საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2020 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევა მოიცავს როგორც ერთიან მონაცემებს, ისე ეკონომიკური საქმიანობების მიხედვითა და სქესობრივი განსხვავებულობით არსებულ ვითარებასაც.
2020 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 952.2 ლარი, კაცებისა კი 1407.7 ლარი იყო. თუმცა საინტერესოა, რომ წლიური ზრდა ქალების ხელფასებში უფრო დიდია და ის 9.6%-ს შეადგენს. რაც შეეხებათ კაცებს, მათი ხელფასები წლიდან წლამდე 3.4%-ით გაიზარდა. ამისდა მიუხედავად, კაცების საშუალო თვიური ხელფასი ქალების საშუალო თვიურ ხელფასს საქმიანობის სახეების თითქმის ყველა სექტორში აჭარბებდა.
საინტერესოა სხვაობა სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებში დასაქმებულთა ხელფასებშიც. როგორც ჩანს, 2020 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასზე 260.5 ლარით ნაკლები იყო. თუმცა 2019 წელთან შედარებით ზრდა თითქმის ერთნაირია და 1 024.4 და 1284.9 ლარს შეადგენს.
საინტერესოა აღნიშნული მონაცემების რეგიონალურ პრიზმაში გაანალიზებაც. კვლევაში ვკითხულობთ, რომ საშუალო თვიური ხელფასის მიხედვით, რეგიონებში თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები ლიდერობენ. მეტიც, თბილისში საშუალო თვიური ხელფასის ოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს მთელი ქვეყნის მასშტაბით საშუალო ხელფასს (1 191.0) და 1 394.4 ლარს შეადგენს. ამ მხრივ ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშია (605.7 ლარი).