$2.8 მილიარდი დოლარის დავები - საქართველო საერთაშორისო არბიტრაჟში

$2.8 მილიარდი დოლარის დავები - საქართველო საერთაშორისო არბიტრაჟში

დღეს საქართველოს მთავრობა ორი ტიპის საარბიტრაჟო დავებშია ჩართული, ესაა:

  1. დავები საერთაშორისო ინვესტორებთან, რომლებიც საქართველოს მთავრობას უჩივიან;
  2. დავები სახელმწიფოს კონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებმაც განსაზღვრული ვალდებულებები არ შეასრულეს და მათ სახელმწიფო უჩივის.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უმსხვილეს საარბიტრაჟო დავებში მოთხოვნილი თანხის ჯამური მოცულობა 2.8 მილიარდი დოლარია.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ პარიზის საარბიტრაჟო ტრიბუნალში შეიტანა განაცხადი. ამ დროისთვის უცნობია, რა არის დავაში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ჰესის საინვესტიციო მოცულობა $800 მილიონს შეადგენდა, კომპანიის მიერ მოთხოვნილი თანხაც, სავარაუდოდ, ასობით მილიონ დოლარს აღემატება.

რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო დავაში ინვესტორთა მიერ მოთხოვნილი თანხები ასე ნაწილდება:

  • „Gardabani Holdings B.V.”, „Inter RAO UES PJSC“ და სს „თელასი“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ წინააღმდეგ“ და „Gardabani Holdings B.V.“ და „Silk Road Holdings B.V.” საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ” – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $210 მილიონი დოლარი;
  • „ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;
  • „მაგთის“ მფლობელი კომპანიების – „TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC“ საქართველოს წინააღმდეგ” – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი;
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საქართველოს წინააღმდეგ” – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარი;
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ინვესტორის ბობ მეიერის დავა – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 64 მილიონი დოლარი;
  • „ნასიბ ჰასანოვი (Nasib Hasanov) საქართველოს წინააღმდეგ“ – ამ დავაში ტრიბუნალი აფასებს, მიაყენა თუ არა საქართველოს მთავრობამ „კავკასუს ონლაინის” ინვესტორს $200 მილიონი დოლარის ფინანსური ზარალი.

იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პროცესები საქართველოს საწინააღმდეგოდ დასრულდება, მაშინ ქვეყნის ბიუჯეტს ასობით მილიონი დოლარის კომპენსაციების გადახდა მოუწევს. სწორედ ამიტომ ფინანსთა სამინისტრომ ამ დავებთან დაკავშირებული ფისკალური რისკები შეაფასა და ის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს დაურთო.

რატომ მიდიან ინვესტორები არბიტრაჟში? 

საარბიტრაჟო დავები, როგორც წესი, მსხვილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება. მათში ხშირ შემთხვევაში მოსარჩელეს უცხოური კომპანიები წარმოადგენენ. ამ ინვესტორებს არბიტრაჟისადმი მიმართვის შესაძლებლობას საერთაშორისო კანონმდებლობა და საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებები აძლევს.

მაგალითად, საქართველოს აქვს ინვესტორთა უფლებების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები აშშ-სთან; ნიდერლანდებთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან. მათ შორის ზოგიერთი ასეთი ხელშეკრულება თავისი შინაარსიდან გამომდინარე უფრო ფართოა და ინვესტორებს მეტ უფლებებს ანიჭებს.

ოფშორები და შუამავალი კომპანიები ამ მხრივ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ართულებენ და პოტენციურად სარისკოს ქმნიან. მაგალითად, რუსული ენერგოგიგანტი Inter Rao საქართველოს წინააღმდეგ ჰოლანდიელი ინვესტორის სტატუსით დავობს. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ კომპანია საქართველოში ჰოლანდიური შვილობილი კომპანიის Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით ოპერირებდა. ზოგიერთ შემთხვევაში მომჩივანი ქართველი ინვესტორია, ხოლო საქმეს არბიტრაჟი განიხილავს, იმიტომ რომ ინვესტორი ოპერაციებს ოფშორული ზონის იურიდიული პირით ახორციელებდა. შესაბამისად, ქაღალდზე დავა პანამელ ან კაიმანელ ინვესტორთან მიმდინარეობს.

მსხვილ საინვესტიციო პროექტებში, როგორიცაა ახალი აეროპორტის, პორტისა თუ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, მთავრობასა და ინვესტორებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებში ყოველთვის არის მუხლი იმის თაობაზე, რომ მხარეები სადავო საკითხების საერთაშორისო არბიტრაჟის გზით გადაჭრაზე თანხმდებიან. ხშირ შემთხვევაში მითითებულია კიდეც, რომელი საარბიტრაჟო იურისდიქცია უნდა იყოს ასეთი დავების განხილვის სივრცე, იქნება ეს ICSID-ი, სტოკჰოლმის ტრიბუნალი, ICC-ის არბიტრაჟი თუ სხვა.

სწორედ სტოკჰოლმის არბიტრაჟმა მიიღო გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება და ქვეყანას Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა, თუმცა საქართველომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ათობით მილიონი ლარი იურისტების დაქირავებისთვის

საქართველოს მთავრობა ამ საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე მილიონობით ლარს ხარჯავს. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტები საერთაშორისო იურიდიულ ფირმა White & Case-თან არის გაფორმებული, რომლებშიც იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის შემდეგ 84 მილიონი ლარი გადაიხადა. იურიდიული ფირმა AARPI-ის სერვისებში – 19 მილიონი ლარი, Dechert-ის დაქირავებაში კი 11 მილიონი ლარი არის გადახდილი. მთლიანობაში 2022 წლის შემდეგ არბიტრაჟებისთვის უცხოელი იურისტების კონტრაქტების მოცულობა 115 მილიონ ლარს აღემატება.

იურიდიული მომსახურების მხრივ ყველაზე ძვირად ღირებული დავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მიმდინარეობს, სადაც კომპანია White & Case-ის სერვისში მთავრობამ უკვე 24.6 მილიონი ლარი გადაიხადა.

საარბიტრაჟო დავები არამხოლოდ საინვესტიციო პროექტებთან მიმართებით მიმდინარეობს, არაერთი დავა აქვს მთავრობას კონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებმაც ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. წელს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გამარჯვებით დასრულდა ჩქაროსნული მაგისტრალის კონტრაქტორებთან დავა და მათ ასობით მილიონის გადახდა დაეკისრათ.

„რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟს, საყურადღებოა, ოფშორები და შუამავალი კომპანიები ამ მხრივ ვითარებას კიდევ რომ დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდება მსხვილ პროექტებს, გათვალისწინებულია კონფიდენციალურობის ვალდებულებები მხარეებისთვის ისეთი სპეციალიზებული სასამართლოების მიერ, როგორიცაა საინვესტიციო დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრი (ICSID) ან საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (ICC). ამასთან, ძალიან ხშირად შეთანხმება მიიღწევა ისეთ თანხაზე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველ მოთხოვნასთან შედარებით. ასევე, სახელმწიფომ შესაძლოა, მოამზადოს შემხვედრი სარჩელი და მოიპოვოს გამარჯვება შესაბამისი კომპენსაციით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ის 13%-ს შეადგენს”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

უახლოეს წლებში გაირკვევა, მოუწევს თუ არა საქართველოს ბიუჯეტს 2.8 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდა.

საარბიტრაჟო დავებისთვის დაქირავებული იურიდიული ფირმების ჩამონათვალი და გადახდილი თანხები ასე ნაწილდება

საერთაშორისო იურიდიული კომპანია

მიმდინარე დავის იურიდიულ მომსახურებაში გადახდილი თანხა (ლარებში)

დავის სახელი

White & Case LLP

₾24,696,217

დავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” და ბობ მეიერთან
White & Case LLP

₾20,319,568

დავა კომპანია „ტოდინისთან” სამტრედია-გრიგოლეთის გზატკეცილთან დაკავშირებით
AARPI Gaillard Banifatemi Shelbaya Siino

₾14,591,540

დავა Telcell Wireless-სა და International Telcell Cellular-თან („მაგთის“ საქმე)
White & Case LLP

₾13,183,119

დავა კომპანია „ასტალდისთან” ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზატკეცილთან დაკავშირებით
Dechert (Paris) LLP

₾11,042,126

დავა „კავკასუს ონლაინის” მფლობელ ნასიბ ჰასანოვთან
White & Case LLP

₾8,417,661

დავა Behlen industries-თან სტადიონების მშენებლობასთან დაკავშირებით
White & Case LLP

₾8,250,270

დავა კომპანია „ალტკომთან” სამტრედია-გრიგოლეთის გზატკეცილთან დაკავშირებით
White & Case LLP

₾5,435,582

დავა Inter Rao-სთან
AARPI Gaillard Banifatemi Shelbaya Siino

₾4,183,023

დავა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან
White & Case LLP

₾3,783,077

დავა კომპანია „ტოდინისთან” ხულო-ზარზმის საგზაო მონაკვეთთან დაკავშირებით
Shearman & Sterling LLP

₾1,227,946

დავა Telcell Wireless-სა და International Telcell Cellular-თან
Shearman & Sterling LLP

₾754,832

დავა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *