მიმდინარე წელი მსოფლიოს წამყვანი სააუქციონო სახლებისთვის, Christie’s-ის, Sotheby’s-ისა და Phillips-ისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, განსაკუთრებით გამოსარჩევი კი ხელოვნების ნიმუშების გაყიდვებია.
Christie’s-ის განცხადებით, სააუქციონო სახლის გლობალურმა გაყიდვებმა 8.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც, მისივე ცნობით, საუკეთესო წლიური მაჩვენებელია ხელოვნების ბაზრის ისტორიაში. Sotheby’s-ის შემთხვევაში გლობალურმა გაყიდვებმა თითქმის $8 მილიარდი შეადგინა, რაც სააუქციონო სახლისთვის საუკეთესო მაჩვენებელია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს თანხა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშების გაყიდვებს არ მოიცავს. 2022 წელი საუკეთესოდ გამოაცხადა ბევრად უფრო მცირე ზომის სააუქციონო სახლმა, Phillips-მა, რომლის გლობალურმა გაყიდვებმა 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ Sotheby’s-ის $8-მილიარდიანი გაყიდვებიდან $6.8 მილიარდი სახვითი ხელოვნების ნიმუშებსა და ფუფუნების საგნებზე მოდის. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $7.3 მილიარდი შეადგინა, რაც წელს გაყიდვების 7%-ით კლებაზე მიანიშნებს. დარჩენილი 1.2 მილიარდი აშშ დოლარი მანქანების აუქციონიდან, RM Sotheby’s-იდან და უძრავი ქონების აუქციონიდან, Sotheby’s Concierge Auctions-იდან შეგროვდა.
რაც შეეხება Phillips-ს, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების აუქციონებით არის სახელგანთქმული, მიმდინარე წელს მან ასეთი ნამუშევრების რაოდენობა კატალოგში დაახლოებით 50%-ით გაზარდა. აქვე უნდა ითქვას, რომ წელს Phillips-ის აუქციონზე 148 მხატვრის დებიუტი შედგა. სააუქციონო სახლის მიერ გაყიდულ ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშებს შორის ჟან-მიშელ ბასკიასა და საი ტვომბლის უსათაურო ნამუშევრებს ვხვდებით. პირველი მათგანი 85 მილიონ აშშ დოლარად, მეორე კი 41.6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
გადავიდეთ Christie’s-ის სააუქციონო სახლზე, რომელმაც $6.2 მილიარდი მხოლოდ XX-XXI საუკუნის ხელოვნების ნიმუშების გაყიდვით შეაგროვა. რაც შეეხება კლასიკოსების კატეგორიას, რომელშიც მას უფრო ძველი პერიოდის ხელოვანების ნამუშევრები შეაქვს, სამახსოვრო და ანტიკვარულ ნივთებთან ერთად, გაყიდვებმა 789 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. Christie’s-ის ფუფუნების საგნების კატეგორიიდან კი $1 მილიარდი შეგროვდა. აზიური და მსოფლიო ხელოვნების კატეგორიიდან სააუქციონო სახლმა $400 მილიონის ნამუშევრები გაყიდა.
Christie’s-ზე გაყიდულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია Microsoft-ის გარდაცვლილი თანადამფუძნებლის, პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია. მისი გაყიდვით საერთო ჯამში დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეგროვდა.
ალბათ გასაკვირი არ არის, რომ 2022 წელს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუშების ათეულიდან შვიდი სწორედ Christie’s-მა გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით ($7.1 მილიარდი), Christie’s-ის გაყიდვებიდან მიღებული თანხა 18.3%-ით გაიზარდა. 6.7%-ით გაიზარდა გაყიდული ლოტების რაოდენობაც 43,386-დან 46,322-მდე.
წარმოგიდგენთ 2022 წელს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუშების ათეულს:
- რენე მაგრიტი, „L’empire des Lumières“ (1961 წელი) – $79.8 მილიონი
აუქციონი: Sotheby’s
- ჟან-მიშელ ბასკია, „Untitled“ (1982 წელი) – $85 მილიონი
აუქციონი: Phillips
- ენდი უორჰოლი, „White Disaster [White Car Crash 19 Times]“ (1963 წელი) – $85.4 მილიონი
აუქციონი: Sotheby’s
- ლუსიან ფროიდი, „Large Interior, W11 (after Watteau)“ (1981-83 წლები) – $86 მილიონი
აუქციონი: Christie’s
- გუსტავ კლიმტი, „Birch Forest“ (1903 წელი) – $105 მილიონი
აუქციონი: Christie’s
- პოლ გოგენი, „Maternité (II)“ (1899 წელი) – $106 მილიონი
აუქციონი: Christie’s
- ვინსენტ ვან გოგი, „Verger avec Cyprès“ (1888 წელი) – $117 მილიონი
აუქციონი: Christie’s
- პოლ სეზანი, „La Montagne Sainte-Victoire“ (1888-90 წლები) – $138 მილიონი
აუქციონი: Christie’s
- ჟორჟ სერა, „Les Poseuses, Ensemble (Petite version)“ (1888 წელი) – $149 მილიონი
აუქციონი: Christie’s
- ენდი უორჰოლი, „Shot Sage Blue Marilyn“ (1964 წელი) – $195 მილიონი
აუქციონი: Christie’s