2022 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

2022 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

Forbes-მა 2022 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერი, ბოლო 12 თვის განმავლობაში $130-მილიონიანი შემოსავლით (გადასახადებამდე), PSG-ის ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების სიის პირველი ადგილი 2019 წლის შემდგომ მეორედ მოიპოვა. საერთო ჯამში, მსოფლიოს ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის შემოსავალმა 2022 წელს $992 მილიონი შეადგინა, რაც ს ისტორიაში სპორტსმენთა ჯამური შემოსავლის მესამე ყველაზე მაღალი  მაჩვენებელია.

მესის მთავარი მოწინააღმდეგე, Manchester United-ის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ Forbes-ის 2022 წლის რეიტინგში $115 მილიონით მესამე ადგილს დასჯერდა და მეორე პოზიცია Los Angeles Lakers-ის კალათბურთელს, $121.2-მილიონიანი შემოსავლის მქონე ლებრონ ჯეიმსს დაუთმო. აღსანიშნავია, რომ ლებრონმა, გასულ წელს, NBA-ის მოთამაშეების შემოსავლებში მის მიერვე დამყარებული $96.5-მილიონიანი რეკორდი მოხსნა და ასევე მეათე სპორტსმენი გახდა, რომლის მოგებამაც ერთ წელიწადში $100 მილიონს გადააჭარბა. $100-მილიონიან ნიშნულს მესიმ და რონალდუმ წელს უკვე მეხუთედ გადააჭარბეს.

საერთო ჯამში, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი  სპორტსმენის ჯამურმა შემოსავალმა $992 მილიონი შეადგინა და 6%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით. მოედნის მიღმა სპორტსმენების მიერ გამომუშავებული თანხა $500 მილიონით შეფასდა.

Forbes-ის 2022 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი: PSG-ის ფეხბურთელი – $130 მილიონი

ხელფასი: $75 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი.

PSG-ის ფეხბურთელი 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ მამაკაცად დასახელდა, რისთვისაც ოქროს ბურთი მოიპოვა. გარდა ამისა, მესიმ Socios-თან $20-მილიონიან თანამშრომლობას, სარეკლამო პორტფოლიოც შემატა, რომელიც Adidas-სთან, Budweiser-სა და PepsiCo-სთან პარტნიორობას მოიცავს და Hard Rock International-ის პირველი სპორტსმენი ელჩიც გახდა.

2. ლებრონ ჯეიმსი: Los Angeles Lakers-ის კალათბურთელი – $121.2 მილიონი

ხელფასი: $41.2 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $80 მილიონი.

2021 წლის ოქტომბერში ლებრონმა SpringHill-ის წილი გაყიდა, რის შედეგადაც კალათბურთელის წმინდა ღირებულება, Forbes-ის შეფასებით, $850 მილიონამდე გაიზარდა.  გარდა ამისა, ამა წლის იანვარში Crypto.com-თან კონტრაქტი გააფორმა და Super Bowl-ის რეკლამაშიც გამოჩნდა. ლებრონმა ცოტა ხნის წინ ინვესტიციები სპორტული დარბაზის კომპანია Tonal-სა და სპორტული ტექნოლოგიების სტარტაპ StatusPRO-ში განახორციელა.

3. კრიშტიანუ რონალდუ: Manchester United-ის ფეხბურთელი – $115 მილიონი

ხელფასი: $60 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი.

რონალდუს შემოსავლის დიდი ნაწილი ფეხბურთელის სოციალურ ქსელში პოპულარობას უკავშირდება: Instagram-ზე, Facebook-სა და Twitter-ზე რონალდუს 690 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც ისეთი სპონსორებისგან, როგორიც Nike-ი, Herbalife-ი და Clear-ი არიან, უფრო მეტი თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს. კრიშტიანუ Tatel-ის რესტორნების ინვესტორიცაა. გავრცელებული ხმების თანახმად, შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულში რონალდუს კიდევ ერთი ტრანსფერიც ვიხილოთ.

4. ნეიმარი: PSG-ის ფეხბურთელი – $95 მილიონი

ხელფასი: $70 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $25 მილიონი.

მოედნის მიღმა ნეიმარის მიერ გამომუშავებული თანხა Puma-სთან და Red Bull-თან თანამშრომლობას, ასევე Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალს Neymar: The Perfect Chaos-ს უკავშირდება. გარდა ამისა, ნეიმარი სულ უფრო მეტად ეფლობა NFT-ის სამყაროში და ნოემბერში NFTSTAR-პლატფორმასთან კონტრაქტს აწერს ხელს.

5. სტეფენ კარი: Golden State Warriors-ის კალათბურთელი – $92.8 მილიონი

ხელფასი: $45.8 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $47 მილიონი.

სტეფენ კარიმ მიმდინარე სეზონში კალათბურთელებს შორის მოედანზე ყველაზე მეტი გამოიმუშავა. სავარაუდოდ, მომავალ სეზონში კალათბურთელი მოედანზე დაახლოებით $48 მილიონის გამომუშავებას შეძლებს, 2025-26 წლებისთვის კი თანხა $60 მილიონამდე გაიზრდება.

Forbes-ის შემდგომი ხუთეულის რეიტინგი შემდეგია:

6. კევინ დურანტი: Brooklyn Nets-ის კალათბურთელი – $92.1 მილიონი

ხელფასი: $42.1 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $50 მილიონი.

7. როჯერ ფედერერი: ჩოგბურთელი – $90.7 მილიონი

ხელფასი: $0.7 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $90 მილიონი.

8. კანელო ალვარესი: მოკრივე – $90 მილიონი

ხელფასი: $85 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $5 მილიონი.

9. ტომ ბრედი: Tampa Bay Buccaneers-ის ფეხბურთელი – $83.9 მილიონი

ხელფასი: $31.9 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $52 მილიონი.

10. იანის ანტეტოკუნმპო: Milwaukee Bucks-ის კალათბურთელი – $80.9 მილიონი  

ხელფასი: $39.9 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $41 მილიონი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *