს. მანქანის გამოშვება ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსდა, თუმცა მისი წარმოება ამ დრომდე არ დაწყებულა. მასკის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, ელექტრომობილის ოთხძრავიანი ვერსია 2022 წელს გამოვა. როგორც ვარაუდობენ, მისი საწყისი ფასი 39,900 აშშ დოლარი იქნება.

Tesla-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, Cybertruck-ი ელემენტის ერთი დამუხტვით 800-ზე მეტი კილომეტრის გავლას შეძლებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტროპიკაპი 96 კმ/სთ სიჩქარეს 2.9 წამში განავითარებს.

Ford F-150 Lightning

Tesla Cybertruck-ის უმთავრეს კონკურენტად კიდევ ერთი ამერიკული კომპანიის, Ford-ის ელექტროპიკაპი F-150 Lightning-ი მიიჩნევა. როგორც ცნობილია, ავტომობილი მსურველებისთვის 2022 წლის შუა პერიოდიდან იქნება ხელმისაწვდომი. მანქანის ფასი 39,974 აშშ დოლარიდან დაიწყება.

Ford-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, F-150 Lightning-ი ელემენტის ერთჯერადად დამუხტვით დაახლოებით 480 კილომეტრის გავლას შეძლებს. ის 96 კმ/სთ სიჩქარეს 4 წამში განავითარებს.

Kia EV6

სამხრეთკორეული კომპანია Kia თავისი პირველი სრულად ელექტროძრავაზე მომუშავე ავტომობილის, EV6-ის მომხმარებლებისთვის მიწოდებას 2022 წლის იანვრიდან გეგმავს. მისი ფასი 55,000 აშშ დოლარიდან დაიწყება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2026 წლისთვის ბაზარზე EV-ის სერიის 11 მოდელით იქნებიან წარმოდგენილნი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Kia-ს ახალი ავტომობილი 77.4 კვტ/სთ ტევადობის ელემენტის ერთი დამუხტვით დაახლოებით 530 კილომეტრის გავლას შეძლებს. მანქანის საბაზისო მოდელი 100 კმ/სთ სიჩქარეს 7.3 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 180 კმ/სთ-ს შეადგენს.

Nissan Ariya

იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია Nissan-ი სრულად ელექტროძრავაზე მომუშავე ავტომობილის, Ariya-ს ევროპელი მომხმარებლებისთვის მიწოდებას 2022 წლის ზაფხულიდან დაიწყებს, აშშ-ში კი ავტომობილი ამავე წლის შემოდგომაზე გამოჩნდება. მანქანის ღირებულება 47,125 აშშ დოლარიდან იწყება.

Nissan Ariya-ს საბაზისო მოდელი ელემენტის ერთი დამუხტვით 360 კილომეტრამდე მანძილს გაივლის. მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარეს 7,6 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ია.

Fisker Ocean

წინასწარი ინფორმაციით, ამერიკული კომპანია Fisker-ის ელექტრომობილი, Ocean-ი 2022 წლის ნოემბერში გამოვა. მანქანის სხვადასხვა მოდელის ფასი 37,499 აშშ დოლარიდან 68,999 აშშ დოლარამდე მერყეობს. შესაბამისად, Ocean-ის ყველაზე დაბალფასიანი ვერსია ელემენტის ერთი დამუხტვით – დაახლოებით 400 კილომეტრს, ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი კი 560 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლას შეძლებს.

Genesis GV60

Hyundai Motor Group-ის შვილობილი კომპანია Genesis-ი ელექტრომობილის, GV60-ის გამოშვებას 2022 წლის გაზაფხულიდან გეგმავს. ავტომობილის ფასი, სავარაუდოდ, 55,000 აშშ დოლარიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ Genesis-მა მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის პირობა დადო.

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ორი წამყვანთვლიანი GV60-ის სტანდარტული მოდელი 77.4 კვტ/სთ ტევადობის ელემენტით იქნება აღჭურვილი. ჯერჯერობით არ ვრცელდება ოფიციალური დეტალები იმის შესახებ, თუ რა მანძილის გავლას შეძლებს მისი ერთი დამუხტვით ელექტრომობილი. თუმცა, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, მანქანა 450 კილომეტრს დაფარავს.

Lucid Air Pure

ამერიკული კომპანია Lucid Motors-ი ელექტრომობილ Air Pure-ს 2022 წლის ბოლოს გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ მანქანის პირველი, ყველაზე ძვირად ღირებული  მოდელი, Dream Editions-ი, რომელიც 169,000 აშშ დოლარი ღირს, შეზღუდული რაოდენობით უკვე გამოვიდა. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, Pure-ი მსურველებისთვის უფრო შეღავათიან ფასად, 77,400 აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი.

Lucid Motors-ის ინფორმაციით, Air Pure-ს 480 ცხენის ძალა ექნება და ელემენტის ერთი დამუხტვით 650 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლას შეძლებს.

Mercedes-Benz EQE

გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz-ი ელექტრომობილ EQE-ს დიდი ალბათობით 2022 წლის ბოლოს გამოუშვებს. კომპანიას ავტომობილის ღირებულების შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროებია, თუმცა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, მისი ფასი 65,000 აშშ დოლარიდან დაიწყება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანქანა 90 კვტ/სთ ტევადობის ელემენტის ერთი დამუხტვით მაქსიმუმ 660 კილომეტრის გავლას შეძლებს. როგორც ცნობილია, Mercedes-Benz EQE-ს ძრავა 292 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Volkswagen ID.5

გერმანული კომპანია Volkswagen-ი თავისი ახალი ელექტრომობილის, ID.5-ის გაყიდვას 2022 წლის დასაწყისიდან გეგმავს. მწარმოებელს ავტომობილის ღირებულება არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მისი ფასი დაახლოებით 55,000 აშშ დოლარიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, Volkswagen-ი მანქანას გერმანიის ქალაქ ცვიკაუს ავტოქარხანაში აწყობს.

კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ID.5 ელემენტის ერთი დამუხტვით 480 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლას შეძლებს. როგორც ცნობილია, ავტომობილს პანორამული სახურავი ექნება.

Subaru Solterra

იაპონური კომპანია Subaru თავისი ახალი ელექტრომობილის, Solterra-ს გამოშვებას 2022 წლის შუა პერიოდიდან გეგმავს. ავტომობილის ღირებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ის დაახლოებით 40,000 აშშ დოლარი ეღირება.

ელექტრომობილი 71.4 კვტ/სთ ტევადობის ელემენტით იქნება აღჭურვილი. როგორც ცნობილია, მისი ერთჯერადად დამუხტვის შემთხვევაში Solterra-ს სტანდარტული მოდელი 350 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლას შეძლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *