ნავთობზე დაწესებული ემბარგო და ფასის ლიმიტი — რა იცვლება რუსეთისთვის, დასავლეთისა და საქართველოსთვის?

ნავთობზე დაწესებული ემბარგო და ფასის ლიმიტი — რა იცვლება რუსეთისთვის, დასავლეთისა და საქართველოსთვის?

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც კი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ისევ ენერგეტიკა და ნავთობია. ომმა და სანქციებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ აკონტროლებს ბუნებრივ რესურსებს და მიწოდების ჯაჭვს. სანქციების ცხრა პაკეტის შემდეგაც დასავლეთი ცდილობს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ „ვერცხლის ტყვია“ გამონახოს, თუმცა ამჯერად ევროპელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მთავარი შემზღუდავი ზომა უკვე მიღებულია, მისი ეკონომიკური კოლაფსი კი – გარდაუვალი.

რა იცვლება დასავლეთისა და რუსეთისთვის?

5 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ ერთდროულად ამოქმედდა ორი შემზღუდავი ზომა: რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგო და „დიდი შვიდეულის” ფასის ლიმიტი. ორივე მათგანზე დასავლელი ლიდერები თითქმის 6 თვის განმავლობაში მსჯელობდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ყველაზე მკაცრი სანქციაა, თუმცა იქნება თუ არა ეს საკმარისი პუტინის შესაჩერებლად?

საკითხის განხილვა თავად რუსეთის ფედერაციის ნავთობზე დამოკიდებულებით უნდა დავიწყოთ. გასულ წელს რუსეთმა ექსპორტზე 230 მილიარდი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობი, დიზელი, ბენზინი და სხვა სახის ნავთობპროდუქტები გაიტანა, რაც ქვეყნის საერთო საექსპორტო მოცულობის 46%-ს წარმოადგენდა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის ეკონომიკის უმთავრესი შემოსავლის წყარო ნავთობია, მის რეალიზაციას კი კრემლის საბიუჯეტო შემოსავლებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

შედარებისთვის, გასულ წელს რუსეთი ევროკავშირის საერთო მოთხოვნის მხოლოდ 27%-ს აკმაყოფილებდა, EU-ის ბაზარზე გაყიდული ნავთობი კი რუსეთის საექსპორტო მოცულობის 80%-ს შეადგენდა, რაც იმას ცხადყოფს, რომ თავად რუსეთი უფრო მეტადაა დამოკიდებული EU-ის ბაზარზე, ვიდრე ევროკავშირი – რუსულ ნავთობზე.

ბუნებრივი აირისგან განსხვავებით, რომელიც შესაბამისი მილსადენების გაყვანასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას საჭიროებს, იმპორტიორი სახელმწიფოებისთვის ნავთობის მიმწოდებლის შეცვლა საკმაოდ მარტივია, რადგან აღნიშნული საქონელი უმეტესწილად საზღვაო გზით გადაიზიდება, მისი ექსპორტით კი არაერთი სახელმწიფოა დაკავებული, შესაბამისად, ევროკავშირისა თუ სხვა დასავლური ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის ჩანაცვლება ტექნიკურ სირთულეს არ წარმოადგენს.

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტით რუსული ნავთობის იმპორტი ნაწილობრივ შეიზღუდა, 5 დეკემბრიდან კი EU-ის მასშტაბით საზღვაო გზით რუსული ნავთობის იმპორტი სრულად აიკრძალა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსკოვმა მთავარი საექსპორტო ბაზარი დაკარგა, დარჩენილ პოტენციურ კლიენტებს შორის კი ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი არიან, რომელთაც რუსული ნავთობის შესყიდვის სანაცვლოდ სპეციალური პირობებისა და „ფასდაკლების აქციების” მიღება სურთ.

EU-ის ემბარგოს გარდა, 5 დეკემბერს G7-ის ფასის ლიმიტიც ამოქმედდა, რაც იმას გულისხმობს, რომ აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და ავსტრალია ბარელ Urals-ში 60 დოლარზე მეტს აღარ გადაიხდიან, დასავლურ კომპანიებს კი აღნიშნულ ფასზე ძვირად შეძენილი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერებისთვის მომსახურების გაწევა ეკრძალებათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი დასავლეთის ბაზარზე ნავთობს 60 დოლარზე ძვირად პრაქტიკულად ვეღარ გაყიდის.

EU-ის ემბარგოსა და G7-ის ლიმიტს მოსკოვის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა: ოფიციალური კრემლის განცხადებით, ფასის ჭერის დამწესებელ სახელმწიფოებს რუსეთი ნავთობის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსკოვი თავის პირობას შეასრულებს და დასავლურ სახელმწიფოებს ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს, ამით საერთაშორისო ბირჟისა და თავად რუსეთისთვის არსებითად არაფერი შეიცვლება. საქმე ისაა, რომ დასავლურ სახელმწიფოებს უკვე შეწყვეტილი აქვთ რუსული ნავთობის შესყიდვა, ფასის ლიმიტსა თუ ემბარგოს კი მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში რუსეთის უმთავრეს სარეალიზაციო ბაზრად აზიის რეგიონი, კერძოდ, ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი იქცა, ზემოხსენებული სახელმწიფოები კი ბარელ Urals-ში ისედაც 60 დოლარზე ნაკლებს იხდიდნენ, მიუხედავად საერთაშორისო ბირჟაზე Brent-ის ფასის 90-100-დოლარიან ნიშნულამდე გაზრდისა.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე Brent-ისა და Urals-ის ფასები თითქმის იდენტური იყო, თუმცა ომის დაწყების შემდეგ მათ შორის 20-30-დოლარიანი სხვაობა გაჩნდა, რაც სწორედ იმ ფაქტით იყო განპირობებული, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა Urals-ის შესყიდვაზე უარი თქვეს, ჩინეთმა და ინდოეთმა კი რუსეთს არა კონკურენტული, არამედ საკუთარი ფასი შესთავაზეს.

მოგეხსენებათ, რუსეთის ექსპორტის 46% და საბიუჯეტო შემოსავლები სწორედ ნავთობის რეალიზაციაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, მოსკოვი იძულებულია, ნავთობი ფასდაკლებითაც გაყიდოს, მათ შორის, 40 დოლარადაც კი.

ამჟამად საერთაშორისო ბირჟაზე Urals-ის ფასი სწორედ 60 დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, ბარელი Brent-ის ფასი 82 დოლარის ფარგლებშია, WTI კი 76 დოლარად ივაჭრება.

ემბარგოსა და ლიმიტის დაწესებით მხოლოდ ორი რამ იცვლება: დასავლეთი სრულად ხდება დამოკიდებული OPEC-სა და ალტერნატიულ მიმწოდებლებზე; რუსეთი კი – აზიურ ბაზარზე.

რაც შეეხება თავად 60 დოლარს, რატომ გადაწყდა ლიმიტის სწორედ ამ ნიშნულზე განსაზღვრა? – ამ შეკითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია: ეს ნავთობის ბაზრის ბუნებრივი წონასწორობის წერტილია, ათწლიან ჭრილში ბარელი ნავთობის საშუალო ფასი სწორედ 60 დოლარია, დასავლელი კანონმდებლები კი ცდილობენ, რომ სანქციებით ენერგეტიკული ბაზარი წონასწორობის წერტილს დაუბრუნონ და კოვიდპანდემიისა თუ ომის ფაქტორები მაქსიმალურად გაანეიტრალონ.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასი მხოლოდ საწვავის ღირებულებას არ განსაზღვრავს, უდიდესი ეკონომიკური ეფექტიდან გამომდინარე, ნავთობი პირდაპირ გავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასებზე. დასავლეთის მასშტაბით ინფლაციური მაჩვენებლების რეკორდული ზრდა კი უმეტესწილად სწორედ ენერგორესურსების გაძვირებითაა გამოწვეული, რასაც ზოგადი ინფლაციური მაჩვენებლის საბაზო CPI-სთან შედარებაც ცხადყოფს. საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასების დასტაბილურება და ეტაპობრივი შემცირება ინფლაციური წნეხის შემცირებას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, G7-ისა და EU-ის მთავარი ამოცანა არა რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება, არამედ დასავლეთში ინფლაციის შემცირებაა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Urals-ის საშუალო ფასი ბოლო ათწლეულში 60 დოლარი იყო, შესაბამისად, მისი ამ ნიშნულზე დაბრუნება რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრ შემცირებას და ეკონომიკის ჩამოშლას ვერანაირად ვერ გამოიწვევს.

5 დეკემბრის შემდეგ რუსეთი ახალ რეალობაში აღმოჩნდა, რომელშიც ნავთობის ფასს არა საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდება, არამედ ჩინეთისა და ინდოეთის კეთილგანწყობა განსაზღვრავს, აღნიშნული მოცემულობა კი იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ სი ძინპინმა და ნარენდრა მოდიმ ვლადიმირ პუტინს ნავთობის სანაცვლოდ არა 60, არამედ 40 დოლარიც კი შესთავაზონ, მოსკოვს კი უარის თქმის ფუფუნება არ და ვერ ექნება.

რა იცვლება საქართველოსთვის?

საერთაშორისო ბირჟაზე Urals-სა და Brent-ს შორის ფასების სხვაობის ჩამოყალიბების ფონზე, საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური კავშირები სულ უფრო მეტად ღრმავდება. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვა 50%-ით, კერძოდ, 1.94 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რუსული რესურსების იმპორტის საერთო მოცულობაში უდიდესი წილი ბენზინსა და დიზელზე მოდის, კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში 495 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 375%-ით მეტია.

საერთო ჯამში, იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 1.13 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, აქედან თითქმის 43% კი რუსულ ნავთობზე მოდის. რაც შეეხება უშუალოდ ომის დაწყების შემდეგ პერიოდს, მარტ-ოქტომბერში საქართველოში უცხოეთიდან 973 მილიონი დოლარის ნავთობი შემოვიდა, მოცულობის 48% კი რუსულ ნავთობზე მოდის. შედარებისთვის, წლის დასაწყისში რუსული ნავთობის წილი იმპორტის საერთო მოცულობაში მხოლოდ 16% იყო.

ბირჟაზე Urals-ის ფასის 60-დოლარიან ნიშნულზე დასტაბილურების პირობებში, მოსალოდნელია, რომ ქართული ბაზარი თითქმის სრულად გადაერთვება რუსულ ნავთობზე, რაც საწვავის ადგილობრივ ფასებზეც შესაბამის ასახვას პოვებს.

რა პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია სამომავლო ფასებთან დაკავშირებით? – მაგალითად, 2019 წლის III – IV კვარტალში ბარელი ნავთობის ფასი ბირჟაზე 60 დოლარის ფარგლებში იყო, ამ პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე ერთი ლიტრი ევრო რეგულარის საშუალო ფასი 2.40 – 2.55 ლარი იყო, პრემიუმი კი 2.50 – 2.65 ლარის დიაპაზონში ივაჭრებოდა. შედარებისთვის, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ამჟამად ევრო რეგულარის ფასი 3.00 – 3.15 ლარის ფარგლებშია; ლიტრი პრემიუმის ფასი კი 3.20 – 3.35 ლარს შეადგენს.

საერთაშორისო ფასებთან ერთად გასათვალისწინებელია ვალუტის გაცვლითი კურსიც, 2019 წელს ამერიკული დოლარის კურსი 2.90 – 2.95 ლარის დიაპაზონში იყო, ამჟამად კი ის 2.69-მდეა შემცირებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ლარი გამყარებულია, შესაბამისად, მის სანაცვლოდ მეტი რაოდენობით პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე 2019 წელს. თუკი საშუალოვადიან მომავალში საერთაშორისო ბირჟაზე რუსული ნავთობის ფასი 60 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდება, მაშინ მოსალოდნელია, რომ ადგილობრივ ბაზარზე ერთი ლიტრი ევრო რეგულარი დაახლოებით 50 თეთრით გაიაფდება, პრემიუმ საწვავის ფასი კი 70 თეთრით შემცირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *