2020 წელს „საპარტნიორო ფონდმა“ 196 მილიონი ლარით იზარალა

2020 წელს „საპარტნიორო ფონდმა“ 196 მილიონი ლარით იზარალა

გამოქვეყნდა „საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიებმა გასულ წელს 1.5 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, თუმცა ეს შემოსავალი არ იყო საკმარისი ყველა ხარჯის დასაფინანსებლად, რის გამოც, ფონდმა 2020 წელს 196 მილიონი ლარით იზარალა. ეს ფინანსური შედეგების გაუარესებაა, რადგანაც 2019 წელს ფონდი 87-მილიონიან წმინდა მოგებაზე იყო.

საპარტნიორო ფონდი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგია, რომლის შემადგენლობაშიც „საქართველოს რკინიგზა“, „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, გარდაბნის თბოსადგურები და სხვა მსხვილი აქტივები შედის.

2020 წელს შეიცვალა ფონდის სტრუქტურა და მას გამოეყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ესკო“ და „ენერგოტრანსი“. ენერგოკომპანიების გარდა, 2020 წელს, ფონდმა სახელმწიფოს გადასცა კლინიკების ჰოლდინგიც, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ბავშვთა ინფექციურსა და ყოფილ ონკოლოგიის ცენტრს აერთიანებდა. ფონდმა ასევე გაასხვისა „თელასის“ 24.5%-იანი წილიც. ამ კომპანიების გასვლის გამო, ფონდის ჯამური აქტივები 2019 წელს არსებული 6 მილიარდი ლარიდან 4.6 მილიარდამდე შემცირდა.

აქტივების კლებასთან ერთად, შემცირდა ფონდის ვალდებულებებიც (სესხები და სხვა), თუკი 2019 წელს ფონდის ვალდებულებები 4.1 მილიარდი ლარი იყო, 2020 წლის ბოლოსთვის ვალებმა 3.2 მილიარდი შეადგინა.

რაც შეეხება ფონდის ინდივიდუალურ შედეგებს (შვილობილი კომპანიების გარეშე), მისი აქტივები 1.6 მილიარდი ლარი, ვალდებულებები კი 196 მილიონი ლარია. ინდივიდუალურ დონეზე ფონდის შემოსავლის მთავარი წყარო ისევ შვილობილი კომპანიების გადახდილი დივიდენდებია, რამაც 2020 წელს 42.4 მილიონი ლარი შეადგინა. დივიდენდების 100% „ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან“ მომდინარეობდა, რომელიც „საქართველოს რკინიგზისგან“ განსხვავებით წლიდან წლამდე ზარალის ნაცვლად მოგებაზეა და ამის გამო, მის მფლობელ „საპარტნიორო ფონდში“ სოლიდურ დივიდენდებს რიცხავს. ფონდი გარკვეულ შემოსავალს იღებს მის მიერ ინვესტირებული საწარმოებიდანაც. 2019 წელს ეს შემოსავალი 47.4 მლნ ლარი იყო და ის 2020 წელს 6.4 მილიონამდე შემცირდა. ამ შემოსავლიდან 2 მილიონი დოლარი კომპანია „პანექსის“ მიერ მისი კაპიტალის 48%-ის ფონდისგან გამოსყიდვისთვის გადახდილი თანხა იყო. ხოლო „თელასის“ 24.5%-იანი წილის რეალიზაციით უშუალოდ 2020 წელს „აღიარებულმა“ შემოსავალმა 837 ათასი ლარი შეადგინა. კომპანიის გაყიდვიდან ფონდმა მთლიანობაში 32.4 მილიონი ლარი უნდა მიიღოს.

ინდივიდუალურ დონეზე, „საპარტნიორო ფონდის“ წმინდა მოგება 3.7 მილიონი ლარი იყო, ნაცვლად 44 მილიონისა, რაც ფონდს 2019 წელს ჰქონდა.

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების პროცესი დასრულებული არაა, მასში გასატარებელი ცვლილებები სავარაუდოდ საქართველოს მთავრობისა და IMF-ის ახალი პროგრამის ფარგლებში გაიწერება, თუმცა ამჟამად ფონდის რეფორმის კონკრეტული მოდელი არაა დამტკიცებული. ასევე, არაა განსაზღვრული ყველაზე მთავარი საკითხი, თუ რა სისტემით მოხდება ფონდის დაფინანსება.

„საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსების მოდელი საბოლო სახით ჩამოყალიბებული არ არის. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს საბიუჯეტო დაფინანსება არ იქნება“ – დეკემბრის დასაწყისში განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა BMG-ის.

თავად „საპარტნიორო ფონდი“ ინდივიდუალურ დონეზე ფინანსების ნაკლებობას განიცდის. როგორც ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტიდან ირკვევა, ფონდმა 2021 წლის სექტემბერში უსახსრობის გამო, Credit Suisse-ის ვალის მომსახურებისთვის „ერთ-ერთი ლუქსემბურგული ბანკიდან“ 32 მილიონი ევროს კრედიტი აიღო.

Credit Suisse-ისგან ფონდმა 150 მილიონი დოლარი ჯერ კიდევ 2015 წელს ისესხა და ის 2020 წლის სექტემბერში უნდა დაეფარა, თუმცა ამ კრედიტის მომსახურების პერიოდი გახანგრძლივდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.