ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლის დონეს გამოხატავს წლის განმავლობაში ერთი მოსახლის მიერ მიღებული საშუალო შემოსავალი. როდესაც ერთ მოსახლეზე შემოსავალს ვზომავთ იმ მიზნით, რომ შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთს შევადაროთ, ამ დროს მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP) დათვლილი შემოსავალის გამოყენებაა ყველაზე გამართლებული. მსყიდველობითი უნარის პარიტეტი გამორიცხავს ქვეყნებს შორის ფასების დონის სხვაობას. კეთდება დაშვება, რომ 1 აშშ დოლარს ყველა ქვეყანაში თანაბარი მსყიდველობითი უნარი აქვს.
მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2018 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მეტად ირლანდიაში გაიზრდება – 3 484 PPP დოლარით. შემდეგ მოდის სინგაპური – 2 385 დოლარით და შემდეგ მალტა – 1 880 დოლარით. შემოსავლების ზრდით ტოპ 10 ქვეყნიდან, 9 მაღალშემოსავლიანი ქვეყანაა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკა პროცენტულად სწრაფად აღარ იზრდება, უკვე დაფიქსირებული მაღალი შემოსავლების საბაზისო ეფექტის და მოსახლეობის კლების (ან დაბალი ტემპით ზრდის) გამო, ერთ მოსახლეზე რეალური შემოსავალი ამ ქვეყნებში უფრო მეტად იზრდება, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში.
საქართველოში 2018 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი 503 PPP დოლარით გაიზარდა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 53-ე ადგილზეა.
2018 წელს შემოსავალი ყველაზე მეტად ეკვატორულ გვინეაში შემცირდა – 2 007 დოლარით, შემდეგ მოდის ვენესუელა – 1 968 და ვენესუელა – 1 588 დოლარით.
ცხრილი: ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე შემოსავალის ზრდით, (PPP) აშშ დოლარი
ქვეყანა | 2017 | 2018 | ზრდა |
ირლანდია | 66,548 | 70,032 | 3,484 |
სინგაპური | 86,811 | 89,196 | 2,385 |
მალტა | 38,659 | 40,539 | 1,880 |
ლიბია | 8,735 | 10,194 | 1,460 |
ლიტვა | 29,506 | 30,957 | 1,450 |
ლატვია | 25,164 | 26,579 | 1,415 |
უნგრეთი | 26,968 | 28,358 | 1,390 |
სლოვენია | 31,285 | 32,663 | 1,378 |
პოლონეთი | 27,015 | 28,390 | 1,375 |
აშშ | 54,441 | 55,650 | 1,209 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი