ანტიბირთვული აქტივისტების მოსაზრებით, ჩრდილოეთ კორეამ გასულ წელს ბირთვულ პროგრამაზე $642 მილიონი დახარჯა. როგორც ჩანს, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩრდილოეთი კორეა ახალი იარაღის გამოსაცდელად მუდმივ მზადყოფნაშია.
ბირთვული პროგრამის ბიუჯეტი ჟენევაში დაფუძნებულმა საერთაშორისო კამპანიამ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ხარჯებზე დაყრდნობით გამოითვალა. ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს მის შეიარაღებულ ძალებზე, ხოლო ამ თანხის 6%-ს ბირთვულ იარაღზე ხარჯავს. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით, ICAN-ის ანგარიშში წარმოდგენილი ცხრა ბირთვული სახელმწიფოდან, ჩრდილოეთი კორეა ყველაზე დაბალ პოზიციას იკავებს და ბირთვულ იარაღზე ხარჯავს თითქმის იმის ნახევარს, ვიდრე რეიტინგში ერთი საფეხურით მის მაღლა მდგომი ქვეყანა, პაკისტანი.
მიუხედავად ამისა, დადასტურებული მონაცემები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ხარჯებისა და არსენალის ზომის შესახებ არ არსებობს. ცნობისთვის, 2006 წლიდან ქვეყნის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოცდის სულ მცირე ექვსი შემთხვევა ფიქსირდება და, როგორც ჩანს, ხელისუფლება 2017 წლის შემდგომ პირველადი ტესტირების განახლებისთვისაც ემზადება.
ამერიკის შეერთებული შტატები ფხენიანს, სურსათის დეფიციტისა და სხვა სახის ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მილიონობით დოლარის სამხედრო შეიარაღებაზე დახარჯვისთვის აკრიტიკებს. გაურკვეველია, შეამცირა თუ არა პანდემიის დროს ფხენიანმა რაიმე სახის დაფინანსება ბირთვული პროგრამისთვის. თუმცა ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ ქვეყანას თავდაცვის მიზნით ბირთვული იარაღის შექმნის სუვერენული უფლება აქვს, რაც საერთაშორისო საფრთხეებისგან ქვეყნის დასაცავად აუცილებელია.