2022 წლის „ახალბედა“ მილიარდერები | Forbes-ის განახლებული რეიტინგი

2022 წლის „ახალბედა“ მილიარდერები | Forbes-ის განახლებული რეიტინგი

2022 წელი მილიარდერებისთვის საკმაოდ რთული გამოდგა. Forbes-ის მსოფლიოს მილიარდერების ყოველწლიურ სიაში წელს 87-ით ნაკლები მდიდარი ადამიანი გვხვდება. გარდა ამისა, მათი ჯამური ქონება წინა წელთან შედარებით 400 მილიარდი აშშ დოლარითაც შემცირდა. თუმცა, მიუხედავად ომის, პანდემიისა და მერყევი ბაზრებისა – გასული წლის განმავლობაში მილიარდერთა სიას 236 ახალი ადამიანი შეემატა.

მიუხედავად ტექ ინდუსტრიაზე მთავრობის ზეწოლისა, ჩინეთს 62 ახალი მილიარდერი ჰყავს. ალბათ, სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ჩინეთი ამ მხრივ ლიდერ სახელმწიფოა. ახალბედა ჩინელ მილიარდერებს შორის Shein-ის დამფუძნებელი, 52 წლის ქრის სუ და SenseTime-ის დამაარსებელი ტან სიაო შედიან. მათი ქონება ამჟამად 5.4 მილიარდ და 5.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

ყველაზე მდიდარი ახალბედა მილიარდერი ტაივანელი ჟანგ კონგიუანია. ფეხსაცმლის მწარმოებელი Huali Industrial-ის 74 წლის დამფუძნებლის ქონება 11.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. Huali Industrial-ი ფეხსაცმლებს ისეთი ბრენდებისათვის ამზადებს, როგორებიც Nike, Puma და Vans-ი არიან.

ახალი მილიარდერების რაოდენობით მეორე ადგილზე შეერთებული შტატები იმყოფება. 2022 წელს შტატებში 50 მილიარდერით მეტი ცხოვრობს. მათ შორის, კრიპტოვალუტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სავაჭრო პლატფორმის, FTX-ის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური ხელმძღვანელი გარი ვანგიც შედის. მისი ქონება ამჟამად 5.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოს წარმოადგენს ინდოეთიც, რომელიც მესამე ადგილზე იმყოფება ახალბედა მილიარდერების რაოდენობით. 29 ახალ მილიარდერს შორის ყველაზე გამორჩეულები ჰეჯ ფონდის მენეჯერი კართიკ სარმა ($3.1 მლრდ), 95 წლის სუბა რაო ჯასტი ($1.1 მლრდ) და ინდოეთის უმდიდრესი ქალი, ფალგუნი ნაიარი ($4.5 მლრდ) არიან.

სიაში იპოვით ბილ გეითსის ყოფილ მეუღლეს, მელინდა გეითსსაც. განქორწინებისას მიღებული ქონებით, ეს უკანასკნელი უკვე მილიარდერია და მისი ქონება 6.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თვითშემდგარ ქალ ახალბედა მილიარდერებს შორის 2022 წლის რეიტინგში ყველაზე მდიდარი გრაფიკული დიზაინის აპლიკაციის, Canva-ს აღმასრულებელი დირექტორი, მელანი პერკინსია.

გარდა პერკინსისა, თვითშემდგარ ქალ მილიარდერებს შორის აღსანიშნავია ბარბადოსელი მომღერალი რიანა. მისი კოსმეტიკის ბრენდის, Fenty Beauty-ს წყალობით ის პირველი ბარბადოსელი მილიარდერი გახდა და მისი ქონება 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ცნობილ ადამიანებს შორის ახალბედა მილიარდერების სიას კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება, რეჟისორი პიტერ ჯექსონი შეუერთდა. გასული წლის ნოემბერში Weta-ში გაყიდული საკუთარი წილის შემდეგ „ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორის ქონებამ 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2022 წლის ახალბედა მილიარდერების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ Forbes-ის ვებ-გვერდზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *