მარკეტინგის თანამედროვე ინდუსტრია გამოწვევებითაა სავსე: მონაცემები სხვადასხვა სარეკლამო კაბინეტშია მიმოფანტული, კონკურენტების აქტივობების კონტროლი რთულდება, ხარისხიანი კონტენტის წარმოება ყოველკვირეულ რეჟიმშია საჭირო, ხოლო ტოპ მენეჯმენტი ყოველ დახარჯულ ლარზე მკაფიო ROI-ს ითხოვს. სწორედ ამ ფრაგმენტაციის საპასუხოდ შეიქმნა Campyon – მარკეტინგული ინტელექტის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ბაზრის ანალიზს, კამპანიების დაგეგმვას, კონტენტის შექმნასა და რეპორტინგს ერთ სამუშაო სივრცეში უყრის თავს.
თავდაპირველად Campaign.ge-ს სახელით არსებული იდეა UG StartUp Factory-ის პრე-აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. სწორედ ამ 2-თვიანი პროცესისა და მენტორების ჩართულობის შედეგად შეძლო გუნდმა საწყისი ვარაუდების რეალურ მომხმარებლებთან გადამოწმება, პოზიციონირების დახვეწა და პროექტის კომერციულად გამართულ ბიზნესმოდელად გარდაქმნა, რამაც სტარტაპს პრე-აქსელერატორში გამარჯვება მოუტანა.
პროექტის შექმნის იდეა დამფუძნებლების ყოველდღიური სამუშაო გამოცდილებიდან გაჩნდა. ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში გატარებულმა ექვსზე მეტმა წელმა გუნდს მკაფიოდ დაანახა მარკეტერის გადატვირთული რეალობა.
როგორც Campyon-ის CEO, ლევან ჭანუყვაძე აღნიშნავს, პროდუქტის შექმნის მთავარი იმპულსი სწორედ პროცესების გამარტივების საჭიროება გახდა:
„თუ აქამდე ერთი კამპანიისთვის საჭირო იყო ცალ-ცალკე შესვლა სარეკლამო კაბინეტებში, სოციალურ ქსელებში, ანალიტიკის ინსტრუმენტებსა და დიზაინის პროგრამებში, ახლა ეს ყველაფერი Campyon-ით არის შესაძლებელი. სხვა მარკეტერებთან და სააგენტოებთან საუბრისას მივხვდით, რომ ბაზარს კიდევ ერთი ცალკეული ინსტრუმენტი კი არა, ყველაფრის გამაერთიანებელი სივრცე სჭირდებოდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გარშემოა აგებული.“
დღეს პლატფორმა რამდენიმე საკვანძო ფუნქციას აერთიანებს: კონკურენტების ანალიზს, ტრენდების აღმოჩენას, Social Listening-ს, AI-ით კონტენტის შექმნასა და ანალიტიკურ რეპორტინგს. მომხმარებელი აკავშირებს თავის Meta-ს, Google-ისა და სხვა ანგარიშებს, Campyon კი ამ მონაცემებს კონკურენტებთან მიმართებით აანალიზებს.
პრაქტიკაში ეს პროცესი საკმაოდ მარტივად მუშაობს: ბრენდი ტვირთავს თავის გაიდლაინებს, Campyon აკვირდება ბაზარს, ამზადებს კამპანიის გეგმას, AI ასისტენტი ქმნის კონტენტის კონცეფციებს, კამპანია ეშვება და მიმდინარეობს შედეგების მუდმივი მონიტორინგი.
განსხვავებით სოციალური მედიის მართვის ბაზარზე არსებული პლატფორმებისგან, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტებს ფარავენ, Campyon-ის მთავარი ღირებულება ინტელექტის, შემოქმედებისა და ანალიტიკის ერთ მონაცემთა მოდელში გაერთიანებაა. გარდა ამისა, სტარტაპის ჰიბრიდული საფასო მოდელი (გამოწერა და ტოკენები) პროდუქტს ხელმისაწვდომს ხდის მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც, რომელთათვისაც გლობალური პლატფორმები ხშირად ბიუჯეტს სცდება.
სწორედ ამ მიდგომის დამსახურებით, Campyon-ს დღეს უკვე ჰყავს გადამხდელი მომხმარებლები, სამი ქვეყნის სააგენტოები აქტიურად ტესტავენ პროდუქტს, ხოლო მომლოდინეთა სიაში 30-ზე მეტი კომპანიაა. 2026 წლის დეკემბერში გუნდი Campyon 1.0-ის საჯარო გაშვებას გეგმავს, ხოლო 2027 წლის მეორე კვარტალში მობილური აპლიკაციის (Campyon 2.0) ჩაშვებასა და დსთ-ის ქვეყნების ბაზარზე გასვლას აპირებს.
ამ მასშტაბურ მიზნებამდე მიღწევის გზაზე კი გარდამტეხი ეტაპი სწორედ StartUp Factory-ის პრე-აქსელერატორი აღმოჩნდა. საწყის ეტაპზე Campyon მხოლოდ იდეასა და ადრეულ პროტოტიპს წარმოადგენდა. ტექნიკური რესურსის მიუხედავად, გუნდს აკლდა მკაფიო პასუხები ბიზნესის მხარეს: ვინ იყო პირველი მომხმარებელი და როგორ უნდა აგებულიყო კომერციულად მომგებიანი მოდელი.
როგორც ლევან ჭანუყვაძე იხსენებს:
„ყველაზე ღირებული აღმოჩნდა ყველაზე მარტივი მოთხოვნა: ყველა ვარაუდი რეალური მომხმარებლებთან შეგვემოწმებინა და დაგვემტკიცებინა. თუ ადრე ბევრ ფუნქციას მხოლოდ იმიტომ ვამატებდით, რომ ჩვენ გვსურდა ასე, პროექტის შემდეგ, რესურსის სწორად გადანაწილება ვისწავლეთ.”
მენტორებისგან მიღებულმა მთავარმა კითხვამ – „ვინ გადაიხდის ამაში და რამდენს?“ – გუნდს პრიორიტეტები შეუცვალა და აიძულა, ყურადღება იმ ფუნქციებზე გაემახვილებინა, რაშიც მომხმარებელი რეალურად იხდის ფულს.
სწორედ ამ გამოცდილებით მივიდა გუნდი იმ მთავარ დასკვნამდე, რომ სრულყოფილ იდეას არ უნდა ელოდო, ის ადამიანებთან საუბარში ყალიბდება, ხოლო პრე-აქსელერატორი ბუნდოვან ჩანაფიქრს სწორ სტრუქტურას აძლევს და თვეების შეცდომებს ზოგავს.
როგორც ლევან ჭანუყვაძე აღნიშნავს, მთავარი გაკვეთილი, რაც საწყის ეტაპზე ისწავლეს, უშუალოდ პროდუქტის წარდგენას უკავშირდება:
„საწყის ეტაპზე საკუთარ თავს ვეტყოდით: ნაკლებს დაჰპირდეს და მეტი აჩვენოს. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ნდობა იმით შენდება, რასაც მომხმარებელი დღეს საკუთარ მონაცემებში ხედავს, და არა იმით, რასაც ხვალ დავპირდებით. ერთი კარგად გაკეთებული ფუნქცია, რომელიც მარკეტერს ყოველდღიურად ერთ საათს უზოგავს, ათ ლამაზ დაპირებაზე მეტი ღირს. <3”
S















