გასული წელი ავიაკომპანიებისათთვის კიდევ ერთი წარმოუდგენლად რთული წელი აღმოჩნდა. პანდემიის გამო საჰაერო მგზავრების რაოდენობა 2021 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ საჰაერო ინდუსტრია კვლავაც ვერ უბრუნდება მანამდე არსებულ მონაცემებს.
საჰაერო უსაფრთხოების ნორმები კიდევ უფრო გაძლიერდა, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია AirlineRatings.com-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ყოველწლიურ სიაში.
სიის სათავეში წელს Air New Zealand-ი მოექცა. AirlineRatings.com-ი მთელი მსოფლიოდან 385 გადამზიდველს უწევს მონიტორინგს და ზომავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ავიაკომპანიების ავარიისა და სერიოზული ინციდენტების ჩანაწერები, მათი თვითმფრინავების ასაკი, ასევე Covid-19-ის პროტოკოლი და ოპერაციული ინოვაცია.
ავსტრალიაში დაფუძნებული ვებსაიტის მთავარი რედაქტორის, ჯეფრი თომას თქმით, ახალი ზელანდიის გადამზიდი ავიაკომპანია პირველი ადგილით „შესანიშნავი ინციდენტების ჩანაწერის, კაბინაში ინოვაციების რაოდენობის, პილოტების მომზადებისა და ფლოტის ძალიან დაბალი ასაკის გამო“ დაჯილდოვდა.
მეორე ადგილი Etihad Airways-მა დაიკავა, ხოლო Qatar Airways-ი მესამე პოზიციას დასჯერდა. Singapore Airlines-მა და TAP Portugal-მა, შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილი დაიკავეს.
საგულისხმოა, რომ ხუთეულშიც კი ვერ მოიძებნა Qantas-ი, რომელსაც ეკავა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიის ტიტული 2014 წლიდან 2017 წლამდე, ისევე როგორც 2019 წლიდან 2021 წლამდე.
ავსტრალიის გადამზიდავი ამჯერად მეშვიდე ადგილს იკავებს „ინციდენტების მცირედი ზრდისა და ფლოტის ასაკის გამო“.
2021 წლის ოქტომბერში, Qantas Boeing-ი, რომელიც მიემგზავრებოდა ავსტრალიის ქალაქ პერტიდან ადელაიდაში, დასავლეთ ავსტრალიაში, გადამისამართდა საწვავის დისბალანსის გამო, რაც კლასიფიცირებულია, როგორც „სერიოზული ინციდენტი“.
„ბოლო ორი წელი უკიდურესად რთული იყო ავიაკომპანიებისთვის საერთაშორისო მოგზაურობის შემცირების გამო. ავიახაზების რეიტინგების რედაქტორებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ავიაკომპანიების ძალისხმევაზე, დაეძლიათ კრიზისი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი კომპანიებმა კადრების გადამზადებისათვის გამოიყენეს“, – აღნიშნა თომასმა.
„Air New Zealand-მა დანერგა უსაფრთხოების ფართო სპექტრი, უმცირესი დეტალების გათვალისწინებით ზრუნავდა თავის ეკიპაჟებზე, რომლებიც დიდი სტრესის ქვეშ მუშაობდნენ“, – აღნიშნა თომასმა CNN Travel-თან საუბრისას.
ვებსაიტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა 20 საუკეთესო ავიაკომპანიიდან თითოეულის რეიტინგი, შედეგად წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოვლინდა.
მაგალითად, Emirates 2021 წლის სიაში მეხუთე ადგილზე იყო, მაგრამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია წელს მე-20 ადგილზეა, ხოლო Southwest Airlines-ი 2021 წელს მე-13 ადგილზე იყო, მაგრამ არ შედის 2022 წლის ახალ ტოპ-20-ში.
AirlineRatings.com-ის ყველაზე უსაფრთხო ავიახაზები 2022 წლისთვის:
- Air New Zealand
- Etihad Airways
- Qatar Airways
- Singapore Airlines
- TAP Air Portugal
- SAS
- Qantas
- Alaska Airlines
- EVA Air
- Virgin Australia/Virgin Atlantic
- Cathay Pacific Airways
- Hawaiian Airline
- American Airlines
- Lufthansa
- Finnair
- KLM
- British Airways
- Delta Air Lines
- United Airlines
- Emirates
AirlineRatings.com-მა ასევე მოამზადა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიახაზების სია. ტოპ-10 ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა: Allegiant Air, easyJet, Frontier Airlines, Jetstar Group, Jetblue, Ryanair, Vietjet Air, Volaris, Westjet და Wizz Air.