10 უმსხვილესი ქართული კომპანია, რომელიც გაკოტრდა

10 უმსხვილესი ქართული კომპანია, რომელიც გაკოტრდა

ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე არაერთი მსხვილი კომპანია გაკოტრდა. გაკოტრების პირას მყოფი ბევრი კომპანია კი (კომერციული ბანკები, სადაზღვევოები და ა.შ.)  სხვა კომპანიასთან შერწყმით გადაურჩა გაკოტრებას.

გაკოტრების პროცესი იწყება, როცა კომპანიის ვალდებულებები აჭარბებს მისი აქტივების საბაზრო ღირებულებას და ის რეალურად გადახდისუუნაროა. კომპანიის გაკოტრების მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, თუმცა პასუხისმგებლობა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ამავე კომპანიის გენერალურ მენეჯერსა და მის მფლობელს ეკისრება.

გაკოტრების პროცესი “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით რეგულირდება. კანონი არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებზე, სსიპ-ებსა და ფიზიკურ პირებზე. კომპანია  გაკოტრებულად სასამართლოს განჩინების საფუძველზე ცხადდება. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია მიმართოს როგორც ორგანიზაციის მენეჯმენტმა, ასევე მოვალემ/კრედიტორმა. სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში, კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოებას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. კომერციული ბანკის გაკოტრებულად გამოცხადების უფლება კი მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ შევადგინეთ რეიტინგი უმსხვილესი ქართული კომპანიებისა, რომლებიც ბოლო წლებში გაკოტრდნენ/გაკოტრების რეჟიმში არიან.

 შპს “ნიუ ენერჯი”

შპს “ნიუ ენერჯი” 2004 წელს დარეგისტრირდა, კომპანია ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებდა. ის ხშირად იმარჯვებდა  სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ ტენდერებში. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც კომპანიამ განახორციელა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წეროვანში დევნილებისთვის განკუთვნილი კოტეჯების მშენებლობა იყო. 

2012 წლის დეკემბრიდან, კერძო კომპანიებისა და სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებებისა და მილიონობით ლარის დავალიანების გამო,  შპს “ნიუ ენერჯი” გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა. გაკოტრების საქმის წარმოება დღემდე მიმდინარეობს.

“ნიუ ენერჯის” 70%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე, ბიზნესმენი ლუხუმ კაპანაძეა, კომპანიის 30%-ს კი ნიკოლოზ შაქარიშვილი ფლობს.  

“პოპული”

მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, სს “პოპული” 2005 წელს დარეგისტრირდა. სუპერმარკეტების ქსელი მალევე გაფართოვდა და ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.  2012 წელს “პოპულის” ქსელი კომპანია “იოლმა” შეიძინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ “პოპულის”  მიმწოდებლის მიმართ დავალიანება დაუგროვდა.

2013 წელს შპს “ენგადისა” და სს “წყალი მარგებელის” წარმომადგენლობამ სასამართლოს “პოპულის” მიმართ გადახდისუუნარობის” საქმის წარმოების მოთხოვნით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის განჩინების თანახმად, “პოპულის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. 2013 წლის 21 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განჩინება გააუქმა. შესაბამისად, “პოპულის” გაკოტრების საქმის წარმოება შეჩერდა.

2013 წლის ნოემბერში “ფუდმარტი” დაარსდა. ამავე წლის დეკემბერში “ფუდმარტმა” “პოპულის” და “იოლის” აქციები შეიძინა და მისი რებრენდინგი განახორციელა. 2014 წელს კი “ფუდმარტმა” ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელის – SPAR-ის ფრანშიზი იყიდა და დღემდე ამ სახელით ფუნქციონირებს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2013 წელს “პოპულის” აღმასრულებელი დირექტორი დანიის მოქალაქე ესბენ ემბორგი იყო. 2013 წელს იგივე პიროვნება იყო “ფუდმარტის” დირექტორი. “პოპულის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არმანდ ფომიჩევი (ლატვია) და საბჭოს წევრი მერი ჩაჩანიძე ამავე დროს “ფუდმარტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახლდნენ.

ამის შემდეგ იყო სასამართლო დავები. “პოპულის” დამფუძნებელმა, ამ ეტაპზე აქციათა 12%-იანი წილის მფლობელმა ევგენი ფიჩხაიამ “ფუდმარტს” სასამართლოში უჩივლა. “ფუდმარტს” სასამართლო დავები ქონდა “პოპულის” კრედიტორებთანაც.  დღეს “ფუდმარტის” ქონების გარკვეულ ნაწილს ყადაღა ადევს.

2016 წლის იანვარში მერი ჩაჩანიძე “პოპულის” დირექტორად დაინიშნა. მან 2016 წლის თებერვალში სასამართლოს “პოპულის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართა, სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს “პოპულის” გაკოტრების საქმის წარმოება.

სადაზღვევო კომპანია “არქიმედეს გლობალ ჯორჯია”

სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი “არქიმედეს გლობალ ჯორჯია” 2007 წელს დაარსდა. კომპანია ჯანდაცვის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებში იყო ჩართული. 2013 წელს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” საქმიანობის შესწავლა დაიწყო, რის შემდეგაც კომპანიის ფინანსური პრობლემების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა –  მას საავადმყოფოების მიმართ დავალიანებები ჰქონდა. კომპანიამ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და 2014 წლის იანვარში სადაზღვევო კომპანია გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა.

“არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი იმ დროს, როდესაც კომპანია ფინანსური კრახის წინაშე აღმოჩნდა, ნიკა რამიშვილი იყო.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გაკოტრების მიზეზად მენეჯმენტის მუშაობას და დაშვებულ შეცდომებს ასახელებდა. კომპანიის წარმომადგენლობა კი ფინანსურ პრობლემებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებს უკავშირებდა, რომლებიც კომპანიისთვის წაგებიანი აღმოჩნდა. 2010 წლიდან ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარება ერთმანეთს დაუკავშირდა, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს საავადმყოფოების აშენებაც დაევალათ. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ფინანსური პრობლემების წინაშე არაერთი სადაზღვევო კომპანია აღმოჩნდა. 2012 წელი სამედიცინო დაზღვევის კერძო სექტორმა უარყოფითი შედეგით დაასრულა. 

სადაზღვევო კომპანია “ვესტი”

სადაზღვევო კომპანია “ვესტი”ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა. “ვესტი” ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ერთ-ერთი განმახორციელებელი იყო. 2011 წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანიას საავადმყოფოების მიმართ დავალიანება დაუგროვდა. სადაზღვევო კომპანიას ქალაქ სენაკში მრავალპროფილური კლინიკის აშენების ვალდებულება ჰქონდა აღებული. მან ეს ვალდებულება ვერ შეასრულა. 2011 წლის სექტემბერში “ვესტის” სადაზღვევო პორტფელი “არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ” შეიძინა და კლინიკის აშენების ვალდებულებაც მან აიღო.

2011 წლის სექტემბერში “ვესტს” დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. 2013 წლის 17 ოქტომბერს გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდა. ამ ეტაპზე კომპანია ლიკვიდირებულია.

“ვესტი” რეგისტრირებულია ქალაქ ფოთში. “ვესტის” დამფუძნებელი ზაზა ტარუაშვილი გახლდათ, ასევე რუსეთში რეგისტრირებული შპს “იუგრა”,რომელიც კომპანიის აქციათა 91.5%-ს ფლობდა. “ვესტის” გენერალური დირექტორი ალექსანდრე ჭითანავა იყო, რომელიც ამავე დროს შპს “იუგრას” ოფიციალური წარმომადგენელი გახლდათ.  მოგვიანებით “ვესტის” აქციები გასხვისდა. კომპანიის წილები შემდეგნაიარად გადანაწილდა: აია ფანჯიკიძე – 45%, ალექსანდრე ჭითანავა – 22.5%, ტარიელ კოხია – 22.5% და იოსებ ბარნაბიშვილი – 10%. კომპანიის დირექტორი კი ავთანდილ ავლოხაშვილი გახდა.

სადაზღვევო კომპანია “მობიუსი”

სადაზღვევო კომპანია “მობიუსი” 2008 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა. მანამდე ის ბაზარზე შპს “აი-ჯი ჯგუფის” სახელით ოპერირებდა.

სადაზღვევო კომპანიის დირექტორი გრიგოლ ყიფიანი იყო, რომელიც ამავე დროს კომპანიის აქციების 29%-ს ფლობდა. კომპანიის 46%-ს შპს “გინეკა”, 15%-ს ქეთევან მდივანი, აქციათა დანარჩენ 10%-ს ბონდო ბეჟანიძე და ანა შერვაშიძე ინაწილებდნენ. მოგვიანებით, ბონდო ბეჟანიძის წილი 20%-მდე შემცირდა, შპს “გინეკა” კი აქციათა 55%-ის მფლობელი გახდა.

2011 წლის ივლისში კომპანიას საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. 2013 წლის ოქტომბერში კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა. ამ ეტაპზე ის ლიკვიდირებულია. 

სადაზღვევო კომპანია “პარტნიორი”

სადაზღვევო კომპანია “პარტნიორი” 2007 წლის მარტში დარეგისტრირდა. საწყის ეტაპზე ის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კომპანია იყო.

“პარტნიორის” დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი შპს “მენეჯმენტ-კონსალტინგია”, რომლის მესაკუთრეც შპს “თიემ ჯგუფია”. “თიემ ჯგუფის” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ზვიად შავლიაშვილია.

2011 წელს კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. 2011 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “პარტნიორში” იძულებითი ადმინისტრაცია დანიშნა. იმ დროისთვის კომპანიის გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე იყო.

მალევე, “პარტნიორის” სადაზღვევო პორტფელი “ალდაგი ბისიაიმ” შეიძინა.

2015 წელის დეკემბერში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანია “პარტნიორს” სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიები გაუუქმდა, და კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. 

სს “პარკ-პლეისი” და მასთან დაკავშირებული კომპანიები

2006 წელს სს “სასტუმრო ვაკის” სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებები  განხორციელდა და სააქციო საზოგადოების სახელწოდება “პარკ-პლეისით” შეიცვალა. კომპანია სხვადასხვა სახის კომერციულ და სამრეწველო საქმიანობას (სამშენებლო, საინვესტიციო, ტურისტთა კომპლექსური მომსახურება და სხვა) ეწეოდა.

2015 წელს სს “პარკ-პლეისის” დირექტორმა როინ მოსეშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ამ ეტაპზე გაკოტრების საქმის წარმოება მიმდინარეობს.

გაკოტრების რეჟიმში არიან ის კომპანიებიც, რომელთა აქციების წილის მფლობელი “პარკ-პლეისია”.

2016 წელს სამშენებლო კომპანია “ბაგები 2002”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. კომპანია 2002 წელს გამოჩნდა ბაზარზე.  ის სს “პარკ-პლეისის” ერთ-ერთი აქციონერი იყო.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, “ბაგები 2002”-ის აქციათა 35%-ს “პარკ-პლეისი” ფლობს, 41%-ს “მონსამინ ინვესთმენთს ლიმიტედი” (რომელიც რეგისტრირებულია კვიპროსში), 10%-ს “ბაგები სითი ჯგუფი”, კომპანიის დანარჩენ წილს სხვადასხვა აქციონერი ინაწილებს. კომპანიის დირექტორი ჯუმბერ ხატიაშვილია, რომელიც ამავე დროს “ბაგები სითი ჯგუფის” დირექტორია. ის  ასევე “პარკ-პლეისის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და შემდგომ გენერალური დირექტორი იყო.

2017 წლის ივლისში დეველოპერული  კომპანია “ბაგები სითი ჯგუფის” გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. კომპანიის 60%-იან წილს სს “პარკ-პლეისი” ფლობს. “ბაგები სითი ჯგუფის” აქციათა 33%-ს კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია “მონსამინ ინვესთმენთს ლიმიტედი” ფლობს. დანარჩენი 7% კი შპს “სმარტ მუვის” მფლობელობაშია.

2017 წელს გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო შპს “ბათუმი პლაზას” მიმართაც. აქაც ფიგურირებს “პარკ-პლეისი”, რომელიც კომპანიის 20%-ს ფლობს. “ბათუმი პლაზას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯუმბერ ხატიაშვილია. 

“სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბო”

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, “სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბო” 2005 წლის 25 აგვისტოს დარეგისტრირდა. კომპანია სამშენებლო, სარემონტო, აღდგენით საქმიანობას ეწეოდა.

კომპანიის 87.5%-იანი წილის მფლობელი მამუკა აბესაძე იყო, კომპანიის 12.5%-ს კი ზაალ კაპანაძე ფლობდა. “სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” დირექტორი ზურაბ ქაფიანიძე იყო.

აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანია 2005 წლამდე  ბაზარზე “ლიბო-საქართველოს სამშენებლო კომპანიის” სახელით ოპერირებდა.

2010 წლის იანვარში “სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” დირექტორის, ზურაბ ქაფიანიძის განცხადების საფუძველზე  თბილისის საქალაქო სასამართლომ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. 2014 წლის 7 თებერვლის სასამართლოს განჩინების თანახმად,  გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდა. ამ ეტაპზე “სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბო” ლიკვიდირებულია. 

სამშენებლო კომპანია “ავტობანი”

სამშენებლო კომპანია “ავტობანი” 2006 წლის იანვარში დაფუძნდა. მისი საქმიანობის სფერო გზების, ხიდების, საცხოვრებელი და სხვა სახის ნაგებობების მშენებლობა იყო. კომპანიის წილის 60%-ს თემურ ზუბაშვილი ფლობს, 40%-ს კი აკაკი მუშკუდიანი, რომელიც ამავე კომპანიის დირექტორია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, სამშენებლო კომპანია “ავტობანს” რამდენიმე სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული. 

2014 წლის იანვარში სასამართლოს სამშენებლო კომპანია “ავტობანის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართა კომპანიის წარმომადგენელმა ნანი ტვილდიანმა, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 

სს სამშენებლო კომპანია “თბილისი”

2014 წლის მარტში სს სამშენებლო კომპანია “თბილისის” გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო.

კომპანიას ფინანსური პრობლემები გაცილებით ადრე დაეწყო. 2009 წელს “საქართველოს ბანკის” სარჩელის საფუძველზე, სამშენებლო კომპანია “თბილისის” საკუთრებაში არსებულ ქონებას ყადაღა დაედო.

სს სამშენებლო კომპანია “თბილისი” ბაზარზე 2001 წელს გამოჩნდა, მანამდე ის სს სამშენებლო სამონტაჟო ტრესტ “თბილისის” სახელით არსებობდა. კომპანია ფლობდა ყველა სახის სამშენებლო და სამონტაჟო საქმიანობის ლიცენზიას. “სამშენებლო კომპანია თბილისს” ჰქონდა ფილიალები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ფოთში, ბათუმში, ბორჯომში და სხვა.

სამშენებლო კომპანია “თბილისის” გენერალური დირექტორი თეიმურაზ ჩარკვიანი იყო, 2008 წლიდან კი გენერალური დირექტორის თანამდებობას გონელი ყურაშვილი იკავებს. 

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში კომპანიის დარეგისტრირება ძალიან მარტივია, “დახურვა” კი (ლიკვიდაცია/გაკოტრების საქმის წარმოება) რთული და ხანგრძლივი პროცესია. მსოფლიო ბანკის კვლევის, Doing Business-ის 2017 წლის რეიტინგში საქართველო 189 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა.  ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით საქართველო მე-8 ადგილზეა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების (იგივე გაკოტრება/ლიკვიდაცია) კუთხით კი 106-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკის კვლევით, საქართველოში ბიზნესის ლიკვიდაცია/გაკოტრებას საშუალოდ 2 წელი სჭირდება, კომპანიის ვალდებულებები კი საშუალოდ 40%-ით კმაყოფილდება. ასევე, მაღალია გაკოტრების პროცესის წარმოების ხარჯი. ბიზნესის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებით მსოფლიოში ლიდერი ფინეთია, სადაც საქმისწარმოების საშუალო დრო 11 თვეა, ხოლო ვალდებულებების დაფარვა 90%-ით ხდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *